წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც კოლეგებს ზღვის ნაპირზე შეხვდებით, ან მსოფლიოს ერთი ქალაქიდან მეორეში ტელეპორტირდებით. რეალობაში, სადაც დღის მანძილზე ძალიან ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი, კარგი იქნებოდა საკუთარი ციფრული ორეულის ყოლა. რაღაც ფუტურისტულად ჟღერს, არა? თუმცა, ინტერენეტის მომავალს სწორედ აქეთკენ მივყავართ. ბოლო მცირე ხნის განმავლობაში, მეტავერსი მოულოდნელად იქცა დიდ ბიზნესად, ტექნოლოგიურ ტიტანებთან (Meta, Microsoft, Roblox…) ერთად. მეტასამყაროში შეგიძლიათ შეიძინოთ მეგობრები, გყავდეთ ვირტუალური შინაური ცხოველები, იქონიოთ მოდური ნივთები, უძრავი ქონება, დაესწროთ ღონისძიებებს, შექმნათ ციფრული ხელოვნება და გამოიმუშაოთ ფული. ეს ყველაფერი ახლა ხდება. საინტერესოა, რომ მეტავერსს ყოველდღიური სამუშაო გარემოს ცვლილებაშიც საინტერესო როლი შეიძლება ჰქონდეს – გუნდებს კოლაბორაციასა და განვითარებაში დაეხმაროს, მეტი გასაქანი მისცეს.
მეტასამყარო სოციალური ურთიერთობების, მობილობისა და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე აყვანას გვპირდება. თუკი 2D სამყაროში ერთდროულად ბევრი ადამიანის ჩართულობა რთულია, მეტავერსი ამას ცვლის.
როგორია სამუშაო გარემო მეტავერსში?
კომპანია NextMeet-ის იმერსიული პლატფორმის საშუალებით, თანამშრომელთა ციფრული ავატარები ვირტუალურ ოფისებსა და შეხვედრებზე რეალურ დროში არიან, ატარებენ პრეზენტაციებს, ურთიერთობენ კოლეგებთან, გამოდიან კონფერენციებზე. მონაწილეები კი, დესკტოპის ან მობილურის საშუალებით ერთვებიან – ირჩევენ საკუთარ ავატარს და კლავიატურას სივრცეში გადასაადგილებლად იყენებენ. ციფრულ სამყაროშიც ისევე მოძრაობენ, როგორც რეალურში.
სხვა კომპანიებმა მეტავერსი თანამშრომლების განტვირთვის სივრცედ აქციეს ან ისეთი ფუნქციები შექმნეს, როგორებიცაა:
შემთხვევითი შეხვედრები: რეალურ დროში, ვირტუალურ სამუშაო გარემოში მოულოდნელადაც შეიძლება წააწყდეთ ვინმეს და ცოტა ხნით საუბარიც გაუბათ.
კარგი განწყობის გარემო: მაგალითად, ტყე, აკვარიუმი, ან თუნდაც მთვარეზე გასეირნება.
რეალურ მისამართზე მიტანის სერვისი: შეკვეთა მეტავერსიდან შეგიძლიათ, ამანათს კი, ნამდვილ მისამართზე მიიღებთ.
გასეირნება რეალურ დროში: ეს ოფისში ან სხვა გარემოში ნამდვილ სეირნობას ჰგავს, უბრალოდ, ყველაფერი მეტავერსში ხდება.
კოლეგის გაცნობა ციფრულ სამყაროში
მეტავერსში არამხოლოდ ცოცხალი კოლეგის გაცნობას შეძლებთ, არამედ ხელოვნური ინტელექტის ბოტების დამეგობრებასაც, რომლებიც ადამიანების სახით მოგევლინებიან. ისინი მრჩევლებისა და დამხმარეების ფუნქციებს აიღებენ საკუთარ თავს და თქვენ ნაცვლად, რუტინულ საქმეს შეასრულებენ.
ბოლო წლებში საგრძნობია წინსვლა AI სისტემების კუთხით – ციფრულ ადამიანებს შეუძლიათ აღქმა, კონტექსტის ინტერპრეტირება, ემოციების ჩვენება, ადამიანური ჟესტების გამეორება და გადაწყვეტილების მიღება.
ემოციების გაზიარება მეტავერსში ასევე მნიშვნელოვანია. სტარტაპი SoulMachines AI-სა და ავტონომიური ანიმაციური რენდერინგის საშუალებით, რეალისტური გამოსახულებების შექმნაზე მუშაობს, რომელსაც ემოციური რეაგირება შეეძლება. ციფრულ ადამიანებს განსხვავებული როლები აქვთ აღებული – კონსულტაციები სილამაზის, უძრავი ქონების სფეროში, სპორტული ტრენინგი, აბიტურიენტების მომზადება და ა.შ.
მეტავერსში სწავლება უფრო ადვილია
მეტავერსმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სწავლებისა და უნარების გამომუშავება. AI-ის დახმარებით, ციფრულ ქოუჩებს შეუძლიათ ასისტენტობა გაუწიონ თანამშრომელს ან კარიერული რჩევა მისცენ. ამასთან, მეტავერსში ბევრად ინტერაქციული იქნება პროდუქტები, სერვისები, სავარჯიშოები, სიმულაციები, გეიმინგი და სხვა.
მეტავერსის ეკონომიკა ახალ როლებს საჭიროებს
მეტავერსი უბრალოდ ახალი სივრცე არაა. ის სრულიად გარდაქმნის ეკონომიკას. ციფრულ ეკონომიკას კი ყველაფერი ახალი დასჭირდება. მაგალითად IMVU, რომელიც ავატარებზე დაფუძნებული სოციალური ქსელია, 7 მლნ მომხმარებლით, ათასობით კრეატორს ქირაობს მეტავერსისთვის ვირტუალური პროდუქტების დასამზადებლად. ამდენად, თუკი სამომავლოდ პროფესიის გადაფასებას აპირებთ, მეტავერსულ მიმართულებაზეც იფიქრეთ.
წყარო: HBR










