ჰიპარმარკეტ “კონტეინერის” ბრენდინგზე ფიქრისას, შემოქმედებითმა კომპანია Holy Motors-მა გადაწყვიტა, 2300 კვადრატული მეტრის სივრცისთვის, კონცეფცია მთლიანად სახელწოდებისთვის დაეკავშირებინა. ბრენდინგი წითელ, ყვითელ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი, მსხვილი მკაფიო ნიშნულები და ტიპოგრაფია ჰიპერმარკეტისთვის დამახასიათებელ დიდ სივრცეზეა მორგებული, სამგანზომილებიანი ზოლები კი, ვიზუალებზე კონტეინერის ასოციაციას ქმნის, რის გამოც ბრენდის კონცეფცია უფრო მკაფიოდ აღქმადია. ბრენდინგის დეტალებზე Holy Motors-ის თანადამფუძნებელი გიორგი ავალიანი გვესაუბრა.
კონცეფცია: “ბიზნესის სტრატეგიამ გვიკარნახა – კონტეინერი გამორჩეული ფორმატის სავაჭრო სივრცეა, რომელიც 100’000 სხვადასხვა პროდუქტს აერთიანებს. ამ აურაცხელ პროდუქტს ამერიკასა და ევროპაში დაუხარისხებლად, პირდაპირ კონტეინერებით ყიდულობენ და საქართველოშიც, კონტეინერის თაროებზე ასევე დაუხარისხებლად არის გამოფენილი. ასეთი პროცესი მუდმივად ცვალებად ასორტიმენტს და მოულოდნელად ძალიან კარგი ნივთების ძალიან იაფად აღმოჩენის შესაძლებლობას გულისხმობს. თავისებური გამოცდილება პირნათლად რომ გაგვეცოცხლებინა და, 2’300 მ2 ფართობი ერთ ვეებერთელა კონტეინერად გადავაქციეთ.”
გადაწყვეტა: “იდეას სათავედან გამოვყევით და შოთა ჩინჩალაძესთან ერთად მუშაობით, სტრატეგიული კურსი გავასწორეთ. სახელიდან დაწყებული, გვსურდა კონტეინერის ბრენდის ყველა ატრიბუტი პირდაპირობითა და სიმარტივით გაგვეჟღინთა. ფერები და ვიზუალური იდენტობაც კონტეინერებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ესთეტიკით არის შთაგონებული. არქიტექტორებთან ერთად შევეცადეთ ეს განწყობა სივრცეშიც ხელუხლებლად გადაგვეტანა – სივრცეში პირდაპირ კონტეინერის გავლით შევდივართ, შენობას გარედანაც კონტეინერები მოსავს და შიდა ნავიგაციის სისტემაც მარტივ იკონოგრაფიას ეფუძნება. ყველაზე დიდი თავსატეხი ინტერიერის ისე მოწყობა აღმოჩნდა, რომ მუდმივად ახლის ძიებისა და ხელსაყრელი ფასების აღმოჩენის სიხარული გაამძაფროს.
კონტეინერი ოფიციალურად დეკემბერში გაიხსნა და გახსნის ღონისძიებაზე აჩი მეფარიძის ექსტრავაგანტულმა ფეხსაცმელმა ჩვენი რამდენიმე თვის ნაშრომი ნაშრომი ოდნავ გადაფარა. დღეს კონტეინერის პროდუქცია ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ პანდემიის გადაგორების შემდეგ ჯობს, ფიზიკურად ეწვიოთ მარშალ გელოვანის 36-ს და საკუთარი თვალით იხილოთ ყველაფერი,” – გვიამბო გიორგი ავალიანმა.
CAST
Creative Directors Nick Kumbari, Giorgi Avaliani
Strategy Director Shota Chinchaladze
Lead Designer Gio Vasadze
3D Designer David Dron
Photographer Nika Max Khundadze
Architects Giorgi Shaishmelashvili, Iva Chkhenkeli
ავტორი: თამარ მეფარიშვილი