“ან უფრო მეტი ღვინო მომეცით, ან არა – მარტო დამტოვეთ”, – რუმის ეს სიტყვები მე-13 საუკუნითაა დათარიღებული, თუმცა, ცნობილი სპარსი პოეტის საყვარელი სასმელი რამდენიმე ათასწლეულით ადრე შეიქმნა. სასმელი, რომელიც არაერთი შემოქმედის შთაგონების წყაროდ იქცა, 8000 წლის წინ, საქართველოში დაიბადა. თუმცა, მეცნიერები უფრო ადრეულ თარიღზეც მსჯელობენ. იმაზე, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, დღეს აღარავინ დავობს. 2017 წელს, მულტინაციონალური სამეცნიერო დასკვნის თანახმად, დამტკიცდა, რომ “საქართველო, უდავოდ, ღვინის სამშობლოა – სწორედ ამ ადგილიდან, ერთი მხრივ, მოხდა ველური ვაზის მოშინაურება, გაკულტურება, შემდეგ კი, ღვინის დაწურვა და მსოფლიოში გავრცელება. ეს უკვე უდავო ფაქტია” – ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტების ხელმძღვანელი, დავით ტყემალაძე.
ეს მსოფლიო აღიარება 2017 წელს, საქართველომ საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, რომელიც ღვინის დედაქალაქად მიიჩნევს, ერთთვიანი გამოფენით აღნიშნა. 2019 წელს კი, პროექტმა მოგზაურობა დაიწყო და ამომავალი მზის ქვეყანას ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ღვინის ბაზრის თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყნებს არ მიეკუთვნება, საინტერესო აღმოჩნდა იაპონური სამზარეულოსა და ქართული ღვინის სინთეზი. ამგვარად, დიდი ისტორიის მქონე ორმა ქვეყანამ ერთმანეთი სხვა კუთხით დაინახა. ღონისძიება ორი თვის განმავლობაში, 10 მარტიდან 7 მაისამდე გრძელდებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო არამხოლოდ მევენახეობა, არამედ ქართული კულტურა, თავისი ისტორიით, პოლიფონიური საგანძურით, არტეფაქტებით… სპეციალურად, ღონისძიებისთვის შეიქმნა 3D ვიდეოპროექცია, ასევე WARP ტექნოლოგიის საშუალებით, სტუმარი ინტერაქციულ რეჟიმში ეცნობოდა ინფორმაციას. გამოფენისთვის შეიქმნა ვებგვერდი, ხოლო ტოკიოს მეტროსადგურებში საინფორმაციო ბანერები განთავსდა.
პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით განხორციელდა.
გამოფენას “საქართველო – ღვინის სამშობლო”, ტოკიოს საგამოფენო სივრცეში Terrada Warehouse, 20,000-ზე მეტი იაპონელი ეწვია. როგორც დავით ტყემალაძემ გვიამბო, იაპონელები განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდნენ ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ თითოეულ დეტალს:
“მოგეხსენებათ, როგორც ტოკიოში, ასევე ყველგან, ამ ყველაფერს წინ უძღვის ხოლმე მედია აქტივობები და თავად სივრცის ფაქტორიცაა, სადაც ეს ყველაფერი იმართება. როდესაც ეს გამოფენა საფრანგეთში ჩავატარეთ, ის ადგილი ტურისტულ რუკაზე იყო დატანილი, შესაბამისად, ხალხი Cite Du Vin-ში თავისით მოდიოდა. ბორდოში ადამიანი რომ ჩადის, პირდაპირ ღვინის ინტერესით ჩადის და მასთან ასოცირებულ თემებს ეძებს. იაპონიაში სხვანაირი სიტუაცია იყო. ტოკიო, მოგეხსენებათ, რა დონის მეგაპოლისია. თავად ეს სივრცე, Terrada Warehouse, Sony Music Communications-ის მფლობელობაშია, აგებულია ტრადიციულად, წყალზეა განთავსებული, ძალიან საინტერესო ადგილია. ბოლო 12 წელია, აქ თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო გამოფენები იმართება და ამითაა განსაკუთრებული. ძალიან კარგი ადგილმდებარეობაც აქვს, ცენტრშია და ხალხი აქ სიახლის საძიებლად მიდის. აი, ასეთ სივრცეში მოგვეცა გამოფენის ჩატარების საშუალება, ჩვენი საელჩოს დახმარებით.
