სწავლისა და განვითარებისთვის დროის გამოყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ლიდერული კომპეტენციებისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება სურს. თუმცა ბევრი მენეჯერისთვის სწორედ დროის გამოყოფაა პრობლემა. დაწესებული ვადების, ყოველდღიური დავალებებისა და გადაუდებელი შეხვედრების გამო, სწავლის გეგმები სულ უკან გადადის. თუმცა წინსვლაზე ზრუნვა არც ზედმეტად შრომატევადი უნდა იყოს. თანაც, რეალურად, ამ კუთხით, ბევრი რამის გაკეთება ყოველდღიური მუშაობის დროს შეგიძლიათ.
თუ უახლეს კვლევას დავეყრდნობით, სტრუქტურირებული პროგრამები ლიდერობის განვითარების მხოლოდ 10%-ს უნდა შეადგენდეს. განვითარების დანარჩენი ნაწილი კი ექსპერიმენტებსა (70%) და საკუთარი თავის აღმოჩენაზე (20%) უნდა დაიხარჯოს. მაგრამ როგორი შეიძლება იყოს ეს პროცესი? ან საიდან უნდა დაიწყოთ? ქვემოთ რამდენიმე მიდგომას შემოგთავაზებთ, რომელიც ნამდვილად მუშაობს:
ლიდერობის განვითარება
ალბათ, უკვე იცნობთ პლატფორმებს, რომლებზეც ფორმალური გაკვეთილების ჩატარება ხდება, მაგრამ კიდევ არის 2 რამ, რაც მანამ უნდა გააკეთოთ, სანამ ვიდეოს ჩართვის ღილაკს დააჭერთ:
პირველი — მნიშვნელოვანია, ის მთავარი ლიდერული სივრცე დაადგინოთ, რომლის განვითარებაც გსურთ. უკვე ცოტა დრო გაქვთ, ასე რომ, ბევრ საქმესთან ერთდროულად გამკლავებას ნუ ეცდებით. განიხილეთ თქვენ ხელთ არსებული ნებისმიერი მონაცემი ან უკუკავშირი. დაადგინეთ არაუმეტეს 2 კომპეტენცია ან უნარი, რომლის გაუმჯობესებაც გსურთ.
მეორე — დაუწესეთ საკუთარ თავს დროის ლიმიტი. ხელმძღვანელები შეცდომებს უმეტესად სწორედ ამ ასპექტში უშვებენ და ძალიან ბევრს ძალიან სწრაფად ცდილობენ. თქვენ ხშირად ძალიან მოწადინებული ხდებით, დღეში 1-საათიან კონტენტს უყურებთ, ძალიან ბევრი იდეითა და რჩევებით იტვირთავთ თავს, მოტივაციასაც კი კარგავთ, ან ცდილობთ რაღაც განახორციელოთ და მიღებული შედეგებით იმედგაცრუებული რჩებით… სანაცვლოდ, გახსოვდეთ, რომ ეს გრძელი თამაშია. ყოველდღიური პატარა ქმედებები კი, ხანმოკლე აქტივობებისგან განსხვავებით, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ეფექტური იქნება.
საბედნიეროდ, ბევრი ონლაინ პროგრამა ამ გზით, მოკლე ვიდეოების სახით, არის აგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში მხოლოდ 3-5 წუთამდე ინვესტირება გჭირდებათ. იპოვეთ კურსი, რომელიც თქვენი განვითარების სივრცეს ესადაგება. ეცადეთ დღეში 1 ან 2 მოკლე ვიდეოს უყუროთ და ფიზიკური თუ გონებრივი ჩანაწერებიც გააკეთოთ. აქვე, ჩაინიშნეთ იდეები, რომლებიც დაგეხმარებათ, ისინი თქვენს ყოველდღიურობაში გადმოიტანოთ.
საკუთარი თავის აღმოჩენა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამას დროის 20% უნდა დაუთმოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ დღეში 10 წუთზე ნაკლებს ხარჯავთ ფორმალურ სწავლებაზე. საკუთარი თავის აღმოჩენას კი ცოტათი უფრო მეტი დრო დასჭირდება. თანაც, კარგი ის არის, რომ თქვენ ეს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააკეთოთ.
