მსოფლიოში, საცხოვრებელი ადგილით ონლაინ უზრუნველყოფის ერთ-ერთი ლიდერის – Booking.com-ის სტატისტიკით, თბილისში, 2199 დასარჩენი საშუალებიდან, 102 ჰოსტელია, აქედან ერთ-ერთი კი Hostel Pinn გახლავთ, რომელიც 30 მარტს გაიხსნა სოლოლაკში, ლერმონტოვის 17 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან, დაახლოებით, 300 მეტრში. Hostel Pinn განსაკუთრებული იმით არის, რომ შენობა, სადაც ჰოსტელია განთავსებული, 1907 წელს არის აგებული და ძველი იერსახის ექსტერიერთან ერთად, თანამედროვე ტექნიკისა თუ დიზაინის ინტერიერს სთავაზობს ტურისტებს. Hostel Pinn ოჯახური ბიზნესია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც, მემოგრამისა და ფოტორაქტორის დამფუძნებელი გაბო მელივაა. ჰოსტელის დიზაინზე Studio +--მა იმუშავა, ხოლო შესრულებაზე – გაბო მელივას ძმამ და მამამ – მოქანდაკეებმა – ნიკოლოზ და შოთა მელივებმა. მარკეტერი გაბო მელივას ესაუბრა ჰოსტელის ადგილმდებარეობის შერჩევის კრიტერიუმებზე, Hostel Pinn-ის მომსახურების დეტალებსა და ბაზარზე კონკურენციის გაწევის სტრატეგიაზე.
M: გაბო, ჰოსტელის ლოკაცია როგორ შეარჩიეთ?
რა თქმა უნდა ლოკაცია შევარჩიეთ ისე, რომ ტურისტებისთვის ყოფილიყო საინტერესო. ფართის შეძენისას, ვეძებდით სპეციალურად ჰოსტელისთვის შესაფერის სახლს, რომელიც მყარი იქნებოდა და ამავდროულად, ძველებურ სტილში იქნებოდა შენობაც, მოკლედ, გაგვიმართლა.
M: Pinn Hostel რატომ გადაწყვიტეთ, რა კონცეფციის მატარებელია შერჩეული სახელი?
“Pin“, ხომ ნიშნავს ჭიკარტს, გუგლში რომ მოინიშნო რუკაზე ადგილი, შესაბამისად, ახლოს არის ამ სფეროსთან და პლუს, “inn“ ნიშნავს პატარა სასტუმროს და კარგად ჩაჯდა, კონცეფციის მიხედვით, ეს სახელი შევურჩიეთ.
M: რამდენი ადამიანის მიღება შეუძლია Hostel Pinn-ს?
მაქსიმუმ, 16 ადამიანისთვისაა ჩვენი ჰოსტელი გათვალისწინებული. გვაქვს 3 კერძო ოთახი, რომელსაც აქვს საკუთარი ვანა-ტუალეტი – სამივე ერთნაირ სტილშია გაკეთებული და მაქსიმუმ, 3 ადამიანი ეტევა თითოში. არის კიდევ ერთი ოთახი, რომელშიც 7 საწოლი დგას და ამასაც აქვს 2 საკუთარი აბაზანა.
M: გარდა საძინებლებისა, რას სთავაზობთ ტურისტებს?
ტურისტებს, მოთხოვნის მიხედვით, დილით, საუზმე შეგვიძლია, შევთავაზოთ. ასევე, არის საერთო სამზარეულო, სადაც ყველანაირი საშუალებაა იმისთვის, რომ თვითონაც გააკეთონ საჭმელი. ამას გარდა, სარეცხი მანქანები, ტოსტერი, მიკროტალღური ღუმელები და ა.შ. ყველა საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფილია ჰოსტელი. ვაპირებთ, სავაჭრო ავტომატი დავდგათ სასმელებისთვის. გვაქვს, ასევე, ორი ლაუნჯი.
M: თქვენი კლიენტის ტრანსპორტირებას თუ უზრუნველყოფთ?
შეგვიძლია, ტურისტს აეროპორტიდან წამოყვანა შევთავაზოთ, ასევე, ჩვენივე ჰოსტელში შეუძლიათ ველოსიპედების ქირაობა.
M: რა ფორმით გაქვთ კომუნიკაცია მომხმარებელთან?
მომხმარებელთან კომუნიკაციას რაც შეეხება, ამ ეტაპზე, რაც დავიწყეთ, განვათავსეთ დიდ საიტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯავშანს: Booking.com, Airbnb.com, Hostelworld.com-სა და Expedia.com-ზე, ველოდებით, რომ დაგვიდასტურონ რეგისტრაცია, რადგან განაცხადს რომ აკეთებ, გიკავშირდებიან და რაღაცებს აზუსტებენ. თვითონ ჰოსტელი პატარაა და ვფიქრობთ, რომ შევსება არ გაგვიჭირდება. ვაპირებთ, რომ შევხვდეთ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებსაც შემოჰყავთ ტურისტები, პატარა ჯგუფები და მოვილაპარაკოთ. ასეთი პატარა სასტუმროებისთვის მნიშვნელოვანია მოყვანილი კლიენტები. ხშირად არის ხოლმე, რომ რეკომენდაციას თვითონვე, კლიენტები უწევენ, რომ სხვა ტურისტიც ჩამოვიდეს. ახლა, მაგალითად, უკვე რამდენიმემ გვითხრა, რომ გაუწევენ რეკომენდაციას ჩვენს ჰოსტელს.
M: არსებულ ბაზარზე, კონკურენციის გაწევის რა სტრატეგია გაქვთ არჩეული?
ჩვენი სტრატეგია ის არის, რომ პირველ რიგში, რაც სჭირდება სტუმარს, ის ყველანაირი კომფორტი შევუქმნათ და ამით გავითქვათ სახელი. ჯერ მარტო იმით ვუწევთ კონკურენციას სხვებს, რომ ყველა დეტალს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ბევრად ხარისხიანია თვითონ პროექტის, დიზაინის შესრულება, საწოლები გვაქვს ხარისხიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ა.შ.
M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
ფასი, რაც მთავარია, ბაზარზე არსებულ ჰოსტელებზე ცოტა ძვირი არის, ანუ განსხვავება ფასშიც გვაქვს, თუმცა ჩვენი მომსახურებისა და გარემოს ხარისხს თუ შევადარებთ, ძალიან მაღალი ფასი აღარ გამოდის.
M: კლიენტების სტატისტიკა როგორია?
კლიენტები უკვე გყვავს, ახლაც დაჯავშნილია 3 ოთახი და „დორშიც“ რამდენიმე დაკავებულია. გახსნის დღიდან, დაახლოებით, 10 კლიენტი გვყავდა უკვე.













