in

ჰოლივუდის საყვარელი მანქანები – რომელ მოდელებს ვნახულობთ ფილმებში?

ავტომოყვარულებმა თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჰოლივუდი მარტო გენიალური კინოპროდიუსერებისა და მსახიობების სახლი კი არა, დიდებული მანქანების სახლიცაა. არ აქვს მნიშვნელობა, ფილმი სპორტულია, სათავგადასავლო, კომედიური თუ რომანტიკული, სხვადასხვა მარკის ავტომობილების გარეშე კინოსამყარო წარმოუდგენელია. მანქანები გამოიყენება ტრიუკებისთვის, სტილის გამოსასახად, წარსული დროის საჩვენებლად ან უბრალოდ ყოველდღიური გადაადგილებისთვის.

ხშირ შემთხვევაში ცნობილი გმირი სწორედ იმ ავტომობილთან ერთად ხდება პოპულარული, რომელსაც ფილმში მართავს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ აგენტი 007. ფილმის შემქნელების აზრით, ჯეიმს ბონდის ხასიათს ყველაზე მეტად შეეფერებოდა Aston Martin, რომელიც პირველად ჩნდება ბონდიანას სერიების The Goldfinger-ში. ეს იყო საკულტო Aston Martin DB5. 1964 წლიდან, ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ დღემდე, თუკი რაიმე შექმნილა ჯეიმს ბონდის შესახებ, Aston Martin-ის საკულტო მოდელებს ყველგან ვაწყდებით. 

Ford Mustang

ეს არის მანქანა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ჰოლივუდში ყველაზე მეტად უყვართ. ელეგანტური, ცოტა მკაცრი და სპორტული შესახედაობის გამო ის ხშირად ხდება ფილმის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი. სისწრაფისა და დახვეწილი დიზაინის გამო რეჟისორები მას პირველ ადგილზე აყენებენ ხოლმე, როცა კლასიკის წარმოჩენა უნდათ სიუჟეტში. Mustang-ის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოჩენა „ჯონ ვიკშია” სადაც 1969 წლის მოდელს თავად მთავარი გმირი მართავს. 

მუსტანგი ასევე გამოყენებულია ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „უკან მომავალში 2”, სადაც წითელი ფერის კაბრიოლეტი მუსტანგი ფუტურისტულ განწყობას ქმნის; „ძირითადი ინსტინქტი”, ასევე კაბრიოლეტის ფორმით; „პრინცესას დღიურები” – თინეიჯერების და არა მარტო, ერთ-ერთი საკულტო ფილმი, სადაც 1966 წლის კლასიკური მუსტანგი მთავარი გმირის განუყრელი მეგობარია; 2006 წელს გამოსულ „ფორსაჟში” 1967 Mustang Fastback-ს ვხვდებით; ასევე ერთ-ერთი წამყვანი ავტომობილია „ტრანსფორმერებში”. 

BMW

ალბათ ამ სიაში BMW-ს მარკას ელოდებოდით და, რაღა თქმა უნდა, იმედს არ და ვერც გაგიცრუებთ. ცნობილი ბრენდის ავტომობილები ჰოლივუდში ნამდვილად პოპულარულია. თუკი სადმე სიუჟეტი ელიტარულ, სწრაფ და ეფექტურ მანქანას მოიაზრებს, ხშირ შემთხვევებში ასეთად სწორედ BMW გვევლინება. 

ერთ-ერთი ასეთი ფილმია 1989 წელს გამოსული „სასიკვდილო იარაღი 2”, სადაც წითელი BMW M635CSi ჩნდება, 6-ცილინდრიანი ძრავითა და 286 ცხენის ძალით. 

ბრენდი 2004 წელს გამოსულ „ტაქსიშიც” მოწოდების სიმაღლეზეა. BMW M3 და E46 ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სცენის დროს ჩნდებიან, როდესაც მთავარი გმირები ბანკის მძარცველებს მისდევენ აეროპორტის გზაზე. ისინი სიჩქარეს 250კმ/საათამდე სწევენ.

