in

იმედი VS ოპტიმიზმი – რა განასხვავებს ამ ორ ცნებას

1968 წლის 3 აპრილს, გადავსებული ეკლესიის წინაშე მდგომი მარტინ ლუთერ კინგ უმცროსი თავის ხედვას სამართლიანობაზე აზიარებდა საზოგადოებას. „მე ვიხილე აღთქმული მიწა,“ – თქვა მან. „შესაძლოა თქვენთან ერთად ვერ მივაღწიო იქამდე, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ, ხალხი, აუცილებლად მივაღწევთ აღთქმულ მიწამდე“. ოცდაორი საათის შემდეგ, ის მოკლეს.

კინგის წინასწარმეტყველური სიტყვები გამოხატავს იმედის ძალას, სირთულეების წინაშე. ის არ იყო ოპტიმისტურად განწყობილი, რომ თავად მიაღწევდა „აღთქმულ მიწამდე“, თუმცა  საბოლოო მიზნის მიღწევის იმედი ჰქონდა.

საუბრისას ხშირად „იმედსა“ და „ოპტიმიზმს“ სინონიმებად იყენებენ. თუმცა, ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

ოპტიმიზმის გასაზომად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ადამიანებისგან საჭიროებს შეფასებას, რამდენად ეთანხმებიან ისეთ მოსაზრებას, როგორიცაა: „გაურკვევლობისას, როგორც წესი, საუკეთესოს ველი.“ ისინი, ვინც ამ აზრს ეთანხმებიან, მაღალი ოპტიმიზმის მქონედ ითვლებიან.

თუმცა ოპტიმიზმი შეიძლება დაკავშირებული იყოს იღბლის განცდასთან, ქმედების ნაცვლად. გრძელვადიანი იმედი არ არის მხოლოდ ნათელი მხარის დანახვა. ეს არის აზროვნების წესი, რომელიც ადამიანებს ეხმარება გაუძლონ გამოწვევებს, პირისპირ შეხვდნენ მათ და თვალი არ მოაშორონ მიზანს.

„ჩვენ“ VS „მე“

ფსიქოლოგიურ კვლევებში იმედი ხშირად განისაზღვრება, როგორც წარმატების ძლიერი ნება და მიზნის მიღწევის გეგმები. იმედი ოპტიმიზმზე ძლიერია ტკივილთან გამკლავებისას. მრავალი სამეცნიერო მტკიცებულება მიუთითებს, რომ იმედი აუმჯობესებს ადამიანების ჯანმრთელობას და ზრდის მათ კეთილდღეობას.

ბევრმა ლიდერმა, მათ შორის კინგმა, გამოიყენა იმედი ცვლილებების შთასაგონებლად. სულიერი და ფილოსოფიური ნაშრომები საუკუნეების განმავლობაში აღწერენ იმედს, როგორც სათნოებას, რომელიც სიყვარულის მსგავსად, არის გადაწყვეტილება და არა გრძნობა.

დროის მითი

კინგი არ იყო ცნობილი ნათელი მხარის დანახვის უნარით და არც საუკეთესოს მოლოდინი ჰქონია სხვებისგან. ის დიდი კრიტიკის ობიექტი იყო და სიკვდილის დროს მას უფრო ნაკლები ამერიკელი უჭერდა მხარს, ვიდრე ვიეტნამის ომს. კინგმა გააკრიტიკა საზოგადოება იმის რწმენისთვის, რომ გაუმჯობესება უბრალოდ თავისით მოხდებოდა. როდესაც მან თქვა, „მორალური სამყაროს რკალი გრძელია, მაგრამ ის სამართლიანობისკენ იხრება,“ ის არ აღწერდა მის ბუნებრივ ტრაექტორიას, არამედ იმას, რისი შეცვლაც ადამიანებს შეუძლიათ. არ შეიძლება უკეთესი საძოვრების მოლოდინი გქონდეს, თუ მათ დღეს არ უვლი.

კინგი არ იყო მარტო სათნო იმედის სამართლიანობისთვის გამოყენებაში. ბრაზილიელი განმანათლებელი პაულო ფრეირე აღწერდა იმედს, როგორც “ეგზისტენციალურ იმპერატივს”, რომელიც ხელს უწყობს მოქმედებას. ნელსონ მანდელამ, რომელმაც 27 წელი ციხეში გაატარა, იმედს “ძლიერი იარაღი” უწოდა.

გამოწრთობა სირთულეების დროს

იმედს სასარგებლოდ აქცევს არა მისი უნარი ხელი შეუწყოს ბედნიერებასა და წარმატებას, არამედ ერთგულება საკუთარი თავის მიღმა არსებული უფრო დიდი სიკეთისადმი.

სამხრეთ აფრიკის ზულუს თემში, სადაც ოპტიმიზმის მცირე საფუძველი არსებობს, იმედიანობის კვლევა საკმაოდ რთულია. სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ყველაზე მკვეთრი უთანასწორობა ახასიათებს. აქ უმუშევრობა მაღალია, სოციალური მობილობა კი – დაბალი. ეს არის ქვეყნის ის ნაწილი, სადაც აივ ინფექცია ყველაზე მეტადაა გავრცელებული, ზოგიერთ თემში პროცენტული მაჩვენებელი 50%-ს უახლოვდება.

მკვლევრებმა შეისწავლეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იმედის განსახიერებად მიიჩნეოდნენ, მათი რეპუტაციისა და საზოგადოების რეკომენდაციების საფუძველზე. ეს ინდივიდები ავლენდნენ უკეთესი მომავლისკენ შეუპოვარ სწრაფვას, ხშირად პირადი წარმატების მოლოდინის გარეშე.

მაგალითად, ერთ ადგილობრივ ფერმერს, უჭირდა თესლის ყიდვა თავისი მეურნეობისთვის, მაგრამ მაინც ეხმარებოდა სხვებს გრანტების მოპოვებაში, მათ შესაძენად. მაშინაც კი, როცა მისი საკუთარი მომავალი გაურკვეველი იყო, თავისთვის მარაგს მაინც არ აკეთებდა. ის ვალდებულად თვლიდა თავს, დაეხმარებოდა სხვებს. მას არ ჰქონდა პოზიტიური მოლოდინი, არამედ მორალური ვალდებულება.

მეორე მაგალითი – ერთმა უმუშევარმა ახალგაზრდა ქალმა თქვა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ეძებდა სამსახურს და გააგრძელებდა შემდეგაც ძებნას. მას არ ჰქონია დიდი მოლოდინი, თუმცა ჰქონდა იმედი და ეს იცავდა პარალიზებისგან.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტების უმრავლესობა თავიანთ იმედს ქრისტიანულ რწმენაში აფუძნებდა, როგორც კინგი. კინგი ხშირად ახსენებდა წმინდა პავლეს, ერთ-ერთ პირველ ქრისტიან მწერალს, რომელმაც დაწერა: „ტანჯვა წარმოშობს გამძლეობას, გამძლეობა წარმოშობს ხასიათს, და ხასიათი წარმოშობს იმედს.“

წყარო: fastcompany

3 სტრატეგიული კითხვა პროაქტიული ბრენდის შესაქმნელად

რითი განისაზღვრება „წარმატება“ შემოქმედებითი ადამიანებისთვის 2025 წელს?