in

ბრენდი, რომელიც მიჰყვება ოცნებებს – Honda-ს ისტორია

“ოცნების ძალა” – ეს არის იმ ბრენდის სლოგანი, რომელიც თავისუფლებასთან, სანდოობასთან და სისწრაფესთან ასოცირდება. კომპანიის ისტორია მეოცე საუკუნის 40-იან წლებში იწყება და მას შემდეგ მუდმივად ვითარდება. მისი სახელი საკუთარი დამაარსებლის გვარს უკავშირდება და კომპანიის შექმნის ისტორია მოტოციკლების შექმნით იწყება.

ალბათ უკვე მიხვდით, რომ საუბარია Honda-ზე, მოტოციკლებისა და ავტომობილების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ბრენდზე, რომელსაც განვითარების საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და გვსურს, მის შესახებ მოგიყვეთ.

ყველაფერი 1946 წელს დაიწყო იაპონიაში, ქალაქ ჰამამაცუში, როდესაც მექანიკოსმა სოიჰირო ჰონდამ ომის პერიოდში აიღო ნანგრევებად ქცეული ქარხანა და იქ წამოიწყო თავისი საქმიანობა. თავდაპირველად, მან საქსოვი მანქანების წარმოება სცადა, შემდეგ ძალები მოსინჯა ყინვაგამძლე მინების დამზადებაში, რაღაც პერიოდი სახურავის პანელებზე მუშაობდა, თუმცა არც აქ გაუმართლა და ერთხელაც, როდესაც შემთხვევით ორტაქტიან ძრავებს წააწყდა, მოტოციკლის შექმნის პირველი იდეაც გაუჩნდა. ძრავები ველოსიპედებზე მიამაგრეს და ამ ფორმით ჩაუშვეს გაყიდვაში. აღმოჩნდა, რომ ველოსიპედის ეს განახლებული მოდელი ხალხს ძალიან მოეწონა, ქარხანაში ახალი შეკვეთები შემოვიდა და სწორედ აქედან იწყება დღეისთვის კარგად ნაცნობი კომპანიის ისტორიაც.

პირველი წარმატებები

მას შემდეგ, რაც ჰონდამ დაინახა, რომ მის მიერ დამზადებულ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნა გაჩნდა, რადგან ომის შემდგომინდელ პერიოდში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო და გადაადგილება ხალხს ძალიან უჭირდა, მან დაიწყო საკუთარი ძრავების წარმოება და შეიძლება ითქვას, რომ უკვე კომპანიადაც ჩამოყალიბდა.

1950 წელს მან გამოუშვა მოტიციკლეტი, სახელად Cub, რომელმაც მაშინვე მოიპოვა პოპულარობა და ის იყო პირველი პროდუქტი, რომელიც კომპანიამ გაყიდა აშშ-ში. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრენდის super cub მოტოციკლი დღესაც პოპულარულია და მისი გაყიდვები დაახლოებით 100 მილიონ მოდელს შეადგენს.

T360

ეს იყო Honda-ს პირველი მანქანა, აღჭურვილი 4-ცილინდრიანი ძრავითა და 44 კარბურატორით, რომელიც მოთავსებული იყო სავარძლების ქვეშ. ეს იყო პირველი kei-car, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ მიმართულების განვითარებას. მცირე მოცულობის ძრავის გამო ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონელებში. აღსანიშნავია, რომ ოთხ წელიწადში კომპანიამ გაყიდა 100,000 ერთეული Honda T360.

70-იანი წლები

მოცემული პერიოდი ბრენდისთვის რამდენიმე ძირითადი ფაქტორით იყო გამორჩეული:

  • Honda-მ გაიმარჯვა ფორმულა 1-ის კლასის რბოლაში.
  • ჩამოყალიბდა Honda-ს ფონდი
  • Honda-მ გამოუშვა HR21, თავისი 1-ლი გაზონის სათიბი

მანქანათწარმოების კუთხითაც ეს პერიოდი კომპაიისთვის გამორჩეული იყო. Მართალია, მისი ავტომობილები უკვე წარმატებით იყიდებოდა, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა და დაიწყო მუშაობა ისეთ ძრავზე, რომელიც ეკოლოგიას მეტად შეუწყობდა ხელს, ექნებოდა სუფთა წვა და არ დაარღვევდა სტანდარტებს. შედეგად, კომპანიამ მიიღო ახალი, ხუთსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ საწვავის კუთხით ყველაზე ეკონომიური მანქანების სიაში შეიყვანა.