ინტერესი ძალიან დიდია. გამოფენის ადგილმდებარეობიდან და ფორმატიდან გამომდინარე, მისი მომნახულებლები 100%-ით არიან დაინტერესებულები ღვინის სიახლეებით. ინტერესდებოდნენ ყველაფრით, მიჰქონდათ საინფორმაციო ბროშურები, წიგნები… ხაზი მინდა გავუსვა თავად იაპონელების ხასიათსა და კულტურას – ისე, უბრალოდ, არავინ შემოსულა, მოდიოდნენ კონკრეტულად ამ პროექტისთვის და მაქსიმუმის წაღება სურდათ ინფორმაციული თვალსაზრისითაც.”
M: თქვენ ახსენეთ, რომ ინტერესი მედიის მხრიდანაც დიდი იყო…
დიახ, აქტიური იყო მედია გაშუქება. 15 მარტს, ოფიციალურ გახსნაზე, მედიის 80-მდე წარმომადგენელი მოვიდა – თითქმის ყველა, ვინც დავპატიჟეთ. ეს იყო მოულოდნელი, რადგან ბევრი წარმომადგენელი მოვიდა მომიჯნავე სფეროებიდან: ტურიზმი, ღვინის ბლოგინგი… ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი კავშირებსა და პარტნიორობაში გადაიზრდება, რაც ქართული ღვინის ექსპორტზე დადებითად აისახება.
რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ გამოფენების მიმართულებით. ჩვენი აქტივობების მიზანიც სწორედ ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტის ზრდაა. ღვინის მოხმარების კუთხით, იაპონია არ არის მოწინავე ქვეყნებში, მაგრამ ბოლო ტენდენციები ცხადყოფს, რომ აქ რეალურად მუშაობა პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება, გვაქვს კარგი რიცხვები და ექსპორტის ზრდას ნამდვილად ველოდებით.
M: რა შეიცვალა საქართველოსთვის, როგორც ბრენდისთვის, ამ გამოფენით?
საქართველოს გაცნობა და ამ კუთხით პოზიციონირება უნიკალურია. ენდრიუ ჯეფორდი გვყავდა ჩამოყვანილი, დეკანტერის ბლოგერი და ღვინის მწერალი და ტოკიოს გამოფენაზე მან თქვა ასეთი ფრაზა “ვის არ გაუჩნდება სურვილი, ჩავიდეს ღვინის სამშობლოში და დააგემოვნოს ქართული ღვინო?”. ესაა სწორედ ის, რაც ჩვენ გვინდა. ქართული ღვინო, ძირითადად, საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. ესაა ღვინის დაწურვის უწყვეტი ისტორია – არ ყოფილა წელიწადი რთველისა და ღვინის დაწურვის გარეშე. ეს ტრადიცია გაგვაქვს სლოგანით “8000 უწყვეტი ტრადიცია”. კი, შეიძლება სხვა ქვეყნის წარმოების ღვინო მოგწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გაუწიო ანგარიში საქართველოს, როგორც ადგილს, სადაც ეს კულტურა დაიბადა. ჩვენ გვინდა, რომ დავამკვიდროთ, ყველამ იცოდეს.
M: როგორ დაეხმარება ეს სიახლე ქართველ მეღვინეს?
სახელმწიფო სწორედ ამისთვისაა მოწოდებული, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აღასრულოს ეს ვალდებულებები. ჩვენი მიზანია, მეწარმეს კომუნიკაციაში დავეხმაროთ. ამიტომ, წელიწადში, მინიმუმ ორ დიდ გამოფენას გავმართავთ ხოლმე ტოკიოში. იქნება დეგუსტაციები, კონკურსები, მათ შორის, იაპონელების ორგანიზებით.
ღვინის იაპონელი მაგისტრი კენიჩი ოჰაში ძალიან გვეხმარება, ჩამოჰყავს ღვინის ბლოგერები, რესტორატორები და შესაბამისად, ეს კომუნიკაცია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ხოლმე. ქართველ მეღვინეს შეუძლია ჩვენ მოგვმართოს, ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ჩვენ დავაკვალიანებთ. საბედნიეროდ, ქართულ ღვინის ინდუსტრიას ახალი მეღვინეები ემატებიან და მათაც ვუზიარებთ იმ რესურსს, რაც გაგვაჩნია.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი
[R]