in ,

Honda City-ის რეკლამაზე ქართულმა სტუდია Highway VFX-მა იმუშავა

ქართულ სტუდია Highway VFX-ს თქვენ უკვე იცნობთ. კომპანია ვიზუალური ეფექტებით ისეთი ბრენდების პროექტებზე მუშაობს, როგორებიცაა Suzuki, Nissan, Airbus… ახლა კი, მათ რიცხვს Honda-ც შეუერთდა.

 

“2019 წლის დასასრული იყო როდესაც ჩვენმა პარტნიორმა ინდოეთიდან დაგვირეკა და გვითხრა, რომ Honda-სთვის მუშაობდა ახალი მანქანის, Honda City წარდგენის კონცეფციაზე, სადაც მანქანა “როლერ კოსტერზე” ივლიდა და ღრუბლებისკენ აიჭრებოდა. ჩვენ რა თქმა უნდა გულანთებულები დაველოდეთ კონცეფციის დამუშავებას და მწვანე შუქს სააგენტოსგან რეკლამის გადაღების თაობაზე,” – გვიამბო Highway VFX-ის თანადამფუძნებელმა, ლევან ლაფაჩმა.

M: რა იყო თქვენი დავალება?

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო სეტზე მოძრაობაში გადაღებული, რეალური მანქანის ჩასმა გრაფიკულ გარემოში. თუმცაღა, ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ ამ პროექტისთვის ვიდრე მოგვეთხოვებოდა და “ცოტა” უფრო მეტი CG ელემენტებით გავამდიდრეთ კადრები. დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ მანქანა რამდენიმე კადრში სრულად გრაფიკულია. ამაზე ცალკე გავაკეთებთ Making Of-ს, სადაც გამოჩნდება, გადაღებული კადრის რა ნაწილები იქნა შენარჩუნებული და რა ნაწილები დაემატა/ჩანაცვლა გრაფიკის საშუალებით.

M: როგორი იყო სამუშაო პროცესი?

გადაღებები დელიში, 2020 წლის მარტში, ფორმულა ერთის დახურულ ტრასაზე მოხდა. შეიძლება ითქვას, ბეწვზე გამოვასწარით კორონას კარანტინებს, რადგანაც ჩვენი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში დაიწყო საზღვრების ჩაკეტვა და გლობალური კარანტინის გამოცხადება. სეტზე ვიმუშავეთ სარეკლამო და ფილმის ინდუსტრიაში წამყვან პროფესიონალებთან ერთად, მათ შორის იყო ლეგენდარული Ultimate Arm-ის შემქმნელი – George Peters, რომელიც ცნობილია ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა Captain America: The First Avenger, 007 – Skyfall, The Amazing Spider-Man 2 და ა.შ.

M: როგორ შეაფასებთ საბოლოო პროდუქტს?

საბოლოო ჯამში, კლიენტისთვის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და პირადად ჰონდასგან მივიღეთ მადლობები ამ პროექტის ამ ხარისხში შესრულებისთვის, რაც ჩვენთვის, როგორც პატარა სტუდიისთვის და პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და უზომოდ მნიშვნელოვანია.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ტოიოტა, ბრენდის ახალ დიზაინს წარადგენს

“ამჟამად ყველა არ გვენდობა“ – როგორ გეგმავს „ფილიპ მორისი“ უკვამლო მომავლის მიღწევას