Microsoft-ის რევოლუციური ტექნოლოგია HoloLens, ანუ პირველი გაფართოებული რეალობის ბაზაზე მომუშავე ჰოლოგრაფიული კომპიუტერი საქართველოში ჩამოაქვთ. ეს არის ახალი თაობის კომპიუტერი, რომლის გამოყენებისას არ გვჭირდება არც ეკრანი, არც მაუსი ან კლავიატურა, არამედ მხოლოდ სათვალე, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ჩვენი გარემო სამუშაო, თუ გასართობ სივრცედ ვაქციოთ.
მოწყობილობის ჩამოტანა ბლოგ MSinfo-ს ინიციატივით, GITA-სა და მაიკროსოფთის პარტნიორი კომპანია „სმარტ ბიზნეს ჯორჯიას“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და მისი გამოცდის შესაძლებლობა დეველოპერებსა თუ უბრალოდ, ტექნოლოგიურ ენთუზიასტებს, ოქტომბრის დასაწყისიდან, ტექნოპარკში, 10-15 დღის განმავლობაში ექნებათ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეებისგან განსხვავებით, ჰოლოლენსი საკუთარ პროცესორზე მუშაობს. რაც ნიშნავს, რომ მის მომხმარებელს Windows 10-ის ნებისმიერი ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ სათვალის გამოყენებით შეუძლიათ. ტექნოლოგიას იყენებენ მედიცინაში, ავტოწარმოებასა თუ განათლების კუთხითაც. თუმცა, მისი პოტენციალი ყველა სფეროში ცალსახაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერ მსურველს აქვს შანსი ჰოლოლენსის შესაძლებლობები გამოსცადოს, თუმცა, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტექნოლოგიის, თუნდაც, დროებით, საქართველოში ჩამოტანა?
საქართველოში, როგორც ვიცით, ძალიან სწრაფად იზრდება ტექნოლოგიური სტარტაპების რაოდენობა, გვაქვს VR და AR მიმართულებით წარმატებული სტარტაპების ქეისები. ამ პირობებში, დიდი კომპანიების ისეთი რევოლუციური ტექნოლოგიის გამოყენება, როგორიც არის ჰოლოგრამა (ოღონდ, ნამდვილი ჰოლოგრამა) მნიშვნელოვნად ზრდის ამ და მსგავსი სტარტაპების შესაძლებლობებს. ზუსტად ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთი ინოვაციების ადგილზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, რათა ნებისმიერმა დეველოპერმა შეძლოს საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის შექმნა მომავლის მოწყობილობაზე, რომელიც დღეს ექსპერიმენტარულ ბაზისზე გამოიყენება ისეთ დარგებში, როგორებიცაა: მედიცინა, საგანმანათლებლო საქმიანობა, სამხედრო და საავტომობილო ინდუსტრიები, დიზაინი და სხვა. ჰოლოგრამებთან ინტერაქცია ჩემი აზრით არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი კომპიუტერებში“, – გვიყვება ანზორ ამზოევი, MSinfo-ს ტექნოლოგიური ჟურნალისტი.
მოწყობილობის ჩამოტანაზე MSinfo-ს გუნდი ერთი წლის განმავლობაში ზრუნავდა. დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რომ ჰოლოგრაფიული კომპიუტერი საქართველოში 10-15 დღის განმავლობაში დარჩება, თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა…
M: რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოწყობილობა საქართველოში მუდმივ ბაზისზე ჩამოიტანოთ?
როგორც „სმარტ ბიზნეს ჯორჯიას“ მენეჯერი, გიორგი კოფენლუ აღნიშნავს, მზარდი დაინტერესების შემთხვევაში, სადემონსტრაციო მოწყობილობის საქართველოში პერმანენტულად დატოვება იქნება შესაძლებელი. მეტიც, მოსალოდნელია HoloLens-ის მეორე თაობის, ბევრად გაუმჯობესებული მოდელის უზრუნველყოფაც. თუმცა, დაზუსტებით, ამ ეტაპზე, ვერაფერს ვიტყვით.
M: ამ ეტაპზე, მსოფლიოს მასშტაბით, რა სფეროებშია ეფექტური ჰოლოლენსის გამოყენება?
HoloLens-მა წაშალა ბარიერი კომპიუტერის ეკრანსა და რეალურ სამყაროს შორის, რაც კომპიუტერთან ინტერაქციას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის. ტექნოლოგიამ წარმატებით გაიარა ექსპერიმენტი და ნელ-ნელა მკვიდრდება ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: არქიტექტურა, განათლება, დიზაინი, საავტომობილო და სამხედრო ინდუსტრიები, მედიცინა. HoloLens-ზე დეველოპერები და ინჟინრები სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს უკვე ტესტავენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გამოგონება ეხება მხედველობის და ამავდროულად სმენის არმქონე ადამიანებისთვის გადაადგილების გამარტივებას. HoloLens-ში გამოყენებული ტექნოლოგიები, სენსორები და პროგრამული უზრუნველყოფა დეველოპერებს პრაქტიკულად უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს.
რა პერსპექტივას აჩენს ქართულ ბაზარზე ჰოლოლენსის ჩამოტანა? სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, პროფესიული განვითრების შესაძლებლობის მიცემის მიღმა, რამდენად რეალურია, რომ მსგავსი ტექნოლოგია ქართულ ბაზარზე, საჯარო, თუ კერძო სექტორში გამოიყენონ? ამ კითხვებზე პასუხი „სმარტ ბიზნეს ჯორჯიას“ მენეჯერმა – გიორგი კოფენლუმ გაგვცა:
გაფართოებული რეალობა იძლევა უზომოდ დიდ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც პროდუქტების პროტოტიპირება, სამედიცინო კვლევების ჩატარება, სამშენებლო პროექტების დიზაინი და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, წარმოადგენს გარკვეულ სირთულეებს, რაც დაკავშირებულია დროსთან და ხარჯებთან. ჰოლოლენსის საშუალებით, სამედიცინოს სტუდენტებს შეეძლებათ ადამიანის ანატომია შეისწავლონ, რაც გაამარტივებს და გააუმჯობესებს განათლების ხარისხს და მას უფრო ინტერაქტიულს გახდის. მისი საშუალებით მათ შეეძლებათ ერთსა და იმავე პროდუქტზე/პროექტზე იმუშაონ უცხოელ სტუდენტებთან/სტარტაპერებთან ერთსა და იმავე დროს და შეიტანონ შესწორებები, რომელიც აღქმული იქნება წამიერად. ასევე, შესაძლებლობა მიეცემათ სტარტაპერებს შექმნან და ერთი ხელის მოსმით მოარგონ თავიანთ დიზაინს მათ მიერვე შექმნილი პროდუქტები, ეს იქნება დანადგარები, ავტომობილები, ტანსაცმელი, შენობა თუ უბრალოდ შინაური ცხოველის ვარცხნილობა“.
ჰოლოლენსი ტექნოპარკში ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება. ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია და ის ტექნოპარკის ფეისბუკ გვერდსა და MSinfo.ge-ზე დაანონსდება. მანამდე კი, ალბათ გაფაციცება გვმართებს, რადგან ტექნოლოგია საქართველოში, მაქსიმუმ, 15 დღით დარჩება. ხოლო შემდეგ უკვე, ალბათ, გვმართებს დაინტერესების გამოხატვა და ქართულ ბაზარზე, ჰოლოლენსის გამოყენების გზებსა თუ შესაძლებლობებზე ფიქრიც. რადგან, შესაძლოა, სტატიის ფარგლებში გესაუბრეთ კომპიუტერების მომავალზე, უფრო კი, კომპიუტერის გამოყენების პრაქტიკის ახლებურ სახეზე, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში, სამუშაო სივრცეებსა თუ სახლებში, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
ავტორი: ხატია თორდუა