in

როგორ ააცეკვა Holy Motors-მა ტრაქტორები

როდესაც ქართულ ფოლკლორსა და აგროტექნიკის მარკეტინგს უკავშირებ, იშვიათად თუ წარმოიდგენ… მოცეკვავე ტრაქტორებს. თუმცა სწორედ ასეთი მოულოდნელი სინთეზით შეძლო Holy Motors-მა აღენიშნა „აგროტექნოს“ ახალი ტრაქტორების ბრენდის Weitai-ს შემოსვლა ქართულ ბაზარზე. „შექმნილია საქართველოსთვის“ – ამ მთავარი გზავნილით წარადგინეს სპეციალურად ქართული რელიეფისთვის შექმნილი აგროტექნიკა. პრეზენტაცია ახალციხის მინდვრებზე გაშლილ სცენაზე მოეწყო. წითელი ფარდის უკან შავი და თეთრი ტრაქტორები ქართული ცეკვის ილეთებით გამოჩნდნენ და დამსწრე საზოგადოების გარდა, ინტერნეტ მაყურებლების ყურადღებაც მიიქციეს. კამპანიის შექმნის დეტალებზე Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და კრეატივ დირექტორი გიორგი ავალიანი გვესაუბრა.

M: როგორი იყო შემოქმედებითი გუნდის დავალება?

კამპანია „აგროტექნოს“ სიახლეს უკავშირდება. კომპანიამ საქართველოში შემოიყვანა ტრაქტორების ბრენდი Weitai, რომელიც მწარმოებელთან შეთანხმებით, სპეციალურად ქართული პირობებისთვის შეიქმნა. ჩვენი მიზანი იყო საინტერესო ფორმით გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, როგორი კომფორტული, ხელმისაწვდომი და პრაქტიკულია Weitai-ს ტრაქტორები და რამდენად მარტივად გადაადგილდება ქართულ რელიეფზე.

M: როგორ დააკავშირეთ ტრაქტორები და ქართული ცეკვა ერთ კამპანიაში?

გვინდოდა მთელი ქვეყნისთვის გაგვეზიარებინა ის, რომ ტრაქტორები სპეციალურად საქართველოსთვის შეიქმნა. ვეძებდით ამ სიახლის ისეთ ხმაურიან, უღრმესად ქართულ გამოხატულებას, რომელიც თავად გახდებოდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და კომუნიკაციაში გადმოთარგმნიდა ბრენდის სტრატეგის, შოთა ჩინჩალაძის სტრატეგიულ კონცეფციას – „შექმნილია საქართველოსთვის“. ამ ისტორიის მთავარი გმირი აუცილებლად Weitai უნდა ყოფილიყო, რომელიც ორ ფერში – თეთრსა და შავშია წარმოდგენილი.

ჩავიფიქრეთ შეგვექმნა ისეთი სანახაობა, რომელიც ასევე „შექმნილია საქართველოსთვის“ – წარმოდგენა, რომელსაც ვერცერთი ქართველი გულგრილად ვერ შეხვდებოდა და სიამოვნებით გაუზიარებდა მეგობრებს. ასე დაიგეგმა ახალი ტრაქტორების ტესტ-დრაივი ქართული ცეკვის სახით – ჩვენი კულტურის იმ ელემენტების გამოყენებით, რომლებიც ყველა ქართველს გვიყვარს და გვეამაყება.

M: ტრაქტორები როგორ ააცეკვეთ?

ახალციხის შთამბეჭდავი ლანდშაფტი, ვრცელი წითელი ფარდა, მუსიკოსები, Weitai-ის უახლესი ტრაქტორები და მხურვალე აპლოდისმენტები – ეს ის აუცილებელი ელემენტები იყო, რომლებმაც Holy Motor Films-ის დახმარებით, ჩვენი ჩანაფიქრი რეალობად აქციეს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ტრაქტორის ოპერატორებს, რომლებმაც ზედმიწევნით გადმოთარგმნეს ქორეოგრაფიული ნახაზი ტრაქტორის მოძრაობებში. მათი დიდი დამსახურებაა, რომ ცეკვა ასეთი ოსტატური, ადვილად აღსაქმელი და შთამბეჭდავი გამოვიდა.

ყველაზე დიდ გამოწვევად ტრაქტორის ქალი ოპერატორის მოძიება იქცა. დღესაც კი აქტიურად ვეძებთ ცეკვის მეორე ნაწილისთვის – რათა სრულად მივყვეთ ქართული ცეკვის ტრადიციებს. დიდად დავაფასებთ ნებისმიერ რეკომენდაციას ამ მიმართულებით.

განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ აგროტექნოს გუნდის მიმართ მათი გამბედაობისთვის. ტრაქტორების რეკლამასთან ერთად, შეიქმნა მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, რომელიც უკვე უამრავმა ადამიანმა იხილა. გვსურს გავაღვივოთ ეს შემოქმედებითი მიდგომა და კიდევ უფრო ხშირად ვიხილოთ ჩვენს საკომუნიკაციო სივრცეში ისეთი სანახაობა, რომელიც ნამდვილად „შექმნილია საქართველოსთვის“ – ქართველი მაყურებლის სიამაყისა და სიხარულისთვის.

CAST
Creative Directors: Giorgi Avaliani, Tokareshka, Nick Kumbari
Brand Strategy: Shota Chinchaladze
Communication Strategy: Giorgi Karanadze, Tata Itriashvili
Copywriter: Taso Bezhitadze
Designer: Natalia Topadze
Motion Designer: Daniel Grigoriani
Director: Irakli (Pitha) Solomonishvili, Tokareshka
DOP: Irakli (Pitha) Solomonishvili, Giorgi Chekurishvili
Drone: Giorgi Chekurishvili
Light/Grip department: Archil Samkharadze, Aleksandre Gujabidze
Art department: Nuna Dadunashvili, Simba Varazi, Mariam Gurchiani
Edit: Irakli (Pitha) Solomonishvili
Making of: Anton Faresishvili
Driver: Kakha Gugushvili
Weitai tractor operators: Soso Gurgenishvili, Davit Latsabidze


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ დავიცვათ მეილი „სპამებში” მოხვედრისგან

ახალი ერა ქართული კრიპტოინდუსტრიისთვის – ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია FITA დაფუძნდა