როცა საქმე ბიზნესს ეხება, ლიდერის მზარდი ეგოს უკონტროლობამ შეიძლება, კომპანიაში ცუდი შედეგები გამოიწვიოს. თუმცა, ეგო, თავისი არსით, ცუდი რამ სულაც არ არის, უბრალოდ საჭიროა, მასზე კომპანიის მმართველებს, მენეჯერებს ან სულაც ნებისმიერ ადამიანს სწორი წარმოდგენა ჰქონდეს. ეგოს სწორი ფუნქცია ისაა, რომ საკუთარ თავებს თანამედროვე, ჩვენ გარშემო არსებულ კონტექსტში გავუგოთ და შემდგომ ეს გამგებიანობა სოციალურ სივრცეებში, ურთიერთობებში გამოვიყენოთ.
როგორი ეგო იქნება საუკეთესო როგორც თქვენთვის, ისე თქვენი კომპანიისთვის?
შეახსენეთ საკუთარ თავს – მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სახეს წარმოადგენთ, თქვენ არ ხართ კომპანია
ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ სტარტაპები მხოლოდ ერთი ადამიანის მეშვეობით ოპერირებს ხოლმე. ამგვარ შემთხვევებში, გენერალური დირექტორი მართლაცაა მთლიანი კომპანია. თუმცა, უფრო ხშირად, კომპანიებს არამხოლოდ დირექტორები, არამედ მრავალწევრიანი გუნდები მართავენ და ორგანიზაციები სწორედ მათზე დგას. ამიტომაც, ასეთ შემთხვევებში კომპანიის ლიდერებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ. თუკი კომპანია იზრდება, ეს მხოლოდ მათ ხარჯზე არ ხდება და ლოგიკურად ისინი ვერ გათანაბრდებიან მთლიან კომპანიასთან.
რეგულარულად მოითხოვეთ თქვენი თანამშრომლებისგან უკუკავშირი თქვენი იდეებისა და საქმიანობის შესახებ
ძალიან მარტივია ეგო უარყოფითად გაიზარდოს მაშინ, როცა ყველგან თქვენს სახელს ახსენებენ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება იფიქროთ, რომ კომპანიის ფუნქციონირება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა, ეს ასე არაა. თქვენს გუნდთან ხშირი საუბრები დაგეხმარებათ, გაიაზროთ, რომ თქვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ. აუცილებელია, ჰკითხოთ მათ აზრი თქვენი იდეების, სტრატეგიების, ცვლილებებისა და ზოგადად საქმიანობის შესახებ. თქვენი გუნდის წევრები ის ადამიანები არიან, რომელთაც ზუსტად ესმით კომპანიის დეტალები და საჭიროებები. ამიტომაც, ხშირად ესაუბრეთ მათ.
ნებისმიერ საჯარო საუბარში საკუთარ თავთან ერთად თქვენი გუნდის წევრებიც მოიხსენიეთ
ხშირად ახსენეთ კომპანიაზე საუბრისას სიტყვა “ჩვენ”, რათა თქვენს დაწესებულებაში კოლაბორაციულ პოლიტიკას გაესვას ხაზი. დაანახეთ საზოგადოებას, რომ არაფერი გამოვიდოდა მათ გარეშე და ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ როგორც კომპანიაში, ისე თქვენს ცხოვრებაშიც. ასე თქვენი გუნდის გულსაც რამდენადმე უფრო მოიგებთ და საზოგადოებასაც დაანახებთ, რომ მათ აფასებთ.
ჯერ დელეგირება, შემდეგ – აღნიშვნა
კარგმა ლიდერებმა ყოველთვის იციან, თუ როგორ უნდა გადაანაწილონ ამოცანები და პასუხისმგებლობები. საამისოდ აარჩიეთ რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომლებსაც ენდობით და დაანახეთ, რომ მათ თქვენი მხარდაჭერა აქვთ. ანდეთ დიდი საქმეები – მათ ხომ უკვე საკმარისი გამოცდილება აქვთ. როდესაც ისინი სამუშაოს დაასრულებენ, მათთან ერთად აღნიშნეთ ეს ფაქტი. ეს ხაზს გაუსვამს იმას, რომ თქვენთვის თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია.