in

სატრანსპორტო ქსელი Hophop.ge, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთი მიმართულებით მიმავალ ადამიანებს

Startauperi
Startauperi

Hophop.ge სატრანსპორტო ქსელია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთი მიმართულებით მიმავალ ადამიანებს. პროექტი თებერვლის შუა რიცხვებიდან ჩაეშვა და საიტზე რეგისტრაციის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 18 წლიდან, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს Hophop.ge-ს მომსახურებით. ვებგვერდზე, გარდა საინფორმაციო და სარეგისტრაციო კატეგორიებისა, არის ბლოგი თემებით: „5 ადგილი საქართველოში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ“, „რჩევები დამწყები მოგზაურებისთვის საქართველოში“ და ა.შ იდეის ავტორები ანა ამირეზაშვილი და ანანო კუბლაშვილი არიან. მარკეტერი ესაუბრა ანა ამირეზაშვილს პროექტის იდეაზე, მომსახურების დეტალებსა და მომხმარებლის ნდობაზე.M: რეგისტრაციის პროცესი როგორია?
რეგისტრაცია არის უფასო და ერთნაირად გადიან მძღოლიცა და მგზავრიც, უბრალოდ, დამატებითი ეტაპია მძღოლისთვის, რომ მანქანის ტიპიც აირჩიოს, რამდენი ადგილი აქვს თავისუფალი, ასევე სხვადასხვა კატეგორიაა მის სარეგისტრაციო ჩამონათვალში იმ მოთხოვნებისა, რაც შეუძლია, მონიშნოს: მოწევა, ბარგი, მუსიკა, ცხოველები, მაგალითად, შეიძლება, მგზავრი არ უნდოდეს, რომელიც ეწევა, ან მუსიკის მოსმენა უნდა და ა.შ არჩევანის საშუალება აქვს, რომ რაც მოსწონს, ის პირობები შესთავაზოს პოტენციურ მგზავრს.

M: შეზღუდვები თუ გაქვთ რეგისტრაციის პროცესში?

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირება, გარდა 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდისა. თუკი მომხმარებელი არ არის სრულწლოვანი, ჩვენთან ვერ დარეგისტრირდება, თვითონ ვებგვერდი არ გაუშვებს.

M: რა ხდება რეგისტრაციის შემდეგ?
დარეგისტრირებისა და სასურველი კანდიდატის შერჩევის შემდეგ, რიცხავთ საკომისიოს, რის შემდეგაც ჩვენს ვებგვერდსა და თქვენს მეილზე მოგდით კანდიდატის ტელეფონის ნომერი. საკომისიოს გადახდამდე, საკონტაქტო ნომერი არ ჩანს.

M: მგზავრობის ფასი როგორ განისაზღვრება?
ფასის დადება, აბსოლუტურად, ინდივიდუალურია. მანქანის მფლობელი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად წაიყვანს იმ ადამიანს, რომელიც დაემგზავრება და ეს მითითებული აქვს საკუთარ განაცხადში. უბრალოდ, ჩვენი საკომისიოა მგზავრობის 20%, ანუ რა ფასსაც მძღოლი მიუთითებს, იმის 20%-ის ჩარიცხვა მოუწევს მომხმარებელს. მგზავრობის საფასურს, უშუალოდ, იმ ადამიანს უხდით, ვისაც დაემგზავრებით.

M: რამდენად უსაფრთხოა ამ მომსახურებით სარგებლობა?
ჩვენთან უსაფრთოხოების ზომები მეტ-ნაკლებად, ალბათ, უფრო დაცულია, ვიდრე სხვა მსგავს ქსელებში. ჩვენი ერთ-ერთი ბერკეტი უსაფრთხოებისა არის შეფასების სისტემა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენთან როდესაც იმგზავრებენ, მერე შეუძლიათ, ერთმანეთი შეაფასონ მგზავრმა და მძღოლმაც. რეიტინგის მიხედვით, შეიძლება განსაზღვრა, რომელი მძღოლის ნდობა შეიძლება. ამასთან, რეგისტრაციისას, ფოტოს ატვირთვა შესაძლებელია და ამის მიხედვითაც შეიძლება წარმოდგენის შექმნა.

M: რის საშუალებას გვაძლევს თქვენი ვებგვერდი?
მომხმარებელს შეუძლია, შევიდეს, ჩაწეროს დანიშნულების ადგილი, ვთქვათ, თბილისი-ბათუმი და ამოუგდებს მგზავრობებს ამ მიმართულებით. შესაძლებელია, ასევე, მთლიანი სია ნახოს, რა მიმართულებებია უკვე დადებული და ამ არჩევანის საშუალებით მიიღოს გადაწყვეტილება, სად გაემგზავროს –  ფასის, ადგილისა და დროის მიხედვით.M: როგორია, ამ ეტაპზე, მომხმარებელთა ინტერესი?
ინტერესი არის ძალიან დიდი და რადგანაც ყველაზე აქტიურად „ფეისბუკს“ მოიხმარს, სოციალური ქსელებიდან, ქართული საზოგადოება, სწორედ „ფეისბუკზე“ გვაქვს ყველაზე მეტი გამოხმაურება. 1 თვის მანძილზე 3500-ზე მეტი მოწონება გვაქვს. ათობით განცხადება უკვე დაიდო ჩვენს საიტზე და იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის სეზონზე უფრო გაიზრდება ინტერესი.

M: უფრო ხშირად, რა მანძილზე და რომელი მიმართულებით მგზავრობისთვის სარგებლობენ თქვენი სერვისით?
ძირითადი ინტერესი არის თბილისში შიდამგზავრობები, მაგალითად, ვინც სამსახურიდან, ვთქვათ, სახლში მიდის და მარტო არ უნდა წასვლა, დებს განცხადებებს, მაგალითად, გლდანიდან საბურთალოზე ან ვაკიდან აღმაშენებელზე და იმგზავრებენ მსგავსი მარშრუტის მქონდე ადამიანს.

M: რა გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ, ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ მობილური აპლიკაცია, რაც კიდევ უფრო მარტივს გახდის ჩვენი სერვისით სარგებლობას. 

პირველი ქართული ბიზნეს რეალითი შოუ „კანდიდატი“ – როგორ შეცვალა ექსპერიმენტულმა სივრცემ მონაწილეების ცხოვრება პროექტიდან დღემდე

ინდოეთი უნდა ნახო! – ანდრო დგებუაძის ნამუშევრები