ხის დარგვა სასიცოცხლო ინვესტიციაა, განსაკუთრებით ახლა – როცა დედამიწაზე ტყის საფარი საგრძნობლად მცირდება. თუ როგორ გაიზრდება ხსენებული ინვესტიცია, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის ხე შეარჩიეთ და როგორ ადგილზე გადაწყვიტეთ მისი დარგვა. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ზრუნავთ მასზე დარგვის შემდეგ.
ხის დარგვა ერთგვარად ყველას მარტივ პროცესად გვესახება, თუმცა, თუკი ის არასწორადაა დარგული, არ გაიხარებს. შესაბამისად, საჭიროა, ვიცოდეთ სად, როდის და როგორ უნდა დავრგოთ ხე. ამისათვის კი რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:
როდის უნდა დავრგოთ ხე?
როგორც წესი, ხეები შემოდგომაზე, ფოთოლცვენის პერიოდში ან გაზაფხულზე – ხეებზე კვირტების გამოსვლამდე უნდა დაირგოს. ამ პერიოდში ცივი ამინდებია და გაზაფხულის წვიმებამდე ნერგები ფესვების გამოღებას ასწრებენ. შემდეგ კი, ზაფხულის სიცხე მაქსიმალურად უწყობს ხის ზრდას ხელს. ტროპიკულ და სუბტროპიკულ კლიმატებში, სადაც ხეები მთელი წლის განმავლობაში იზრდება, ნებისმიერ დრო რელევანტურია ხის დასარგავად. რასაკვირველია, იმ პირობით, თუ ხეებს საკმარიის წყალი ექნებათ.
როგორ უნდა დავრგოთ ხე?
- თავდაპირველად, აუცილებელია ნერგის ვიზუალური დათვალიერება. თუკი მის ფესვებზე დაზიანებული ნაწილი შენიშნეთ, აუცილებლად მოაცილეთ, თორემ დიდი შანსია, დაზიანება ნერგის სხვა ნაწილებსაც გადაედოს.
- აუცილებელია განისაზღვროს ხეებს შორის მანძილი, მინიმუმ 2 მ. მაინც უნდა იყოს მათ შორის დაშორება
- თავდაპირველად უნდა ამოვთხაროთ ორმო. თუკი მცენარე დაახლოებით 2-3 მეტრია, ორმო დაახლოებით 80-100 სმ-ის უნდა იყოს.
- კარგი იქნება, თუ ნერგის ჩარგვის შემდეგ საშუალოდ 10 ლიტრი წყლით მორწყავთ. დიდ ხეებს ნიადაგის შემობარვა დაახლოებით, 1 მეტრის რადიუსზე სჭირდებათ, პატარა მცენარეებს – 0,5 მეტრის რადიუსზე
- ხის დასამაგრებლად აუცილებელია, ორმოს ამოვსებამდე მყარი სარი შეუყენოთ
ანუ სად უნდა დავრგოთ ხე?
იმისთვის, რომ ხემ გაიხაროს, 3 ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო: პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც მზე რეგულარულად ანათებს, ასევე, ნიადაგი ნაყოფიერია და სადაც ნორმალური პერიოდულობით იწვიმებს და ნიადაგი გაიჟღინთება. ასეთ პირობებში თითქმის ყველა ხე ხარობს. ასევე, რადგანაც ხის უამრავი სახეობაა, ჩვენ გირჩევთ, იმ კონკრეტული ხის შესახებ, რომელსაც თქვენ დარგავთ, მებაღეს ჰკითხოთ, თუ რა სიგრძის ფესვები გაეზრდება მას, რათა სახლიდან ან ნებისმიერი შენობიდან სწორი დაშორებით დარგოთ ის.
ხეების დარგვა მრავალმხრივ სასარგებლოა: გარდა იმისა, რომ ისინი ქუჩებს, სკვერებს და სხვადასხვა ურბანულ ადგილს ალამაზებენ და ესთეტიკურად კარგ შესახედს ხდიან, ასევე აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს ჟანგბადის გამოყოფით და ინარჩუნებენ ჯანსაღ გარემოს. ზემოხსენებული წესები კი ალბათ სულ ცოტათი მაინც დაგეხმარებათ, სწორად და მარტივად დარგოთ ხე.
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.