in

სამწვადე „ონორე“ შეზღუდვების პირობებში და მოსალოდნელი საფრთხე – „ასე დიდხანს თუ გაგრძელდა“

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, საქართველოში შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, ერთ-ერთი რესტორნებსა და კვების ობიექტებს შეეხო და მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი სრულად გატანის სერვისზე გადავიდნენ (დასაშვებია მხოლოდ: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, დელივერი, „დრაივი“).

დამატებითი შეზღუდვები, უდავოდ, საქმეს ბევრად ართულებს რესტორნებისა თუ კვების დაწესებულებებისთვის. უფრო მეტიც, სამწვადე „ონორეს“ დამფუძნებლის, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის მოსაზრებას თუ დავეყრდნობით, ამ ფორმატით რესტორნები ფუნქციონირებას დიდხანს ვეღარ მოახერხებენ, რასაც ბუნებრივად, მთელი სტუმარმასპინძლობის სფერო შეიძლება შეეწიროს.

„ონორეს“ შესახებ
ონორეს მწვადი, ღვინო, კაცები – ფანჯრიდან გატანით, იქვე დაჯდომით, ჭამა-სმით, [ადგილზე მიტანით].„ონორე“ სამწვადეა, რომელიც დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ გაიხსნა. ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის თქმით, თბილისში პროფილირებული სამწვადე რომ არ არსებობდა, გადაწყდა, ამ შესაძლებლობას თავად გამოიყენებდნენ.

გავრისკეთ და ამ რისკმა, პრინციპში, გაამართლა! სიახლეს მონატრებულ, ნეგატივით სავსე ქალაქში გამოჩნდა ნათელი, ფერადი, გემრიელი ადგილი… ლამაზი ღია ეზოთი და მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა სამწუხაროდ, შეზღუდვებიც მალე წამოგვეწია. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდით, ყველა აცნობიერებდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის რამდენად საფრთხის შემცველი იქნებოდა კვების დაწესებულებებისთვის ფუნქციონირების შეზღუდვა, მაინც გატანის სერვისზე სრულად გადაწყობა გვიწვეს, – განმარტავს ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი.

როგორც ირკვევა, გადაწყობა ადგილზე მიტანის სერვისის გააქტიურებასა და მენიუს ამ ფორმატზე მორგებას ითვალისწინებს. „გაჭირვება გვაიძულებს, გადარჩენაზე ვიფიქროთ და მენიუს ბევრ ისეთ რამეს ვამატებთ, რომელიც ჩვენს კონცეფციაში ჩაჯდება. მაგალითად, ტაკოებს, ბურგერს და სხვა“.

ამჟამად, „ონორეს“ ჰიტებია: ღვიძლი ქლიავით, არტიშოკი გრილზე, მწვადი კლასიკურად, ქაბაბი ბატკნით.

ფუნქციონირება შეზღუდვების პირობებში
ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი: „გარეთ გამოვიტანეთ და ორი უზარმაზარი სკამი დავდგით, სადაც ნებისმიერს შეუძლია, მოვიდეს, ფანჯრიდან აიღოს, მაგალითად, ქალაქში საუკეთესო მწვადი (და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის), ღვინო, ასევე, ვეჯი კერძები (ვეგეტარიანელების უფლებებსა და  მოთხოვნებსაც ვითვალისწინებთ), აქვე ჩამოჯდეს და ისე გასინჯოს. მოკლედ, ადამიანებთან კონტაქტს არ ვწყვეტთ.

მიწოდება შეგვიძლია მთელი ქალაქის მასშტაბით, როგორც ჩვენი პირადი მიტანის სერვისის, ისე ამ პროფილის უკვე არსებული კომპანიების დახმარებითაც“.

რეგულაციები
„აბსოლუტურად, ყველა რეგულაციის დაცვით ვმუშაობდით, ვიცავდით დისტანციას, ღია ეზოს საშუალებაც გვაქვს, ვიყენებდით დეზობარიერებსა თუ სადეზინფექციო საშუალებებს, თუმცა მაინც დაგვკეტეს სხვა მსგავს ობიექტებთან ერთად.

რა თქმა უნდა, ფუნქციონირებას ახლაც რეგულაციების დაცვით ვაგრძელებთ!

რადგან ასეთი ცხოვრება მოვიდა, უფლება არ გვაქვს, არ გავითვალისწინოთ და უგულებელვყოთ ეს მომაკვდინებელი ვირუსი და ასეთი „ჩამოჯდომა ფართიები“ გავაკეთოთ „ონორესთან“. მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, რესტორნები მალე გაიხსნას. სხვანაირად ეს სფერო მოკვდება.

მიტანის სერვისი რესტორანს ვერ გადაარჩენს!“

მთავრობამ კი მოგვცა დელივერიზე მუშაობის უფლება, თუმცა არ გვაძლევს საშვებს, რომ მზარეულებმა ღამე იმუშაონ და სახლში დაბრუნდნენ. ანუ, თითქოს კი გვაძლევს მუშაობის უფლებას, მაგრამ სინამდვილეში არ გვაძლევს, რაც დახურვის პირას მყოფი ბიზნესისთვის მორიგი წელსქვემოთ დარტყმაა, რომელსაც ლოგიკურ ახსნას ვერ უპოვი. დელივერიზე ჩვენი ტიპის რესტორნის მუშაობა გამორიცხავს მოგებას და მხოლოდ თავის გადარჩენასა და სტაფის შენარჩუნებაზე გვიწევს ზრუნვა. ხანდახან იმაზეც ვფიქრობთ, თუ რა ჰგონია ჩვენს ხელისუფლებას, საიდან ივსება ბიუჯეტი, ან იცის თუ არა, რომ შიმშილით სიკვდილი ისეთივე ძნელია, როგორიც კორონავირუსით, – ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი.

თუმცა მანამდე, სანამ, ჯერ კიდევ, შეზღუდვებია, სამწვადე „ონორე“ თბილისში, კონსტიტუციის #4-ში გელოდებათ და გარდა ამისა, სრულ მზადყოფნასაც გამოთქვამს, თქვენი შეკვეთა ადგილზე მოგართვათ.

 

ავტორი: თიკა გეგენავა

რა მნიშვნელობა აქვს ემოჯის ბიზნესში?

ბაბუამ არ იცის, Unicorn-ის ეფექტით ფოტოს გადაღების ფუნქცია ტელეფონშივე რომ აქვს