რამდენ ხანს დაუკრავდით ტაშს, თუ იცით, რომ დაგიჭერენ თუ გაჩერდებით? „კლეპტოკრატია“ გიორგი პოპიაშვილის სადებიუტო ფილმია. მისი იდეა ავტორმა ფართო აუდიტორიას პირველად „სფოთლაითის“ სცენიდან გაუზიარა. მოკლემეტრაჟიან ფილმზე გიორგი პოპიაშვილთან ერთად „ენკენი ფილმსმა“ და POSTRED-მა იმუშავეს. „კლეპტოკრატია“ გახლდათ ამბავი შიშზე, რომელიც ადამიანებს აბსურდული მორჩილებისკენ აიძულებს. მოკლემეტრაჟიანი ფილმის იდეა რუსი მწერლისა და პუბლიცისტის, ალექსანდრე სოლჟენიცინი „არქიპელაგი გულაგის“ შთაგონებას ეფუძნება. წიგნი გვიყვება საბჭოთა რეპრესიულ სისტემაზე. ამბავი თვითმხილველთა მონათხრობის, დოკუმენტებისა და ავტორის პირადი გამოცდილების მიხედვით დაიწერა. ნაშრომზე მუშაობა სოლჟენიცინმა საიდუმლოდ დაიწყო, 1958 წელს და 1967 წელს დაასრულა.
გიორგი პოპიაშვილი, ფილმის ავტორი: „ფილმის იდეა, დაახლოებით, სამი წლის წინ გაჩნდა, როდესაც გია ბოხუამ სოლჟენიცინის „არქიპელაგი გულაგიდან“ მოჰყვა მონაკვეთი, სადაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ადამიანები 11 წუთის განმავლობაში, შიშის გამო, ვერ აჩერებდნენ ტაშს, ხოლო ვინც გააჩერა, ის იმავე საღამოს გადაასახლეს ციმბირში, 10 წლით. ტაშის შეჩერების შიშის შესახებ მანამდეც გამეგო. ეს ურბანული მითი ძველი თაობისთვის კარგად ნაცნობია. ფილმის იდეა ამ ნაამბობისთანავე გაჩნდა. მომინდა გადამეღო სწორედ ის 11 წუთი, თუ რა ხდება, როცა აუდიტორიაში მყოფი ადამიანები ტაშს შიშის გამო ვერ წყვეტენ.
M: რატომ არის აქტუალური „კლეპტოკრატია“ სწორედ ახლა და როგორ დააკავშირე ფილმის გადაწყვეტა საზოგადოებაში არსებულ პრობლემებთან?
გიორგი პოპიაშვილი: ვფიქრობ, ფილმის შინაარსი აქტუალურია დღევანდელი მსოფლიოსთვის, რადგან სამწუხაროდ, დიქტატურა კვლავაც ავლენს თავს და მნიშვნელოვანია საუბარი, თუ როგორ ჩაგრავს ადამიანებს ავტორიტარული რეჟიმი და როგორ ეზღუდება ხალხს თავისუფალი, მშვიდობიანი და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება. კონტექსტიდან გამომდინარე, ბევრი ალბათ საქართველოს დღევანდელ სიტუაციასთანაც გაავლებს პარალელს. სამწუხაროდ, ეს კავშირი მართლაც არსებობს, თუმცა ვფიქრობ, თემა სცდება საქართველოს მასშტაბებს. ტირანიის პრობლემა დღეს მსოფლიო მასშტაბით დგას, პირველ რიგში, გვევლინება რუსეთის სახით და არამარტო. ვფიქრობ, ამ ამბის მნიშვნელობა პოლიტიკის მიღმაც არის. ვფიქრობ, ესაა სახე ნებისმიერი მანკიერი იერარქიული სისტემის, სადაც ზემდგომი წრე არ სცემს პატივს დანარჩენ ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, მთავრობა იქნება, მშობელი, უფროსი თუ მეზობელი – როდესაც ხარ მორჩილებით მართულ სისტემაში და მორჩილებით იწყებ მისთვის ტაშის კვრას, ადრე თუ გვიან მიხვალ იმ სიტუაციამდე, რა სიტუაციაშიც აღმოჩნდა ის ხალხი, როდესაც 11 წუთის მანძილზე, შიშისგან ვერ აჩერებდა ტაშს.
ბაჩო მებურიშვილი: ძალიან, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეაა, თან ერთდროულად რამდენიმე კუთხით. პირველ რიგში, შემოქმედებითი ამოცანაა ძალიან რთული და საინტერესო უნდა ვაჩვენოთ ერთ სივრცეში, ერთი და იგივე მოქმედება 11 წუთის განმავლობაში და ამ უწყვეტ მოქმედებაში მოყვეთ იმ დროის ადამიანური ისტორიები და ვაჩვენოთ ის აბსურდული მდგომარეობა, სადაც ნებისმიერი დიქტატურის დროს აღმოვჩნდებით ხოლმე ადამიანები. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ კარგად გავაანალიზოთ წარსული, რომელშიც ჩვენ და ჩვენმა წინა თაობებმა იცხოვრეს. საინტერესოა ის გზა და არჩევანი როგორ აღმოვჩნდებით ხოლმე ადამიანები ასეთ გარემოში.
M: როგორ შედგა თანამშრომლობა გიორგი პოპიაშვილსა და „ენკენი ფილმსს“ შორის?
