ორი თვის წინ ქართულ კომერციულ ელექტრონულ სივრცეს ახალი მაღაზია შეემატა. www.homeis.ge – ონლაინ მაღაზიაა, რომელშიც მხოლოდ ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების მიერ შექმნილი, სახლის უნიკალური ხელნაკეთი აქსესუარები იყიდება. „მარკეტერი“ ესაუბრა ონლაინ მაღაზიის დამფუძნებელ თიკა მახარაშვილს.
M: როგორ გაჩნდა homeis.ge -შექმნის იდეა?
მიხარია, რომ დაინტერესდით ჩვენი ონლაინ მაღაზიით. შექმნის იდეა მარტივად გაჩნდა. დღეს საქართველოშიც დიდ ყურადღებას აქცევენ სახლის გემოვნებიანად მოწყობას. ნივთებმა უფრო მეტი დანიშნულება შეიძინეს. გაიხსნა უამრავი home décor-ის მაღაზია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა home décor-ის ონლაინ მაღაზია, სადაც სახლიდან გაუსვლელად, სამსახურიდან, თუ სხვა ნებისმიერი ადგილიდან, შესაძლებელია ნივთების დათვალიერება და შეძენა. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი.
M: რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩვენს საიტზე წარმოდგენილია ყველა ნივთი, რომელიც შეიძლება სახლთან ასოცირდებოდეს. ეს შეიძლება იყოს – ყოველდღიური გამოყენების საგნები, ავეჯი და დეკორატიული აქსესუარები. თუმცა, იმისთვის, რომ ქალაქში არსებული მაღაზიებისგან გამორჩეული ვყოფილიყავით, განსხვავებული მიმართულება ავირჩიეთ. საიტზე წარმოდგენილია მხოლოდ ქართული პროდუქცია, რომლის 99 პროცენტი ხელნაკეთია. ჩვენს მომხმარებელს თამამად შეუძლია, თავი უნიკალური ნივთის მფლობელად ჩათვალოს.
M: ვის შეუძლია გაყიდოს პროდუქცია თქვენს საიტზე?
საიტზე წარმოდგენილია ქართველი პროდუქტის დიზაინერებისა და ხელოვანების ნაწარმი. აქტიურად ვმუშაობთ ახალი დიზაინერების აღმოჩენაზე, თუმცა მათი მხრიდანაც საკმაოდ დიდია დაინტერესება. ჩვენი ონლაინ მაღაზია მათთვისაც ახალ შესაძლებლობებთან ასოცირდება.
M: რამდენად იოლია ქართული წარმოების პროდუქციის შოვნა?
ჩვენს საიტზე ნივთის განთავსებას წინ დიდი სამუშაო უძღვის. ვატარებთ კვლევას და ვადგენთ დიზაინერების სიებს, რომელთა პროდუქციაც შემდეგ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ხვდება. რთული ნამდვილად არ არის ქართული ხელნაკეთი პროდუქციის პოვნა.
მინდა აღვნიშნო, რომ ხელნაკეთი ნივთი გულისხმობს ძალიან დიდ შრომას, დროსა და ენერგიას. ხელნაკეთი ნივთის წარმოება მასობრივად არ ხდება. მაღაზია კი ცოცხალი ორგანიზმია და მუდამ საჭიროებს განახლებას, დამატებას, მრავალფეროვნებას. შესამაბისად, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი დიზაინერი წარმოვადგინოთ, რომ მომხმარებელს დიდი არჩევანი ჰქონდეს.
M: ძვირად ფასობს ქართული წარმოების ავეჯი და დეკორატიული ნივთები?
ზოგადად, მთელ მსოფლიოში ხელნაკეთი ნივთი (იქნება ეს ავეჯი თუ სხვა), ავტომატურად ძვირადღირებულთან ასოცირდება. საქართველოშიც ასეა. ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდ იმპორტულ, ქარხნულ პროდუქციასთან შედარებით, ხელნაკეთი ნივთები უფრო ძვირია. მაგრამ, თუ ჩვენ ხელნაკეთ ნაწარმს, სხვა ქვეყნისისას შევადარებთ, ფასში საკმაოდ დიდ განსხვავებას ვნახავთ. ამიტომ ყველაფერი შედარებითია. ჩვენი მიზანია, ქართული პროდუქცია გავიტანოთ საზღვრებს გარეთაც.
