HOLMES&WATSON-ში გაგუას კლინიკის ახალი ბრენდინგი დაიბადა. კლინიკის რებრენდიგზე, ახალ კონცეფციაზე, მარკეტერი ესაუბრა გიო ქვლივიძეს, Holmes&Watson -ის უფროს სამხატვრო ხელმძღვანელსა და გაგუას კლინიკის საოპერაციო დირექტორს – ირაკლი გაგუას.
M: რატომ გადაწყვიტეთ კლინიკის რებრენდინგი და რა იყო პროექტის მარკეტინგული ამოცანა?
ირაკლი: ჩვენ ახალ ეტაპზე გადავდივართ, ახალი შენობა ავაშენეთ, თანამედროვე და ამასთან ერთად, გვინდოდა, რომ სიახლე შეგვეტანა ჩვენი კლინიკის ბრენდში.
გიო: ზოგადად, ბრენდი საჭიროებდა გაახალგაზრდავებას, ცოტა უფრო გაადამიანურებას და ამასთან ერთად. ჯამში, ამოცანა მდგომარეობდა ამ ყველასთვის ცნობილი კლინიკისთვის ისეთი ბრენდინგის შემუშავებას, რომელიც ასახავდა მის კომპეტენციასა და ღირებულებებს.
M: რას გულისხმობს ახალი კონცეფცია?
გიო: ახალი ლოგო წარმოადგენს სახელის G ინიციალისა და დედა-შვილის ილუსტრაციის ვიზუალურ სინთეზს. ლოგოსა და ვიზუალური სტილის ხასიათის კეთებისას, ვეცადეთ გადმოგვეცა ის დადებითი ემოციები, რომლებიც ახლავს ახალი სიცოცხლის დაბადებას.
ირაკლი: რაც შეეხება ძველ ლოგოს, ადრე ასე ჩამოყალიბებული არ გვქონდა, 20 წელი ვცვლიდით და საბოლოოდ, დღევანდელ ვერსიამდე მოვედით.
M: რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ფერებს?
გიო: ძირითადი ფერი – მწვანე, ერთი მხრივ, კარგად გადმოსცემს ახალი სიცოცხლის დასაწყისის კონცეფციას და ამასთან ერთად, პასუხობს ახალი შენობის ფასადისა და ინტერიერის ფერებს.
ირაკლი: მწვანე და ყვითელი ახალთან და სიცოცხლესთან არის კავშირში და თვითონ შენობაც რაღაც ამ სტილში არის, რომელიც განსხვავდება საქართველოში არსებული კლინიკებისგან, რომელიც არის, ასე ვთქვათ, დამთრგუნველი და ჩვენ ვეცადეთ, რომ ყოფილიყო ისეთი გარემო, სადაც მშვიდად იგრძნობდა პაციენტი თავს.
M: ვებგვერდი როდის განახლდება?
ირაკლი: ჩვენი ვებგვერდი ორ-სამ დღეში განახლდება, შიდარესურსების დახმარებით. 