ბაჩო მებურიშვილი: როგორც ყოველთვის, მარტივი საუბარიდან იწყება ხოლმე. პოპიკას ჰქონდა ეს იდეა და პროცესში მეც გამიზიარა. შეუძლებელია ეს იდეა მოისმინო და ვერ მიხვდე, შემოქმედებით პოტენციალს. ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმას, თუ როგორი საჭიროა ასეთი პროექტები საზოგადოებისთვის. შემდეგ იყო ფინანსების მოძიების საკმაოდ რთული პროცესი, რაც ყოველთვის რთულად მიდის საქართველოში. მაგრამ რაც ძალიან მაგარია, ადამიანები იდეის გარშემო უმეტესწილად უანგაროდ და ჰონორარის გარეშე გაერთიანდნენ. ისე მოხდა რომ ძალიან მალე უკარგესი გუნდი შეიქმნა, რომელმაც პოპიკას მეთაურობით ძალიან კარგი პროდუქტი შექმნა.
M: როგორც ახსენეთ, ფილმის გადაღებისთვის საჭირო ბიუჯეტს „ქრაუდფანდინგის“ პრინციპით აგროვებთ…
გიორგი პოპიაშვილი: როდესაც იდეა გარკვეულ ფორმამდე მივიყვანე, რამდენიმე ფროდაქშენ კომპანიას ვესაუბრე მის განხორციელებაზე. საბოლოო ჯამში, ენკენი ფილმსთან ერთად მუშაობა გადაწყდა. თავდაპირველად საცდელი გადაღება მოვაწყვეთ, 15 ადამიანის შემადგენლობით. ვიმუშავეთ ქასთინგზე, კოსტიუმებზე, პატარა რეპეტიცია გამოგვივიდა. ძალიან კარგი გამოცდილება იყო და დაგვეხმარა უკეთ დაგვენახა ყველაფერი, საით შეიძლება წავსულიყავით ფროდაქშენის კუთხით. ამის შემდეგ, „ფანდრაიზინგის“ ხანგრძლივი და შრომატევადი ეტაპი გავიარეთ. ასობით ადამიანსა და ორგანიზაციას ვესაუბრეთ დაფინანსებაზე. საბოლოო ჯამში, საჭირო ბიუჯეტის თავმოყრა ვერ მოხერხდა. ამიტომ, Kickstarter-ის მიმართულებით წავედით. ამ პროექტს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა მეგობრებს შორისაც და მადლობა მათ. მთლიანობაში, საჭირო ბიუჯეტის მხოლოდ 2/3 შეგროვდა და ახლაც ვაგრძელებთ „ფანდრაიზინგზე“ მუშაობას. არასაკმარისი ბიუჯეტის მიუხედავად, „ენკენი ფილმსთან“ ერთად მაინც გადავწყვიტეთ გადაღების დაწყება. ფროდაქშენ ინდუსტრიიდან ბევრი მეგობარი გამოგვიჩნდა, ვინც გადაღებისას დაგვიდგა გვერდით. ძალიან ემოციური იყო ის, რომ პროცესის მონაწილეთა ნაწილმა სრულიად უანგაროდ იმუშავა.
M: გიორგი, შენთვის ეს პირველი ფილმია. როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი?
გიორგი პოპიაშვილი: გადაღებები ზაფხულში მიმდინარეობდა. ბიუჯეტის გამო, ძალიან მკაცრად გვიწევდა პროცესის ოპტიმიზაცია. ძალიან ბევრი დეტალის გათვლა დაგვჭირდა. წარმოუდგენლად ბევრი ვიმუშავეთ, რომ გადაღების ხანგრძლივობა სამ დღეზე დაგვეყვანა, გვემუშავა 80 ადამიანთან და ამავდროულად, ყველა კადრში მხოლოდ ის ადამიანები გვყოლოდა, რომელთა იქ ყოფნაც აუცილებელი იყო. თითო სცენის გადასაღებად, დაახლოებით, 15-20 წუთი გვქონდა, რაც წარმოუდგენლად ცოტა დროა. მთელმა გუნდმა ძალიან პროფესიონალურად იმუშავა და ეს სამი დღე იმდენად ეფექტურად გამოვიყენეთ, რომ საბოლოო ჯამში, საკმარისი მასალა გვქონდა.
ბევრი რამ ვისწავლე. რეკლამები აქამდეც გადამიღია, თუმცა გმირების ხასიათში ასე ღრმად არასოდეს შევსულვარ. ამაში მსახიობები თავიანთი პროფესიონალიზმით დამეხმარნენ. ძალიან საინტერესო პროცესი იყო ქასთინგი. ჯგუფი ძალიან მარტივად შეიკრა.
გადაღების დაწყება სიმბოლურად 8 აგვისტოს დაემთხვა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ემოციური სამი დღე ჩემს ცხოვრებაში.
M: როგორია მოლოდინი ფილმის საფესტივალო პერსპექტივასთან დაკავშირებით?
გიორგი პოპიაშვილი: საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და კოლეგებისა და მეგობრებისგანაც დადებითი შეფასებები წამოვიდა. ვფიქრობთ, ფილმის მთავარი სათქმელი ნათლადაა გადმოცემული. ახლა, ფილმი პოსტ-ფროდაქშენის ეტაპზეა და დასრულებისთანავე გვინდა, რომ დაიწყოს მისი საფესტივალო მოგზაურობა. ვფიქრობ, იდეა ორიგინალურია და გამიხარდება თუ კარგი გამოხმაურება ექნება.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი