ცნობილი გამოცემის, Bloomberg-ის ინფორმაციით, სულ მალე Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას წარადგენს, სახელად HomeView.
ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple ჭკვიანი სახლის პროდუქტზე მუშაობდა. ახლა კი, როგორც ჩანს, მოწყობილობას სახელიც აქვს და პრეზენტაციის თარიღიც ცნობილია, მას 13 ოქტომბერს ელოდებიან. გურმანის ცნობით, HomeView Siri-ზე მომუშავე მოწყობილობა იქნება, რომელსაც ეკრანი და A18 ჩიპი ექნება. მისი საშუალებით მომხმარებლები სხვა ჭკვიანი სახლის მოწყობილობების მართვას შეძლებენ.
HomeView, სავარაუდოდ, ორი ვერსიით გამოვა: ერთი მაგიდაზე დასადგმელად იქნება განკუთვნილი, მეორე კი – კედელზე დასამონტაჟებლად.
ეს Apple-ის ყველაზე მასშტაბური მცდელობა იქნება ჭკვიანი სახლის ბაზარზე ფეხის მოსაკიდებლად. შეგახსენებთ, რომ კომპანიის HomeKit პროგრამულ პლატფორმასა და HomePod ჭკვიან დინამიკს მომხმარებლების ფართო წრის მოზიდვა აქამდე ძალიან გაუჭირდა.
იმავე გამოცემის ინფორმაციით, Apple სახლის მოწყობილობის კიდევ ორ განახლებულ ვერსიასაც წარადგენს – Apple TV-ის სეტ-ტოპ ბოქსსა და HomePod mini-ს.
ამასთან, წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple LG-სთან პარტნიორობას გეგმავს. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიები, სავარაუდოდ, ჭკვიან საკეტზე, თერმოსტატსა და კარის ზარზე იმუშავებენ.












