ტატო ახალკაციშვილის გამოფენის გახსნა სასტუმრო ტელეგრაფის ახალ სივრცეში გაიმართა. კომპანია სილქნეტის მიერ წარმოდგენილი მრავალფუნქციური სივრცე გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს და სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.
„ქართველი არქიტექტორის, ქეთუნა ყრუაშვილის (NOAstudio) მიერ შექმნილ ინტერიერში ჭარბობს ხის და ბეტონის კომბინაცია, რაც შესაძლებლობას იძლევა ამ სივრცეში წარვადგინოთ მრავალმხრივი ნამუშევრები. სივრცე ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. სამომავლოდ აქ სხვადასხვა საინტერესო ექსპოზიციას შევთავაზებთ სტუმრებს.” მარიამ კაკაბაძე, სილქ ჰოსფითალითის არტკურატორი.
ტატო ახალკაციშვილი თბილისში 1979 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, რის შემდეგაც ის შემოქმედებითი ჯგუფის „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოს“ წევრი იყო. 2003-2007 წლებში ახალკაციშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში. ხელოვანის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ლანდშაფტმა და მისმა სტრუქტურამ, რომელსაც წლებია იკვლევს. ახალკაციშვილი ხშირად ცდილობს მეტაფორების გამოყენებას. ამით ის იმ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს წარმოაჩენს და უსვამს ხაზს, რომელიც მას პირადი მოგონებებისა და ისტორიის გზაჯვარედინზე მოაქცევს. მისი ნამუშევრები სამუშაო სივრციდან Network Lounge-ში იქნა გამოფენილი. ნახატები მისტიკურ და სიურრეალისტურ პეიზაჟებს ბუნდოვან ჰორიზონტებთან აერთიანებს.
„სილქ როუდ ჯგუფი, კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა ხელოვნების მხარდაჭერით. ეს ახალი სივრცეც არის ამის ერთ-ერთი დასტური, იმ მნიშნველოვანი დიდი პროქტების გარდა რასაც კომპანია ახორციელებს. მიხარია, რომ ამ სივრცის გახსნა ჩემი ნამუშევრებით მოხდა. უმეტესი ჩემი ნამუშევარი არის ბოლო 1 წლის მანძილზე შექმნილი, ჯერ არსად არ გამოფენილა და პირდაპირ ჩემი სტუდიოდან გადმოვიდა ამ სივრცეში,” – ტატო ახალკაციშვილი, მხატვარი.

„სასტუმრო ტელეგრაფის სივრცეში ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრების გამოფენა სილქ ჰოსფითალითისა და სილქნეტის მხარდაჭერით არის წარმოდგენილი. ექსპოზიცია სასტუმროს სივრცეში 19 მაისამდე დარჩება. გახსნის დღიდან სასტუმრო ტელეგრაფი უცხოელი და ადგილობრივი სტუმრების საყვარელ შეხვედრების ადგილად იქცა. გარდა კულინარიული გამოცდილებისა, რასაც ისინი ეზიარებიან, ჩვენ ბევრ საინტერესო სანახაობას ვთავაზობთ,” – ნუცა რამიშვილი, სასტუმრო ტელეგრაფის გენერალური მენეჯერი.

სილქ ჰოსფითალითის საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია და 20-ზე მეტ სხვადასხვა ობიექტს აერთიანებს. კომპანია არაერთი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ხელშემწყობია. სილქ ჰოსფითალითის მხარდაჭერით რადისონ ბლუ ივერიას და წინანდლის მამულის საგამოფენო სივრცეები ყოველ სეზონზე სხვადასხვა ცნობილი ქართველი მხატვრების გამოფენებს მასპინძლობს.
[პარტნიორის კონტენტი]
