507-ცხენისძალიანი, V10 ძრავის მქონე 5 BMW M5 მონაწილეობს 2013 წლის „ფორსაჟში”. ამას ეკრანზე ვნახულობთ, თუმცა შემდეგ სახალისო ფაქტი ირკვევა, რომ რეალურად გადაღებების დროს BMW-ის სედანები იყო გამოყენებული, რომლებიც ეფექტების მეშვეობით ზევით აღწერილ  M5-ს დაამსგავსეს.

ჰოლივუდის ერთ-ერთმა ეპიკურმა ფილმმაც ისევ BMW-ს მოდელებია არჩეული. სხვადასხვა დროს გამოსულ „შეუსრულებელ მისიაში” ბრენდის სხვადასხვა მანქანაა გამოყენებული და რეჟისორი აღფრთოვანებით აღნიშავს, რომ ნებისმიერი ტრიუკის გადაღებისას BMW ყოველთვის შეუდარებლად ართმევდა თავს საქმეს. 

Porsche

ჰოლივუდური ბრწყინვალების გარეშე, რა თქმა უნდა,  ეს ლეგენდარული ბრენდიც არ დარჩენილა. Porsche 928 გვხვდება საკულტო ფილმში „ნაიარევი სახე”. Porsche 356 spyder-ს ვნახულობთ 1986 წელს გამოსულ ცნობილ ფილმში Top Gun, ხოლო Porsche 911-ის უაღრესად დახვეწილი მოდელი გვევლინება ფილმში „გატაცება 60 წამში”. იგივე 911 მონაწილეობს „ცუდ ბიჭებშიც”. 

Subaru

მისი ერთ-ერთი მოდელის, Subaru WRX-ის გამოჩენა ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ფილმში Baby Driver. 2017 წელს გამოსულ ფილმში 2006 წლის ავტომობილი იღებს მონაწილეობას და უნდა აღვნიშნოთ, რომ არაჩვეულებრივად ართმევს თავს თავის საქმეს დევნის სცენაში. სწორედ ამ ფილმის მეშვეობით მანქანამ ხელახლა დაიბრუნა თაყვანისმცემლები. იგივე მოდელია გამოყენებული ფილმში „რბოლისთვის დაბადებული”, რომელიც 2011 წელს გამოვიდა.

სტატიის ბოლოსთვის, ბონუსად ვახსენებთ ყველასთვის ცნობილ Batmobile-საც. ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ავტომობილია კინოსამყაროში. ის ბეტმენის მთავარი თანამებრძოლი იყო ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ის გოტემის მოქალაქეების ბოროტებისგან გადარჩენას ცდილობდა. Batmobile შეიქმნა Lincoln Futura-ს კონცეპტუალური მანქანის მიხედვით. მის დიზაინს თვითმფრინავსაც კი ამსგავსებდნენ. 

ჰოლივუდს ძალიან უყვარს ავტოინდუსტრიის გამორჩეული მანქანების თავის ფილმებში გამოყენება. რა თქმა უნდა, ამ სიაში მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ბრენდი და ნიმუში წარმოგიდგინეთ, რადგან თითქმის არ არსებობს ფილმი, სადაც მინიმუმ 1 სახეობის ავტომობილი მაინც არ ჩნდება. გემოვნების მიხედვით, შეიძლება ყველას თავისი რჩეული ჰყავდეს ამ შემთხვევაში, თუმცა ფაქტი ერთია, რომ საკულტო ფილმების გადასაღებად და განსაკუთრებული სცენების შესაქმნელად, ჰოლივუდი უმეტესად სწორედ ძვირფას, გამორჩეულ და ვარსკვლავურ ბრენდებს ირჩევს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

AI-ის დახმარებით, ფრიდა კალოს სტილის სამოსის ციფრული კოლექცია შეიქმნა

ამ სახალისო კამპანიამ Droga5-ს Cannes Lions-ის გრან პრი მოუტანა