in

როგორ ზეგავლენას ახდენს მხარჯველობითი ჩვევები ფსიქოლოგიაზე

ფსიქოლოგია რომ პირდაპირ კავშირშია ფულის ხარჯვასთან, ამას ჩვენი ყოველდღიური შეგრძნებები ადასტურებს, მაშინ, როდესაც საფულეებსა თუ საბანკო ანგარიშებზე თანხა გიცოტავდებათ. თუმცა, მხოლოდ ფულის ხარჯვა არ მოქმედებს თქვენს განწყობაზე. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ/რა გზებით დახარჯავთ ან შეინახავთ თქვენს თანხას. შეიძლება ამ ყველაფერს ყურადღებას არც აქცევთ, თუმცა, ადამიანს თავისდა უნებურად უვითარდება მხარჯველობითი ჩვევები და სწორედ მათი წყალობით შეიძლება აღმოჩნდეს ღრმა სტრესში.

დანაზოგებზე დარდი

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი დანაზოგები და ვალები პირდაპირ კავშირშია თქვენივე სტრესის მაჩვენებელთან. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ამერიკელების 37%-მა ძლიერი სტრესი მიიღო, სწორედ მაშინ, როდესაც საკუთარ საპენსიო დანაზოგებზე ფიქრობდა. რეალურად კი, დანაზოგებსა და ვალებზე დარდი ეფექტური საშუალება სულაც არაა იმისთვის, რომ პრობლემები მოაგვაროთ. უმთავრესი შეცდომა, რომელსაც ასეთ დროს უშვებთ, არის “ზედმეტი შენაძენი”, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც თქვენი სტრესის მიღმა დავალიანებები იმალება, აღარ უნდა გაახალისოთ თავი ახალი შენაძენებით. თქვენ, ალბათ, ფიქრობთ ასეთ მომენტებში, რომ სიახლე სიამოვნებას მოგანიჭებთ და კარგ განწყობას მოგგვრით, თუმცა, რეალურად იგი კიდევ ერთი ნაბიჯია ღრმა სტრესისკენ. დავალიანებების დროულად დაფარვა კი მომენტალურად გაგიქრობთ წუხილს.

რა მოყვება დაუგეგმავ შენაძენს?

არიან ისეთი ტიპის ადამიანები, რომლებსაც “ექსტრა” ნივთების შეძენა ახასიათებთ მაშინ, როდესაც სალაროს რიგში დგანან. არიან ისეთებიც, რომლებიც უსასრულოდ ბევრ წვრილ ნივთს ამატებენ კარტაზე ონლაინ-შოპინგისას, თუმცა, ეს წვრილმანები საბოლოო ჯამში დიდ ზეგავლენას ახდენს მათ ანგარიშზე. კვლევების თანახმად, სწორედ ამგვარი “იმპულსური შენაძენები” წარმოშობს ადამიანებში სინანულის განცდას.

თუკი თქვენ ამისკენ მიდრეკილი ხართ, მაშინ, საჭიროა, ჩამოწეროთ ფურცელზე, ზუსტად რა გჭირდებათ და მაღაზიისკენ შეზღუდული ბიუჯეტით გაემართოთ. ასეთ შემთხვევაში, ნაკლებია შანსი, “შემოგეყიდოთ” ის, რაც არ გქონდათ გათვალისწინებული და რომც გინდოდეთ, მაინც არ დაგრთავთ თანხა ამის ნებას.

გამოცდილების შეძენა თუ ნივთების შეძენა?

სხვადასხვა ემპირიული კვლევის თანახმად, ადამიანები მაშინ უფრო ბედნიერდებიან, როდესაც გამოცდილებას იძენენ და არა მაშინ – როცა საგნებს ყიდულობენ. მაგალითად, თქვენ, დიდი ალბათობით, მოგზაურობა და ჯერ კიდევ აუთვისებელი ადგილების ნახვა უფრო კარგ განწყობას შეგიქმნით, ვიდრე ახალი ავეჯის ყიდვა. ავეჯი დაძველდება და გადააგდებთ, მოგონებები კი სამუდამოდ დარჩებიან თქვენს გონებაში და ყოველ ჯერზე, როცა მათ გაიხსენებთ, სასიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ.

დროის დაზოგვა

ცნობილია, რომ  როდესაც ადამიანები დროის დასაზოგად ფულს ხარჯავენ, მაშინ მათი სტრესის მაჩვენებელი დაბლა იწევს. მაგალითად, თქვენ შეიძლება დახარჯოთ ფული მანქანის ზეთის გამოცვლაში იმის მაგივრად, რომ ეს თავად გააკეთოთ, ან უბრალოდ, ავტობუსის ლოდინის ნაცვლად, ტაქსით კომფორტულად იმგზავროთ. გქონდეთ მეტი დრო იმისთვის, რომ უკეთესად შეასრულოთ თქვენი პასუხისმგებლობები, ან უფრო მეტჯერ ნახოთ საყვარელი ადამიანები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, რომელსაც ამ ყველაფრისთვის ხარჯავთ.

რაც უფრო მეტად გააკონტროლებთ თქვენს მხარჯველობით ჩვევებს, მით უფრო ჰარმონიულად იცხოვრებთ. ზედმეტი ხარჯვა კარგი არ არის, თუმცა, თუ თქვენივე ჩვევებით შეშინებული რადიკალურ დაზოგვას დაიწყებთ, ეს ბევრად უარესი იქნება თქვენივე ფსიქოლოგიისთვის. ეცადეთ, იპოვოთ ბალანსი მათ შორის და ხარჯოთ რაციონალურად.

წყარო: Inc



სად იქნება შესაძლებელი გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარება?

Nike უშვებს ბოტასს, რომელსაც სმარტფონით გააკონტროლებთ