ადგილობრივი თაფლის მწარმოებლებს ევროკავშირში ექსპორტისთვის მომზადებაში უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოების ეროვნული „გაიდლაინები“ დაეხმარებათ. ევროკავშირის ხელშეწყობით, სპეციალური სახელმძღვანელო შეიქმნა, რომელიც თაფლის მწარმოებლებს „მინდვრიდან მაგიდამდე“ გზას გაუადვილებს და ყველა პუნქტის გათვალისწინების შემთხვევაში, ევროსტანდარტების შესაბამის პროდუქტამდეც მიიყვანს.
ევროკავშირთან ამოქმედებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გათვალისწინებით, უკვე, თითქმის, 3 წელია ქართველ მეწარმეებს საშუალება აქვთ 500 მილიონიან ევროპულ ბაზარზე თაფლი გაიტანონ. თუმცა ამ დრომდე, დიდი გამოწვევაა პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან და თაფლის წარმოების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების არსებობა. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა, გაწერილიყო მსგავსი ტიპის „გაიდლაინები“, რომლებიც, საბოლოოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ერთ წიგნად შეიკრა.
„ამ პუბლიკაციის წარდგენით, GIZ ასრულებს სამწლიან ინტენსიურ სამუშაო პროცესს, რომელშიც ჩართული იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა, პარტნიორი სამინისტრო, საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები, ადგილობრივი თაფლის მწარმოებლები. ამ პროცესმა მიგვიყვანა ევროკავშირში ქართული პრემიუმ თაფლის პირველ ექსპორტამდე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართული პრემიუმ თაფლი კონკურენტუნარიანია ევროპულ ბაზარზე და მეწარმებისთვის ძალიან მიმზიდველ ფასად იყიდება. ვფიქრობთ, წარმატების ეს ისტორია და დღეს წარმოდგენილი სახელმძღვანელო, წაახალისებს სხვა ქართველ მეწარმეებს, იგივე გზა გაიარონ. შედეგად კი ვიხილავთ უფრო მეტ, გამორჩეული ხარისხის ქართულ თაფლს ევროპაში.“ – ამბობს GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელი კატია კამერერი.
სწორედ GIZ ახორციელებს საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ეს პუბლიკაცია გამოიცა.
აღნიშნული პროექტის მიხედვით, გასულ წელს შეიქმნა ე.წ. „ქოლგა ბრენდი“ – “TAPLI”, რომლის მიზანიც ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლის ევროპულ ბაზარზე წარდგენაა. ბრენდის ქვეშ ამ ეტაპზე ის ქართული საწარმოები ერთიანდებიან, რომელთაც პროექტის ფარგლებში ხარისხიანი პროდუქტის წარმოების ყველა მითითება დააკმაყოფილეს.
„წლის დასაწყისში, სწორედ “TAPLI”-ს ბრენდის ქვეშ გაიგზავნა ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“, ქართული თაფლის პირველი პრემიუმ ხარისხის საექსპორტო პარტია, რომელიც „გეო ნატურალის“ (კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“) და ინდ.მეწარმე თამაზ ღლონტის პროდუქციისგან შედგებოდა. ეს იყო ქართული მაღალი ხარისხის თაფლის პირველი პარტია, რომელიც გამოფენაზე მთლიანად გაიყიდა“.
პარტნიორის კონტენტი