ყველა ორგანიზაციისთვის ინოვაცია უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. დღეს კი ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და კრეატიული ლიდერის, უოლტ დისნეის, შესახებ უნდა გიამბოთ. ოდესმე გიფიქრიათ, თქვენს კომპანიას რისი სწავლა შეუძლია დისნეისგან? თუ არა, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად დაფიქრდებით.
დისნეიმ შექმნა მედია და გასართობი კომპანია, რომელიც დღეისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანად ითვლება — ის კინემატოგრაფიული ხელოვნების ახალ ფორმას ჩაუდგა სათავეში და იმაზე მეტი ოსკარი მოიპოვა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენმა. დისნეის ნამუშევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა, ცხადია, კრიტიკოსებიც არიან, რომლებიც სენტიმენტალურობისა და თავზარდამცემი ოპტიმიზმის მის ლამაზ ფასადს უარყოფენ.
ოცნება, შთაგონება, შესრულება
უოლტ დისნეის თავდაპირველი გამოცდილება მხოლოდ ანიმაციაში ვლინდებოდა. მოგვიანებით კი ყველა ბავშვისთვის საყვარელი ადგილი, დისნეილენდი, შექმნა — მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი ცოდნა არ ჰქონია თემატური პარკის დიზაინის, სოციალური არქიტექტურის ან სამოქალაქო ინჟინერიის თვალსაზრისით. უბრალოდ, უოლტს კრეატიული ხედვა, მეოცნებე სული და ლიდერული თვისებები გამოარჩევდა. სწორედ ეს უბიძგებდა მას და შემდგომ უკვე მის გუნდს, გართობის ახალი ფორმები შეემუშავებინათ და გამოწვევებს შემოქმედებითად შეხვედროდნენ.
ამასთან, დისნეის პირადი სურვილი იყო, ფანტასტიკური სამყაროები შეექმნა, რომლებიც ადამიანებს ბედნიერებას მიანიჭებდა. და რაც მთავარია, ყველაფერი დამაჯერებელი და გულწრფელი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, უოლტმა თითოეული პერსონაჟი თავისი პათოსითა და გრძნობებით შექმნა, რათა მაყურებელი ღრმად დაინტერესებულიყო ისტორიების დრამატული შედეგებით. მას არასოდეს დაუკარგავს ეს ხედვა, კომპანია მის ირგვლივ გაფართოვდა და განვითარდა ათწლეულების განმავლობაში.
Disney-მ მრავალი ინოვაცია შექმნა სიუჟეტების თხრობასა და კინოგადაღებაში, მათ შორის ანიმაციის ახალი ტექნიკები უფრო დიდი რეალიზმით წარმოადგინა. მთლიანობაში კი მან დააწესა სტანდარტები მხატვრული ხარისხისა და ანიმაციისადმი მეცნიერული მიდგომის შესახებ და ახალი უნივერსიტეტი შექმნა ამ ტექნიკის სწავლებისთვის. რომ აღარაფერი ვთქვათ ანიმაციების ფერადოვნებაზე…
ინსპირაციული ძიება
Walt Disney Studios-ის დაარსებიდან დაახლოებით ოცდახუთი წლის შემდეგ, დისნეიმ გააცნობიერა, რომ მას კომპანიის დივერსიფიკაცია სჭირდებოდა და შთაგონების საძიებლად მსოფლიოს ირგვლივ იმოგზაურა. თავად დისნეილენდი დიდწილად კოპენჰაგენის ტივოლის ბაღებით იყო შთაგონებული. უოლტის მიზანი იყო ცოცხალი, მუდმივად ცვალებადი გართობის შექმნა… მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა სამხრეთ ამერიკის ტურში იმყოფებოდა, გასართობი სივრცისთვის Jungle Cruise-ისა და Tiki Room-ის დამატება გადაწყვიტა.
დისნეიმ წამოიწყო „სთორიბორდინგი“, როგორც მხატვრული მულტფილმის მიმართულების დასახვის მეთოდი, რომლითაც მან შეძლო, მისთვის სასურველი თემატური პარკის არსი აღებეჭდა.
დისნეის ღირსშესანიშნავი გენიოსის მთავარი ხედვა მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოვლინდა… მისი ბოლო საქმიანი რჩევა, რომელიც მან საავადმყოფოს საწოლის რამდენიმე ანიმატორს მისცა, იყო: „განსაზღვრე ამბავი. სიუჟეტი ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც კი ისტორია გექნება, დანარჩენი ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“.
იგივე, რა თქმა უნდა, ეხება ყველა მედიის მთხრობელებს, მათ შორის მათ, ვინც ქმნიან, ავითარებენ და მართავენ ონლაინ ბრენდებს, რადგან ბრენდი, ერთი მნიშვნელოვანი ასპექტით, სხვა არაფერია, თუ არა გასართობად მოთხრობილი ამბავი.