აქ კი გეტყვით იმას, რაც ამ პროცესში დაგჭირდებათ: დრო დაუთმეთ სხვა ხელმძღვანელების კვლევას. იპოვეთ ლიდერი ორგანიზაციაში, რომელიც თქვენივე განვითარების სივრცის შესაბამის ქმედებებს აჩვენებს. გამოიკვლიეთ, როგორ და რას აკეთებენ ისინი. თუ საშუალება გექნებათ, ისიც ჰკითხეთ, რატომ გააკეთეს რაღაც კონკრეტული გზით. მაგრამ არ დააძალოთ, რადგან ხშირად ჩვენც არ ვიცით, რატომ ჩავდივართ კონკრეტულ ქმედებებს… და კვლავ, უბრალოდ არ უყუროთ, გააკეთეთ ჩანაწერები და დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება.
ექსპერიმენტები
ახლა განვიხილავთ იმას, რასაც დროის უმეტესი ნაწილი უნდა დაუთმოთ — ეს ექსპერიმენტებია. იფიქრეთ მეცნიერივით და ჩაატარეთ პატარა ექსპერიმენტები, რათა თქვენთვის ჩვეული ქცევა შეცვალოთ. შემოიღეთ რაღაც, რაც ონლაინ კურსებიდან ისწავლეთ ან გამოიკვლიეთ სხვა ხელმძღვანელები. მაგალითად, თუ თქვენს დაქვემდებარებულთან რთული საუბარი მოგიწევთ, ცადეთ ის მიდგომა, რომელსაც ჩვეულებრივ არ იყენებდით. შეხვედრის წინ გადაწყვიტეთ, რას გააკეთებთ კონკრეტულად. ცადეთ და დააკვირდით შედეგებს. წარმატებულიც რომ არ იყოს, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაუბრუნდეთ იმას, რაც უკვე იცით და გადახვიდეთ შემდეგ ექსპერიმენტზე.
თანაც, კვლევა აჩვენებს, რომ ექსპერიმენტები კრიტიკული კომპონენტია თქვენი ლიდერული იდენტობის გაძლიერებისთვის. დროთა განმავლობაში კი, სიახლეების ცდა თქვენი განუყოფელი ნაწილიც გახდება. ისიც მართალია, რომ ექსპერიმენტებს თქვენი დროის უმეტესი ნაწილი მიაქვს, მაგრამ ის თქვენ ყოველდღიურობაშია ინტეგრირებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დროის გამოყოფა მის აღსაწერად. დიახ, თქვენ ჩანაწერები უნდა გააკეთოთ იმის შესახებ, თუ რას ცდილობთ და როგორ მუშაობს ის.
აი, როგორ უნდა გახდეთ უკეთესი ლიდერი
ლიდერობის განვითარება უნდა აღვიქვათ, როგორც პროფესიული ცხოვრების მიმდინარე, მუდმივი ნაწილი. ხოლო, როცა დრო ამის საშუალებას გვაძლევს, მნიშვნელოვანია, მასზე ვფოკუსირდეთ. ხშირად ასე არ ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენივე უნარების განვითარება. ყველაფერი, რაც კარგ ხელმძღვანელად ყოფნას სჭირდება, თავდადება და დროში მცირე ინვესტირებაა.
ხოლო, თუ ეს ყველაფერი გადაჭარბებულად გეჩვენებათ, გახსოვდეთ, რომ: არასწორია, როცა ვფიქრობთ, რომ ლიდერობის განვითარება მხოლოდ სამსახურში შეიძლება. თუ კვლევას დავეყრდნობით, ყველაზე ეფექტური ხელმძღვანელები ყოველთვის და ყველგან სწავლობენ. მშობლის სტატუსი, სპორტის გუნდის წევრობა თუ მოხალისეობა — ყველა ეს როლი ლიდერობის ელემენტს მოიცავს. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ ისწავლოთ მათგან, ჩაატარეთ ქცევითი ექსპერიმენტები და ასახეთ, როგორ ესადაგება ეს სწავლება თქვენს სამსახურებრივ პოზიციას. თუ ამას გააკეთებთ, გარანტიაც გექნებათ იმისა, რომ თქვენი განვითარების პროცესი აჩქარდება.
წყარო: HBR