საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი სამსახური დიდად ზემოქმედებს მის მიღმა არსებულ ცხოვრებაზე. ფინანსურად, მენტალურად თუ ფიზიკურად სამსახურებრივი გამოცდილება რაღაც მოტივაციას გვაძლევს ან, პირიქით, დიდად გვაზარალებს. შესაძლოა, იმან, თუ როგორ გაატარებენ თანამშრომლები დროს სამსახურში, მნიშვნელოვნად იმოქმედოს მათივე მეგობრებზე, პარტნიორებსა და განსაკუთრებით, შვილებზე. თუმცა დღეს ამას ბევრი დამსაქმებელი ვერ იაზრებს…
იმისათვის, რომ მშობლების სამსახურის გავლენა შეესწავლათ მათივე შვილების განვითარებაზე გრძელვადიანი კვლევა ჩატარდა, რომელიც 370 დაბალი ხელფასის მქონე პირს მოიცავდა, მათი შვილების ასაკი კი 10 წელს არ აღემატებოდა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ შედეგებს დააკვირდნენ, როგორც დედების, ისე მამების შემთხვევაში — დადგინდა, რომ ბავშვის განვითარების შედეგები პირდაპირ და მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ნებისმიერი მშობლის პროფესიულ ცხოვრებასთან.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მშობლები, რომლებიც სამსახურში უფრო მეტი ავტონომიურობით სარგებლობდნენ, რომელთაც ხელმძღვანელები მხარს უჭერდნენ, შვილების მიმართ უფრო მეტ სითბოსა და ჩართულობას გამოხატავდნენ. ამას კი, თავის მხრივ, გავლენა აქვს შვილების განვითარებაზე, რადგან, კვლევის თანახმად, თბილი და მზრუნველი მშობლობა ბავშვის პირველივე წლებში მშობლებთან კავშირს აძლიერებს, ხელს უწყობს ემოციების რეგულირებას, აუმჯობესებს სოციალურ უნარებსა და აკადემიურ მიღწევებს. ეს დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რადგან ამ ბავშვებს წლების შემდეგაც დააკვირდნენ — მათ უკეთესი კითხვისა და მათემატიკური უნარები ჰქონდათ, მეტად სოციალურები იყვნენ და ნაკლები ქცევითი პრობლემები აღენიშნებოდათ პირველ კლასში.
აქ კი კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი მამის ტაისონის მაგალითსაც გვიზიარებენ — გადაზიდვების კომპანიაში მუშაობდა, სადაც ხელმძღვანელი მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი გუნდში საუკეთესო თანამშრომლად ითვლებოდა, უნდობლობას გრძნობდა და ძალიან სტრესულ მდგომარეობაში იყო. ის აღწერდა, რამდენად დაღლილი და იმედგაცრუებული მიდიოდა სახლში, რის გამოც ბავშვებისთვის ენერგია საერთოდ აღარ რჩებოდა…
და რას ნიშნავს ეს დასაქმებულებისთვის? კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით რომ განვიხილოთ, ნათელია, თუ სამსახური ზემოქმედებს თანამშრომელთა შვილებზე, დამსაქმებლებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რათა ეს გავლენა, რაც შეიძლება პოზიტიური გახადონ. ბიზნესის თვალთახედვით კი კომპანიის საუკეთესო ფინანსურ ინტერესებში უნდა შედიოდეს ყურადღების გამახვილება იმ ეფექტზე, რომელიც სამსახურს აქვს დასაქმებულთა ოჯახებზე. უნდა გაიაზრონ, რომ როცა თანამშრომლებს თავიანთ პარტნიორებთან თუ შვილებთან პრობლემები აქვთ, ეს სტრესი სამსახურზეც გადმოდის, მივყავართ დაბალ პროდუქტიულობამდე, ცუდ დღეებამდე, ნაკლებად ბედნიერ და უმოტივაციო სამუშაო ძალამდე.
თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ მშობლებისთვის ავტონომიურობისა და მხარდამჭერი ურთიერთობების უზრუნველყოფით შეგვიძლია, ბავშვების კეთილდღეობაზე ძლიერი პოზიტიური გავლენა გვქონდეს და ეს ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მართალია, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ დაბალხელფასიანი სამსახური სტრესულია და მას ხშირად ცუდ სამსახურადაც აღწერენ, მაგრამ აქვე იმასაც გვიზიარებენ, რომ უფროსები მზრუნველობით გამოირჩევიან, მიუხედავად ფინანსური სტრესისა, რომელიც მსგავსი ხელფასის არსებობისას ხშირად იჩენს თავს. მაგალითად, თმის სტილისტს, რომელსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ ბავშვი ცუდად იყო და აუცილებლად უნდა მოეკითხა, 3 მომხმარებელი ჰყავდა ჩაწერილი — უფროსმა კი საშუალება მისცა, წასულიყო, რადგან მათთვის ოჯახი პირველ ადგილზე დგას. შესაძლოა, აქ დიდი ძალისხმევა არაფერზე დასჭირდათ, მაგრამ ეს ადამიანურობის მცირე ჟესტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობლისთვის, რადგან მას კრიტიკულ მომენტში შვილზე ზრუნვის საშუალება მიეცა.
ამას გარდა, დასაქმებულებს შეუძლიათ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან იმისათვის, რომ თავად სამსახური იქცეს პოზიტიურ გამოცდილებად. აქ შეგვიძლია ლინდას მაგალითი გაგიზიაროთ: იგი სანთლების ქარხანაში მათ შეფუთვაზე მუშაობდა და ხშირად თავისი სურვილით პაკეტებში ჩანაწერებსა და სანთლის სუნის ნიმუშებს დებდა. ამის გამო მომხმარებლებმა სწორედ ლინდას შეფუთვის მოთხოვნა დაიწყეს, უფროსმა კი ეს შეამჩნია და მისთვის საყვედურის თქმის ნაცვლად, ეს შესაძლებლობადაც ჩათვალა — ლინდას მთლიანი გუნდი დაატრენინგებინა, რათა მათაც შესძლებოდათ ანალოგიური შეფუთვების დამზადება, ასე სამსახური უფრო სახალისო და შემოსავლიანიც გახდა.
ხოლო, როცა საქმე თანამშრომლების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას ეხება, ორგანიზაციები უფრო მეტად ფოკუსირდებიან პოლიტიკის ცვლილებაზე, როგორებიცაა მოქნილი გრაფიკი, ანაზღაურებადი შვებულებები და სხვა. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ კვლევის მიხედვით, ამასთან ერთად, აუცილებელია, დასაქმებულები თავს ყოველდღიურად დაფასებულად გრძნობდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ, საჭიროა, ხელმძღვანელებს ვასწავლოთ და წავახალისოთ, რათა მხარი დაუჭირონ მშობლებს და იპოვონ შემოქმედებითი გზები მეტი ავტონომიურობის მისანიჭებლად. ამასთან, მენეჯერებსა და დასაქმებულებსაც დავეხმაროთ კომუნიკაციის უნარების განვითარებაში — ზოგიერთ შემთხვევაში ხელმძღვანელებს იმდენად არ ჰქონდათ დასაქმებულებთან კავშირი, რომ არც იცოდნენ დასაქმებულებიდან რამდენიმე მშობელი თუ გახდა… ჯანსაღი ორგანიზაციები კი აძლევენ თანამშრომლებს დროსა და სივრცეს, რათა გაუზიარონ საკუთარი გამოცდილებები და იდეები, იქნება ეს ანონიმური კვლევების, ლანჩის დროს ფოკუს-ჯგუფებისა თუ არაფორმალური შემოწმებების სახით.
დაბოლოს, იმისათვის, რომ შექმნან ჭეშმარიტად ჯანსაღი და მდგრადი სამუშაო გარემო, დამსაქმებლებმა უნდა გააფართოონ საკუთარი ROI-ს განმარტება — უნდა მოიცავდეს არამარტო რეკრუტერებსა და მათ თანამშრომლებს, არამედ თანამშრომელთა შვილებს, ოჯახებს, სამეზობლოებსა და მთლიან საზოგადოებას. ის, თუ როგორ ექცევიან კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს დღეს, განსაზღვრავს, როგორ გაიზრდება მომავალი თაობა და ეს ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა.
წყარო: HBR