Honda-ს კამპანია Your Dreams Engineered მარტივ კითხვაზეა აგებული: როგორი იქნებოდა ადამიანის ოცნება, მისი დანახვა და შეხება რომ შეგვეძლოს? Pablo London-ის შექმნილ იდეაში ოცნება უკვე აბსტრაქტული ცნება აღარ არის. ის ფიზიკურ ფორმას იღებს, მოძრაობს, იცვლება და ჰონდას ინჟინრების ხელში თანდათან რეალურ პროდუქტად გარდაიქმნება.
რეჟისორ რაიან ჩუნის თქმით, მთავარი ამოცანა იყო, იდეის მასშტაბურობის მიუხედავად, ფილმი ზედმეტად არ გადაეტვირთათ: „ბევრ დროს დამატების ნაცვლად გამარტივებაში ვხარჯავდით. გვინდოდა, რომ ოცნება ამბის ცენტრში დარჩენილიყო“.
კამპანია Honda-ს ცნობილ Power of Dreams ფილოსოფიას აგრძელებს, თუმცა აქ ყურადღება საბოლოო პროდუქტიდან თავად შექმნის პროცესზე გადადის. ფილმი გვაჩვენებს ცნობისმოყვარეობას, ექსპერიმენტებსა და იმ მრავალ მცდელობას, რომლებიც იდეის რეალობად ქცევას სჭირდება. ჩუნის თქმით, მათ ინჟინერიის ჩვენება უნდოდათ „არა როგორც ცივი და ტექნიკური პროცესის, არამედ როგორც ოპტიმისტური და ძალიან ადამიანური აქტის, რომელიც იდეას სიცოცხლეს აძლევს“.
ამ მიდგომას გადაღების პროცესიც იმეორებდა. თითქმის ყველა კადრი ვიზუალურ ეფექტებს მოითხოვდა, თუმცა გუნდმა გადაწყვიტა, რაც შეიძლება მეტი ელემენტი რეალურად, კამერის წინ შეექმნა. გადასაღებ მოედანზე იყენებდნენ ძაფებზე დამაგრებულ პატარა თეთრ ბურთებს, უზარმაზარ რბილ ფორმებს, კვამლით სავსე ბუშტებს და PVC-ისგან დამზადებულ ოთახის ზომის ბუშტსაც კი, რომელშიც მსახიობებს შეეძლოთ შესვლა.
ეს კონსტრუქციები საბოლოო კადრში უცვლელად არ დარჩენილა. მათი მიზანი იყო მსახიობებსა და კამერას რეალური ობიექტი ჰქონოდათ, რომელსაც შეეხებოდნენ, რომლის გარშემოც იმოძრავებდნენ და რომელზეც სინათლე ბუნებრივად აისახებოდა. შემდეგ Black Kite Studios-ის გუნდმა ეს მასალა კომპიუტერული გრაფიკით დაამუშავა და ოცნებებს საბოლოო, არარეალური ფორმა მისცა.
„გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი რამ ჯერ კამერით გადაგვეწყვიტა“, – ამბობს ჩუნი. სწორედ ამიტომ, ციფრული ეფექტები სრულიად ცარიელი სივრციდან არ შექმნილა. ისინი რეალურ მოძრაობას, სინათლესა და ტექსტურებს ეყრდნობოდა, რაც საბოლოო გამოსახულებას უფრო ფიზიკურ შეგრძნებას აძლევს.
პროცესში AI-ც გამოიყენეს, თუმცა დამხმარე ინსტრუმენტის როლში. გუნდმა ის თავდაპირველი ვიზუალური ფორმებისა და მოძრაობის მოსაძებნად გამოიყენა, ასევე შექმნა მეთოდი, რომელიც მარტივ სამგანზომილებიან მოდელებს ფოტორეალისტურ ტექსტურებს სწრაფად ადებდა. ჯონათან ბოქსის თქმით, მიზანი AI-ზე მთლიანად დაყრდნობა არ ყოფილა: ტექნოლოგიას პროცესის დასაჩქარებლად იყენებდნენ, რათა გუნდს ექსპერიმენტებისთვის მეტი დრო დარჩენოდა.
ფილმის ხმოვან მხარესაც იგივე თამაშის განცდა აქვს. მუსიკის საფუძვლად 1960-იანი წლების ამერიკელი სატირიკოსისა და მუსიკოსის ტომ ლერერის ცოცხალი შესრულების საარქივო ჩანაწერი იქცა. ჩუნის თქმით, მათ სურდათ მუსიკა, რომელიც იდეის ძიების ენერგიას შეინარჩუნებდა, მაგრამ ზედმეტად სენტიმენტალური არ იქნებოდა.
Your Dreams Engineered საბოლოოდ თავად კამპანიის იდეას იმეორებს: რაღაც ბუნდოვანი ჯერ ფორმას იღებს, შემდეგ იხვეწება, იცვლება და რეალურ ობიექტად იქცევა. Honda-სთვის კი ეს უკვე ნაცნობ გზავნილს უბრუნდება, რომ ინჟინერია მხოლოდ საბოლოო ტექნოლოგია არ არის. ის იწყება ცნობისმოყვარეობით, ექსპერიმენტით და კითხვით, რა შეიძლება შეიქმნას იქიდან, რაც თავდაპირველად მხოლოდ იდეა იყო.













