„ჰოლო“ სარეკლამო კომპანიაა, რომელიც ვიზუალურ PR მატერიალს ჰოლოგრამიან გამოსახულებად გარდაქმნის. ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა ბერეკაშვილის თქმით, სტარტაპის შექმნის იდეა ჰაკათონზე მეგობარ სანდრო ჯავახიშვილთან ერთად გაუჩნდა, როდესაც ლოკალური ბარის ინტერიერისათვის კრეატიული გაფორმების გზას ეძებდნენ:
„48 საათიანი ჰაკათონის შემდეგ გადავწყვიტეთ, გასაფორმებლად ჰოლოგრამა გამოგვეყენებინა, თუმცა, სრულიად არაკომერციული დატვირთვით – ხელოვნებისა და უბრალოდ, სილამაზისათვის. ამ იდეით ჰაკათონში გავიმარჯვეთ კიდეც. „ჰოლოს“, როგორც ბიზნესის ჩამოყალიბების მოტივაცია, ხალხისაგან წამოსულმა უკუკავშირმა გაგვიჩინა. შემდეგ დიდხანს ვეძებდით გზას, რომელიც იდეას საქართველოსთვის საინტერესოს გახდიდა, განვიხილავდით მის დანერგვას, როგორც არქიტექტურაში, ისე საგანმანათლებლო სისტემაში. საბოლოოდ, ეს პროექტები უკანა პლანზე გადავდეთ და სარეკლამო ბიზნესში ჩავერთეთ“.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=zMfxCcxHwQ8[/embedyt]
M: რა არის „ჰოლო“ და ვის შეუძლია მისი მომსახურებით სარგებლობა?
ეს არის ინოვაციური სარეკლამო კომპანია, რომელიც ნებისმიერ ვიზუალურ PR მატერიალს გარდაქმნის ჰოლოგრამიან გამოსახულებად და მომხმარებლებს სხვადასხვა პოპულარული თავშეყრის ადგილსა ან ივენთებზე განთავსებას სთავაზობს. თუმცა, ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, გამომდინარე იქიდან, რომ ჰოლოგრამიანი ტექნოლოგიები, ზოგადად, მსოფლიოსთვის ტრენდული და ახალი სფეროა, ვცდილობთ, ამ ტექნოლოგიას შევმატოთ ის, რაც, ამ ეტაპზე, გლობალური ბაზრისთვისაც უცხოა. უფრო კონკრეტულად, ვმუშაობთ device-ების პროგრამულ ნაწილზე, რაც მათ ფუნქციურობას ერთიორად გაზრდის. „ჰოლოს“ სამიზნე ჯგუფი, ძირითადად, ივენთ კომპანიები, საშუალო და დიდი ბიზნესია. ამ ეტაპზე, მომავალში თანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სავაჭრო ცენტრების, სწრაფი კვების ობიექტების, საგამოფენო სივრცეებისა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
M: კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებელს?
მომხმარებელს სამი ტიპის სერვისს ვთავაზობთ: სარეკლამო დრო საშოპინგო-სავაჭრო ცენტრებში, რომელიც ხალხის მაღალი ტრაფიკით გამოირჩევა; ივენთ მომსახურება – ერთ ან რამდენიმე დღიანი ივენთების გაფორმება „ჰოლოს“ საშუალებით და გრაფიკული მომსახურება – ვიდეო კლიპებისა თუ ანიმაციების შექმნა და განსათავსებლად გამზადება.
M: რა უპირატესობა აქვს „ჰოლოს“ სხვა სარეკლამო და ივენთ კომპანიებთან შედარებით?
პრობლემა, რომელიც ამჟამინდელ ქართულ (და არა მარტო) სარეკლამო ბაზარზე არსებობს, არის ის, რომ კომპანიები საკუთარი ფინანსური რესურსების დიდ ნაწილს გარე რეკლამას (ვგულისხმობ ბანერებს, ლედ ეკრანებსა და მონიტორებს) უთმობენ. მაგრამ ეს არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც თავად რეკლამის ფასები. ვფიქრობთ, ჩვენი მთავარი კომპონენტი, რომელიც სხვა კომპანიებისაგან გამოგვარჩევს, არის უპრეცედენტო პროდუქტი რეგიონში – ჰოლოგრამიანი გამოსახულება.
M: სტარტაპი, დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა. დიდი გამოცდილება არ გაქვთ. რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა „ჰოლოს“ მომსახურება?
ბაზარზე ის სიახლე შემოვიტანეთ, რომელიც ასე საჭირო იყო. მიუხედავად მცირე დროისა, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ბევრი განხრით – დაგვჭირდა გარკვეული დრო, მივსულიყავით ოპტიმალურ ბიზნეს გეგმამდე, რომელიც მოძველებულ სარეკლამო ბაზარზე ეფექტურადაც იმუშავებდა და არ დაემსგავსებოდა ძველ, მოუქნელ სისტემას. ამ ეტაპზე, პირდაპირი კონკურენტები არ გვყავს. საქართველოში არ არსებობს კომპანია, რომელიც ანალოგიურ ტექნოლოგიას იყენებს, ამუშავებს და ავითარებს.
M: სამომავლოდ რას გეგმავთ?
როგორც უკვე აღვნიშნე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მათთან თანამშრომლობა, საბოლოო ჯამში, თბილისის ბაზრის სრული ათვისების საშუალებას მოგვცემს. რეკლამის კუთხით, სამომავლო გეგმები, პირველ რიგში, საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ათვისებაა. რაც შეეხება პროექტებს, ტექნოლოგიის განვითარების მხრივ, უკვე მზადების პროცესშია. ჩვენი ამბიციაა, საქართველოს შემდეგ შევთავაზოთ გლობალურ ბაზარსაც ისეთი რამ, რაც აქამდე არ არსებობდა. ყურადღებას ვამახვილებთ მარკეტინგში შემავალ იმ დარგებზე, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია და სწორედ აქ ვხედავთ „ჰოლოს“ მომავალს.