in

როგორ აღწევენ თანაბარუფლებიანი ხელმძღვანელები წარმატებას ერთად?

ხელმძღვანელობა ხშირად ერთ ადამიანად წარმოგვიდგენია ხოლმე, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ტოპ-პოზიცია აერთიანებს ორ ან მეტ ლიდერს, რომლებსაც პასუხისმგებლობები, გადაწყვეტილებები და ანგარიშვალდებულება აერთიანებთ. ბოლო დროს, დიდი ყურადღება ექცევა მაღალი პოზიციების ხელმძღვანელების დაღმასვლასა და აღმასვლას ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Salesforce, Netflix, Goldman Sachs, Oracle, SAP და Warby Parker. თანახელმძღვანელობა პრაქტიკულია ბიზნეს ერთეულებში, განყოფილებებსა და პროექტებში, განსაკუთრებით ორი კომპანიის გაერთიანების შემდეგ, როდესაც არსებობს ორივე ჯგუფის წარმომადგენლობის საჭიროება.

დამატებითი და გამორჩეული უნარების, პერსპექტივების, პრაქტიკისა და ენერგიების შერწყმა, რა თქმა უნდა, შეიძლება აისახოს უკეთეს შედეგებში, განსაკუთრებით რთული სიტუაციებისა და საკითხების გადაჭრისას. ეს ხდება უფრო კრეატიული და სტრატეგიული გამოსავლის პოვნისა და უფრო გონივრული გადაწყვეტილების მიღების გზით. ის ასევე იძლევა უფრო მეტ პიროვნულ გამძლეობას და ამცირებს გადაწვის რისკს.

ასევე, თანახელმძღვანელობამ შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღი დომინირების მცდელობა, უკეთესი პოზიციის ძიების მცდელობაში. კვლევამ აჩვენა, რომ ეს იწვევს ორგანიზაციულ არათანმიმდევრულობასა და დაბნეულობას.

ცხადია, ეს ასე არ უნდა იყოს. თქვენ არ უნდა იქცეთ პოლიტიკურ არსებად, რომელიც დროს ხარჯავს იმისთვის, რომ აჯობოს თანა-ლიდერს. ეს იშვიათად მთავრდება კარგად. პარალელურად, მათი უფროსები, კოლეგები, გუნდის წევრები თუნდაც მომხმარებლები – ამ ქცევას ამჩნევენ და იმედგაცრუებულები უყურებენ. როდესაც ყველაფერი წყდება ხვდები, რომ არ დახარჯე საკმარისი დრო იმ შედეგების მისაღწევად, რაზეც ხარ პასუხისმგებელი.

ამის ნაცვლად, შეასრულეთ ეს როლი მონდომებით და პოზიტიურად, იმის აღიარებით, რომ ზოგჯერ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ. ეს სტრატეგიები გაზრდის თქვენს შანსებს, რომ თქვენი თანახელმძღვანელობა წარმატებული იყოს.

გააზიარეთ რაიმე საკუთარ თავზე

აჩვენეთ თქვენი ავთენტური ნაწილი თქვენს თანა-ლიდერს. გაუადვილეთ გაიგოს, რა გსურთ, როგორ აზროვნებთ და რას გრძნობთ. რასაკვირველია, შეიძლება იფიქროთ, რომ ამ ყველაფერს თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ, მაგრამ იქნებ სწორედ ამ გზით მიაღწიოთ ურთიერთგაგებას და აიცილოთ თავიდან შეცდომები?

ჰკითხეთ რჩევა მეწყვილეს

როცა კომპლექსური გადაწყვეტილების წინაშე დადგებით, რჩევა სთხოვეთ თქვენს თანახელმძღვანელს. ეს არ არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. მეტიც, ეს აჩვენებს თქვენს ღიაობას, ალტერნატიული პერსპექტივებისადმი მიმღებლობას და სხვა ადამიანისადმი ნდობას.

დაისახეთ საერთო მიზანი

დაიწყეთ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორი გსურთ გახდეს ორგანიზაცია, პროექტი ან გუნდი. ეს ხშირად უფრო პროდუქტიულია, ვიდრე პირად ამბიციებზე საუბარი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკმარისი ნდობა თქვენს პარტნიორ ლიდერთან.

გამოიკვლიეთ პასუხისმგებლობების უცნობი მხარეები

იმსჯელეთ, ვინ რაზე და როდის არის პასუხისმგებელი. იმუშავეთ სცენარებით – როგორიცაა კომერციული გადაწყვეტილება, ხალხის საკითხი ან მნიშვნელოვანი საბჭოს სხდომა – და განიხილეთ, ვინ რას აკეთებს. დააფიქსირეთ, სადაც გაურკვეველია თქვენთვის რაიმე, გაიგეთ, სად არის პასუხისმგებლობა ან სად გაქვთ საერთო (და შესაძლოა კონკურენტულიც) ინტერესები.

ჩამოაყალიბეთ პროცესი პრობლემების ან უთანხმოების მოსაგვარებლად

ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ აზრთა სხვადასხვაობას, განსაკუთრებით იქ, სადაც იზიარებთ პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებებზე (და მაშინაც კი, როდესაც არ იზიარებთ პასუხისმგებლობას, მაგრამ არ ეთანხმებით).

დისკუსია უნდა მოიცავდეს ძირითად პრინციპებს, რომლებიც დაგეხმარებათ: ერთმანეთის ურთიერთ ინტერესისა და პატივისცემის გამოვლენაში, ორგანიზაციის ინტერესებზე ფოკუსირებაში, სხვების წინაშე უთანხმოების თავიდან აცილებაში…

პროაქტიულად დაუჭირეთ მხარი თქვენს თანა-ლიდერს

იყავით თქვენი თანა-ლიდერის მხარდამჭერი, როდესაც ისინი მნიშვნელოვან საკითხს ან გადაწყვეტილებას იღებენ. ზოგჯერ მათ შეუძლიათ აირჩიონ გზა, რომელიც განსხვავდება იმ გზისგან, რომელსაც თქვენ თავად არჩევდით. მაგრამ მთავარი აზრი ის არის, გაზრდის თუ არა მისი გადაწყვეტილება თქვენს კოლექტიურ შანსებს მიაღწიოთ თქვენს მიზნებსა და საერთო ამბიციას.

ისაუბრეთ შეხვედრებზე, როდესაც ორივე იმყოფებით, რომ გაუზიაროთ თქვენი პერსპექტივა. ეს აყალიბებს ნდობას თქვენს შორის და აჩვენებს სხვებს, რომ ერთად მუშაობთ. ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როცა გუნდის წევრები სტრესს განიცდიან.

როგორიც არ უნდა იყოს სცენარი, აავსეთ თქვენი მხარდაჭერა გულწრფელობით. ადამიანებს შეუძლიათ ადვილად შეამჩნიონ ყალბი პოზიტივი. ასევე, როდესაც ერთად არ ხართ, მოერიდეთ ცდუნებას, შეუერთდეთ თქვენი პარტნიორის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. ეს მხოლოდ აზიანებს თქვენს რეპუტაციას და რისკავთ, რომ თქვენი ნათქვამი იმ ადამიანის ყურამდე მივიდეს, არასწორი ფორმით.

წყარო: HBR



ზაფხულის განწყობით შთაგონებული ბრენდინგი — Vigie

ევროპული კოსმოსური თანამგზავრი ატმოსფეროში დაიწვა