in

როგორ შეცვალა 2020-მა წელმა სამსახურის ძიების პროცესი?

2020-მა წელმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა და ცვლილებების რაღაც ნაწილი, დიდი ალბათობით, სამუდამო იქნება. მაგალითად, სოციალურმა დისტანციამ და დისტანციურმა შეხვედრებმა შეცვალეს კომპანიების მიერ კადრების გუნდში აყვანა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუკი თქვენ ამჟამად სამსახურის ძიების პროცესში ხართ, ალბათ ბევრად უფრო სხვანაირ გზას გაივლით, ვიდრე ამას 1 წლის წინ გააკეთებდით. დაქირავების ექსპერტები გვიზიარებენ თავიანთ პროგნოზებს, თუ როგორ შეიცვლება სამსახურში აყვანის პროცედურა და როგორ უნდა მოემზადოთ საამისოდ 2021-ში.

გართულდება “შეჯიბრი”

მას მერე, რაც კომპანიების ლიდერებმა თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს, ამით გაირკვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება დასაქმებული. ფაქტობრივად, დასაქმების არეალი გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი კანდიდატის გუნდში აყვანა. ეს ყველაფერი ზრდის კონკურენციას – ფაქტობრივად, თქვენ იმ ადამიანებსაც უნდა შეეჯიბროთ, რომლებიც ადრე თქვენს კონკურენტებად არ განიხილებოდნენ იმიტომ, რომ ისინი ფიზიკურად ვერ მოახერხებდნენ ამა თუ იმ სამსახურში სიარულს.

იმისთვის, რომ კანდიდატების “ზღვიდან” თქვენ ამოგარჩიონ, დაგჭირდებათ, შემოქმედებითად მიუდგეთ ამ პროცესს და თქვენი უნარები/შესაძლებლობები სწორედ რომ კრეატიულად წარმოაჩინოთ. ასე უკეთესად დაანახებთ დამსაქმებლებს თქვენს ღირებულებას სამომავლო პოზიციისთვის.

Zoom ინტერვიუები კვლავაც აქტუალური იქნება

კომპანიებს სიტუაციამ აჩვენა, რომ ზუმით გასაუბრებები საკმაოდ ნაკლებ რესურსს მოითხოვს, ვიდრე – ფიზიკური. ამიტომაც, პროგნოზირებენ, რომ დასაქმებისთვის პირველი ან მეორე ინტერვიუები კვლავაც დისტანციურად გაიმართება. რაც შეეხება საბოლოო ეტაპს კი, მას უკვე ოფისში ჩაატარებენ.

შესაბამისად, ზუმ-ინტერვიუსთვის რელევანტურად უნდა მოემზადოთ. იმისთვის, რომ ინტერვიუს დროს ინტერნეტის პრობლემა არ შეგექმნათ, კარგად დარწმუნდით მის მუშაობაში. მაქსიმალურად გამორთეთ სხვა, მასთან დაკავშირებული მოწყობილობებიც, რათა არ შეფერხდეს კავშირი.

მნიშვნელოვანია, იზრუნოთ თქვენს ბექგრაუნდზეც, რომელსაც თქვენი პოტენციური დამსაქმებლები დაინახავენ – ეცადეთ, ის იყოს სუფთა და არა – გადატვირთული.

ელოდეთ ახლებურ შეკითხვას ინტერვიუს დროს

პანდემიამ ყველაფერი შეცვალა და, მათ შორის, ისიც, თუ რა კითხვებს დაგისვამენ გასაუბრების დროს. იმისთვის, რომ ამ გასაუბრებას მომზადებული შეხვდეთ, აუცილებლად ელოდეთ ამგვარ კითხვას: “როგორ  ცდილობდით საკუთარი უნარების გაუმჯობესებას პანდემიის პერიოდში?/ რაიმე ახალი ჰობი ხომ არ შეიძინეთ?/ რა ახალი ინტერესები გაგიჩნდათ?” ამით ისინი ამოწმებენ, თუ რამდენად მონდომებული ადამიანი ხართ და რამდენად ხართ დაინტერესებული თვითგანვითარებით.

ამ პუნქტების მიხედვით მომზადება დაგეხმარებათ, დამსაქმებლებს დაანახოთ თქვენი რეალური პოტენციალი და ის, რომ მზად ხართ 2021-ში – რაც არ უნდა მოხდეს.

წყარო: Fast Company

 



მობილური ტელეფონის “თვითგანკურნებადი” ეკრანები

„გემრიელი აჭარა“ – აჭარული სამზარეულოს საიმიჯო ვიდეორგოლი