M: რომელია ყველაზე პოპულარული პროდუქტი?
დიდი პოპულარობით სარგებლობს ვინტაჟური და კედლის დეკორისთვის განკუთვნილი ნივთები. საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს საბავშვო ხაზსაც.
M: რატომ ონლაინ მაღაზია ?
როგორც აღვნიშნე, გვინდოდა ადგილობრივ ბაზარზე არსებული მაღაზიებისგან განსხვავებული ვყოფილიყავით. მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის მოძიება გაგვეადვილებინა. მათ აღარ უწევთ სხვადასხვა მაღაზიაში სიარული. ესტუმრებიან homeis.ge -ის და შეძლებენ გახდნენ სრულიად უნიკალური ნივთის მფლობელები. ამავე დროს, ონლაინ სივრცე საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ საქართველოს მასშტაბებს და საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ.
M: როგორ ხდება პროდუქციის გამოწერა და თუ გაქვთ მიტანის სერვისი?
ნივთის გამოწერის ძალიან მარტივი სქემაა. მათთვისაც კი, ვისაც ონლაინ შოფინგის გამოცდილება არ აქვს. საჭიროა დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე თქვენი ელ-ფოსტით. შეარჩიოთ სასურველი ნივთი/ნივთები, მოათავსოთ თქვენს ვირტუალურ კალათში და საბანკო ბარათით შეიძინოთ. ამის შემდეგ, შეძენილ ნივთს მითითებულ მისამართზე მოგაწვდით.
M: როგორ შეაფასებთ ქართული ელექტრონული კომერციის მდგომარეობას?
ქართული ელექტრონული კომერცია განვითარების ფაზაშია. თუ ავიღებთ 5 წლის წინანდელ პერიოდს, დიდი პროგრესია, რაც დამაიმედებელია. შეუძლებელია ამ ტენდენციას გვერდი აუარო. ონლაინ კომერცია უკვე რეალობაა, რომელიც თანდათან ძალიან დიდ ძალას იძენს.
M: ვის თვლით მთავარ სამიზნე აუდიტორიად?
ჩვენს სეგმენტს ძირითადათ საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქალბატონები წარმოადგენენ, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ ლამაზი და გამორჩეული სახლი. თუმცა ჩვენთან არის ისეთი ნივთები, რომლებსაც მამაკაცებიც თავისუფლად გამოიყენებენ სასაჩუქრედ.
M: თვლით, რომ ქართველი მომხმარებელი მზად იყო მსგავსი სერვისისთვის?
ჩვენი ვებ გვერდის სტატისტიკის მიხედვით, შემიძლია ვთქვა, რომ მომხმარებელი მზად არის მსგავსი სერვისისთვის. 2 თვეა, რაც ჩვენი საიტი გაიხსნა და საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს.
M: რა გზებს იყენებთ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად?
მომხმარებელთან დასაკავშირებლად აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს. ჩვენი პოტენციური კლიენტი, აუცილებლად არის მათი მომხმარებელი. სხვადასხვა ადგილებში ვავრცელებთ ჩვენს ბროშურებს, ვიყენებთ google-ს, როგორც რეკლამის საშუალებას. მომავალში ვგეგმავთ უფრო აქტიურ კამპანიებსაც.
M: გყავთ, თუ არა კონკურენტები ადგილობრივ ბაზარზე ?
ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი, მსგავსი ტიპის ვებ გვერდი გამოჩდა. თუმცა, პირდაპირ კონკურენტად არ ვთვლით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვართ პირველი ქართული ონლაინ მაღაზია, სადაც იყიდება მხოლოდ ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი, სახლის ხელნაკეთი, უნიკალური აქსესუარები.
M: მომავალ გეგმებზე რას გვეტყვით?
გეგმა ძალიან ბევრი გვაქვს. მუდმივად ვმუშაობთ საიტის განვითარებაზე, განახლებაზე. ჩვენს უკვე დიდ გუნდს ახალი დიზაინერები შემოუერთდნენ.
ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს პროდუქციის განვითარებაზე. სამომავლოდ გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ საკუთარი სპეციალური ხაზი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.