80-90-იანი წლები

Honda-მ 1984 წელს სრულიად ახალი Civic მოდელი გამოუშვა, რომლითაც ახალი თაობის, D-სერიის ძრავას ჩაუყარა საფუძველი. ამავე პერიოდში კომპანიამ გამოუშვა თავისებური დიზაინის მქონე ავტომობილი, რომელსაც დამატებითი სიმაღლისა და უკანა ფანჯრების დიდი ფართობის გამო “Tall Boy” უწოდეს.

90-იან წლებში კომპანიამ განახლებული უკანა ფარები და ბამბერები შემოიტანა თავისი მანქანების დიზაინში. ისინი აღჭურვილი იყო 14-დიუმიანი ბორბლებით, 105 ცხენის ძალით და რაც მთავარია, უსაფრთხოების გაძლიერებული ნორმებით. 90-იანი წლებიდან უკვე მანქანებს გაუჩნდა დამცავი ბალიშები და გადავიდა მე-5 თაობის ავტომობილების წარმოებაზე.

2000-იანები

ისევე როგორც ბევრი სხვა დარგისთვის, მანქანების მწარმოებლებისთვისაც 2000-იანები დიდი გარდატეხის წლებად იქცა. ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, არც Honda ჩამორჩა და 2000-იანების პირველივე წელს Civic-ის ახალი მოდელი გამოუშვა, განახლებული პარამეტრებითა და 117 ცხენის ძალით. 2002-ში კი, შემოგვთავაზა Si მოდელი ჰეჩბეკი, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები 160 ცხენის ძალა ჰქონდა, 2007-2008 წლებში კი ამ მოდელის უფრო დახვეწილი ვერსიებიც გამოუშვა.

2011-ში დეტროიტის ავტოშოუზე თავისი მე-9 თაობის ავტომობილის პროტოტიპი გამოიყვანა. იმის მიუხედავად, რომ მანქანა ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო გაყიდვაში, კომპანიას ზოგადად ახასიათებს საზოგადოების ყურადღების წინასწარ მიპყრობა და უკვე გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ მისი შენარჩუნება.

Honda დღეს

ამჟამად კომპანია რიგით მეოთხე უმსხვილეს ავტომობილების მწარმოებლად მიიჩნევა, რომელიც მანქანებს 150 ბაზარზე ყიდის და მოიცავს 4 ძირითად რეგიონს: აზიის 30 ქვეყანა, ამერიკის 38 ქვეყანა, ევროპის 46 და აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 36 ქვეყანა.

ბრენდის ყველაზე გამორჩეული მოდელები, რომლებიც ბესტსელერებად ითვლება არის: Civic, Accord, CR-V და HR-V.

პირველი Accord 1976 წლით თარიღდება და დღესდღეობით იგი ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მანქანად ითვლება, რადგან მისი მთავარი მახასიათებელი მძლავრი შესრულება და კომფორტია.

როდესაც თქვენ მართავთ Honda-ს ავტომობილს, ჩვენი სურვილია, რომ იგივე სიხარული იგრძნოთ, რასაც ჩვენ განვიცდით, როდესაც აღნიშნულ მოდელს ვქმნით

ეს არის ის დიდი ფილოსოფია და მიდგომა, რაც ბრენდს გამორჩეულად აქცევს. მის ლოგოშიც, რომელიც ფრთებს გამოხატავს, ნაჩვენებია ბრენდის დაუოკებელი სწრაფვა თავისუფლების, ბრწყინვალების, თავდაჯერებულობისა და გამძლეობისკენ.

შეიძლება ბევრმა არც კი იცის, რომ მოტოციკლეტებისა და მანქანების გარდა, Honda 2015 წლიდან ცათმფრენებსაც აწარმოებს. ამ წელს მან პირველად წარუდგინა მსოფლიოს თავისი HondaJet, რომლის ძრავიც იმდენად ძლიერია და მოქნილია, რომ სხვა თვითმფრინავის მწარმოებლებიც უკვეთავენ კომპანიას მსგავსს და იყენებენ თავიანთ წარმოებაში.

Honda და მომავალი

ისევე, როგორც ბევრი სხვა დიდი ავტომწარმოებელი, Honda-ც თავის მომავალს ელექტრომობილებში ხედავს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ უკვე შექმნეს ახალი დამტენი სისტემები ელექტრო მანქანებისთვის. კომპანიამ 2024 წლისთვის უკვე დააანონსა თავისი ახალი მოდელის, Honda Prologue SUV-ის შექმნა, რომელიც, როგორც თვითონვე გვეუბნება, ახალი ერა იქნება ელექტრომობილების წარმოებაში.

როგორ იწრთობოდა „პიარი“ საქართველოში

დედამიწის ორბიტაზე მეორე “ტროელი ასტეროიდი” აღმოაჩინეს