in

სტუმარ-მასპინძლობის სფეროს გადასარჩენად! ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადება

დღეს, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მედიას ინდუსტრიის გადასარჩენად რესტორნების, კაფე-ბარებისა და კვების დაწესებულებების მიერ, ერთობლივად შემუშავებული გეგმა და განცხადება გააცნეს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას და პირადად, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.

BOG
BOG

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წლის გაზაფხულზე, მკაცრი კარანტინის პირობებში, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიამ უმძიმესი დარტყმა მიიღო, ხოლო 2020 წლის 26 ნოემბრის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, როდესაც კვების ობიექტებისა და რესტორნებისთვის მხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა გახდა ხელმისაწვდომი, ინდუსტრია, ფაქტობრივად, იძულებულია, სრულად შეაჩეროს საქმიანობა, ვინაიდან მიტანის სერვისით მიღებული შემოსავლით ვერ შეძლებს აუცილებელი ხარჯის გასტუმრებას.

განცხადებაში, ასევე, საუბარია ბანკების დამოკიდებულებაზე ინდუსტრიისა და მასში მომუშავე ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელი გახდა ნებისმიერი სესხის აღება, რაც შემდგომი ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად დამატებით მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის.

საინიციატივო ჯგუფის შეთავაზება საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის ფარგლებში, რომელიც აუცილებელია, უმოკლეს ვადაში გაიმართოს, აერთიანებს რამდენიმე პუნქტს, რისი შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ სფერომ არსებობა განაგრძოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალისტების პროგნოზით, მუშაობას ვეღარ გააგრძელებს საქართველოში არსებული კვების ობიექტების 80%, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არასახარბიელო მდგომარეობას შექმნის ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით. ასევე, დაზარალდება სტუმარ-მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა მომიჯნავე სფერო, რომელთა ჩამონათვალიც არცთუ მცირეა.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ პუნქტებს შორისაა:

1. სახელმწიფოს მიერ შემდგომი ორთვიანი პერიოდის განმავლობაში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასის
კომპენსაცია 50%-ით;

2. სახელმწიფო გახდეს გარანტი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც სფეროში მომუშავე იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად და ასევე, კვების ობიექტებისთვის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი, ხოლო შეზღუდვების ორთვიან პერიოდში – ნულპროცენტიანი სესხების გამოსაყოფად, რაც მიემართება თანამშრომლების ხელფასების ასანაზღაურებლად;

3. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის, ერთი წლის განმავლობაში, შემსუბუქდეს დღგ-ს განაკვეთი;

4. დაწესდეს საშეღავათო პერიოდი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე;

5. ინდუსტრიას კვლავ მიეცეს საშუალება, ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამით, ერთი წლის განმავლობაში

ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ პუნქტების გაუთვალისწინებლობა სფეროს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი გახდება, სწორედ ამიტომ მიმართავენ წერილით საქართველოს ხელისუფლებას და ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.

ევროპელი მეცნიერები, AI-ს დახმარებით, გასული საუკუნეების არომატებს აღადგენენ

ერთად – ერთმანეთისთვის – „გრანდ ელექტრონიქსი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას იწყებს