in

სასტუმრო “ზებო” – ადგილი, სადაც სოფელ გობრონეთის ტურიზმი ჩაისახა

მაღალმთიანი სოფლების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამ მთებში ბევრ ძალიან საინტერესო ისტორიას ინახავენ. ქედის სოფლების მასპინძლებზე მოყოლას კვლავაც განვაგრძობთ და ამ სტატიაში სწორედ რომ ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ისტორია უნდა გიამბოთ. ეს ისტორია სოფელ გობრონეთის მკვიდრს, ზებურ ბოლქვაძეს ეხება, რომელმაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სოფელში ტურიზმი “ჩაიტანა”. დღესდღეობით სიტყვა “ტურიზმი” აღარავისთვისაა ინოვაციური, თუმცა, იმ პერიოდში, როცა ბატონმა ზებურმა ეს მოახერხა, სიტყვაც და მისი მნიშვნელობაც თავისი არსით ნამდვილად იყო ინოვაციის მატარებელი. მისი არავის სჯეროდა – აბა რა დასაჯერებელი იყო იმ სოფელში ტურისტის მიღება, სადაც არც გზა იყო, არც ელექტროენერგია და არც წყალი. თუმცა, ჩვენი სტატიის გმირმა მაინც მოახერხა თავისი ოცნების ასრულება და დღეს უკვე ამ სოფელს ვიზიტორები 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჰყავს მიღებული.

უფრო ვრცლად თავისი ისტორიის შესახებ ბატონი ზებური თავად გაგვესაუბრა:

ტურიზმის განვითარების იდეის დაბადება

გობრონეთში ტურისტების მიღების იდეა 2005 წელს მონტენეგროში, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დამებადა. მონტენეგროში USAID-მა გამაგზავნა, როგორც ამ სოფლის წარმომადგენელი და როგორც მეფუტკრე. იმ პერიოდში თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს გაკეთება მინდოდა. სწორედ აქ ვნახე ადამიანები, რომლებიც ეკოტურიზმზე, აგროტურიზმზე საუბრობდნენ, გვაჩვენებდნენ ვიდეოებს. მე კი სულ მინდოდა, ტურიზმის კუთხით ჩვენს ქვეყანაში რაიმე გამეკეთებინა. კომუნისტების დროს აჭარა ჩაკეტილი ზონა იყო და აქ საშვის გარეშე არავინ დაიშვებოდა, შესაბამისად, ამ კუთხეში, ფაქტობრივად, არ არსებობდა ტურიზმი.

ნიუტონმა რომ მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა, ანალოგიური განცდა დამეუფლა მეც! ვთქვი, რომ ზუსტად ეს იყო, რაც ჩვენს აჭარას სჭირდებოდა. ამ იდეის მოსვლისთანავე იქ (მონტენეგროში) მყოფი 22 კაცი შევკრიბე და ყველას ვუთხარი, რომ შევიცვალე აზრი, აღარ მსურდა თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს გაკეთება და ამიერიდან აჭარაში ტურიზმის განვითარებაზე ვიზრუნებდი. რამდენიმემ იქვე მითხრა, რომ ასეთ პირობებში, როცა არც გაზი იყო, არც დენი, ჩვენს სოფლებში არავის მოუნდებოდა მოსვლა.

საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ ამ 22-მა ადამიანმა 5 იდეა ჩამოვიტანეთ მონტენეგროდან და შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მათი პრეზენტაცია გავაკეთეთ. ჩემი ოჯახის წევრებიდან დაწყებული, არავის სჯეროდა ტურიზმის იდეის, თუმცა, 2007 წლის 1 ივნისს პირველი ტურისტი მივიღეთ და აქედან მოყოლებული დღემდე ჩვენთან უკვე 100-ზე მეტი ქვეყნიდან არიან ვიზიტორები ნამყოფები.

პირველი ტურისტები

იმ დროისთვის ხომ ბევრი არაფერი მქონდა ნანახი, ამიტომაც შევეცადე, ჩვენი ყოველდღიურობა გვეჩვენებინა ტურისტებისთვის. ამაში შედიოდა ჩვენი, აჭარული კერძების მომზადება, ჭაჭის გამოხდის პროცესი, თამბაქოს დაჭრა, ყველა იმ ეთნოგრაფიული, ძველი ნივთის დათვალიერება, რაც სახლში მომეპოვებოდა, ისინი კი დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ამ ყველაფერს.

პირველი ტურისტები რომ მოდიოდნენ, მთელი სოფელი იკრიბებოდა ხოლმე, ისე უყურებდნენ, როგორც უცხოპლანეტელს და ცდილობდნენ, მაქსიმალურად მეტი შეეტყოთ მათ შესახებ. თუმცა, გავიდა დრო და აჭარაში ტურისტი უკვე აღარავის უკვირს – ეს ჩვენი ყოველდღიურობა გახდა.

სასტუმრო ზებო

ჩვენი სასტუმრო ძველი აჭარული კონსტრუქციის ტიპის ხის სამსართულიან სახლს წარმოადგენს. როდესაც პირველად გავხსენით სასტუმრო, მესამე სართულზე, ჩვენივე გვერდით ვიტოვებდით სტუმრებს. ტურისტების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ მესამე სართულზე ვეღარ დავეტიეთ და მეორე სართულიც მოვაწყეთ შესაბამისად. მეორე სართულზევეა საკმაოდ დიდი დარბაზი, სადაც დაახლოებით 70 კაცი ეტევა. ამ დარბაზშია გამოფენილი 100-ზე მეტი ეთნოგრაფიული ნივთი, ქების სიგელები, ჯილდოები და ა.შ თუმცა, ეს ნივთები მალე ეთნოგრაფიულ სახლში გადაინაცვლებს და ბინას იქ დაიდებს.

უნდა ითქვას, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის იდეაც მონტენეგროში დამებადა. როდესაც იქ ჩავედით, პირველი ვახშამი სწორედ ეთნოგრაფიულ კაფეში გვქონდა, სადაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ეს ყველაფერი იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ როდესაც სასტუმროს გაკეთება გადავწყვიტე, მაშინვე დავსახე გონებაში, რომ მსგავსი სივრცე მეც უნდა შემექმნა ტურისტებისთვის.

ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა

მე ვარ “ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის” წევრი და არ ვხმარობ შხამქიმიკატებს. ჩემს მეურნეობაში ნახავთ ყურძენს, კივს, მაყვალს, მალინას, კიტრს, პომიდორს, სიმინდს და კიდევ სხვა ბევრ ნატურალურ, ჯანსაღ პროდუქტს. შესაბამისად, ჩემს სტუმრებსაც სწორედ აქ მოყვანილ ხილს, ბოსტნეულსა თუ რძის პროდუქტს ვთავაზობ.

მომსახურება

როგორც პირველ ტურისტებს, დღევანდელ ტურისტებსაც კვლავ ვთავაზობთ აჭარულ კერძებს, ვაჩვენებთ ჩვენს ტრადიციებს, ვათვალიერებინებთ ნივთებს, რომლებსაც წლების განმავლობაში დიდი სიფრთხილით ვაგროვებდი. გარდა ამისა, ვათვალიერებინებთ ჩვენს სოფელს და ვთავაზობთ ტურისტულ მარშრუტს, რომელიც უკვე 4 წელია სახელმწიფოსგან მარკირებულია. ეს მარშრუტი წრიული ფორმისაა და მისი სიგრძე 14 კილომეტრს შეადგენს. მისი მეშვეობით ავდივართ 1800 მეტრ სიმაღლეზე, მთაზე, საიდანაც საოცარი და ძალიან დიდი მხედველობითი არეალი იშლება. ფაქტობრივად, აქედან 4 მუნიციპალიტეტი და ამ მუნიციპალიტეტების 29 სოფელი მოჩანს. აქვეა მწყემსების ქოხი, სადაც ტურისტები სადილს მიირთმევენ, შემდეგ კი ჩანჩქერის სანახავად მიმყავს ისინი. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის კინტრიშის დაცული ტერიტორიის ბუფერული ზონა და აქაურობა ტურისტებზე საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ზებურ ბოლქვაძის პროექტი გახდა ევროკავშირის მიმდინარე პროექტის “ქედა ლიდერი” საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. აღნიშნული პროექტის საქმიანობები ხორციელდება ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით. დაფინანსების მოპოვების შემდეგ, LAG-ის წევრები აქტიურად ეხმარებიან ბენეფიციარებს პროექტის მიზნების მიღწევაში.

“ქედა-ლიდერი”

“ქედა-ლიდერის” ფარგლებში დავწერე პროექტი და გავიმარჯვე საგრანტო კონკურსში, რამაც საშუალება მომცა, მომეწყო ეთნოგრაფიული, აჭარული ეზო. ვიყიდე სახლი, სადაც ამ ნივთებს განვათავსებდი, ჩვენივე ბეღელი და ნალია დავშალე და ერთ ეზოში მოვუყარე თავი ყველაფერს. გარდა ამისა, ამავე პროექტის დახმარებით, შევქმენი იმგვარი სივრცე, სადაც უკეთ შევძლებ, ტურისტებს ვაჩვენო, ღვინის დაყენების პროცესი, რძის მოწველა, ყველის ამოყვანა, მოსავლის აღება – ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც აგროტურიზმთანაა დაკავშირებული და რაც ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს.

ყველაფერი ამის გაკეთებას 2005 წლიდან ვოცნებობდი და რომ არა “ქედა-ლიდერი”, ალბათ ჩემი გეგმები კიდევ რამდენიმე წლით გადაიწევდა მომავალში. გარდა ამისა, ამ პროექტის ფარგლებში ვიყავი ავსტრიაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საიდანაც ცოტ-ცოტა გამოცდილება და ცოდნა წამოვიღე, რაც სამომავლოდ აუცილებლად დამეხმარება ჩემი საქმიანობის განვითარებაში.

სამომავლო გეგმები

როდესაც ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობას მოვრჩები, გეგმაში მაქვს, რომ სახლის პირველ სართულზე მოვაწყო მარანი და ასევე, ეზოში გავაკეთო საცურაო აუზი. გარდა ამისა, ჩემი სახლის მაღალი სართულიდან საკმაოდ ლამაზი ხედი იშლება, თუმცა, აქ ჩვენ არ გვაქვს დერეფნები და ვაპირებ, რომ სახლს ესეც გავუკეთო. ერთი სიტყვით, ვგეგმავ, ჩემი სასტუმრო ტურისტებისთვის კიდევ უფრო კეთილმოწყობილი გავხადო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი სოციალური კავშირები, სოციალური სამართლიანობის მისაღწევად

Facebook Pages-ზე მომწონებელთა რაოდენობა და Like ღილაკი აღარ გამოჩნდება?