in

Supermarket Agency – როგორ შეიქმნა ქართული შემოქმედებითი ტალანტის ერთი დიდი „სუპერმარკეტი“

საკომუნიკაციო ინდუსტრიაში ათწლეულების მანძილზე ნამუშევარი ადამიანები ზოგჯერ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ამ გზაზე განვლილი ყველა მარცხი თუ წარმატება საბოლოოდ ერთ მთლიან მოზაიკად იკვრება. ეს შემთხვევაც ასეთი იყო – ეკა ყიფიანს, სანდრო ციცქიშვილს, გიორგი ტაბატაძესა და ვასკა ჩუბინიძს შემოქმედებით სფეროსთან მრავალი წელი აკავშირებთ – მუშაობდნენ და უძღვებოდნენ სააგენტოებს, იყვნენ ფრილანსერებიც, დამკვეთებიც, დამფუძნებლებიც. იმუშავეს ერთადაც და ცალ-ცალკეც. ამ გზაზე გარდაუვალი კითხვა გაჩნდა: როგორ უნდა შეიქმნას გარემო, სადაც ყველა მხარე იღებს იმას, რაც სჭირდება? კლიენტი – კრეატიულ გადაწყვეტას, პროფესიონალი – თავისუფლებას და ღირსეულ ანაზღაურებას, ხოლო ინდუსტრია – წინსვლას? ამ კითხვაზე პასუხი ახალი სააგენტოს ჩამოყალიბება აღმოჩნდა – Supermarket Agency. ნახევარი საუკუნის ჯამური გამოცდილებით, ოთხმა პროფესიონალმა გადაწყვიტა შეექმნა სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ორი სამყაროს საუკეთესო ნაწილების გაერთიანება – სააგენტოს სტრუქტურირებული პროცესები და გუნდური სულისკვეთება. როგორ და რისთვის შეიქმნა Supermarket Agency, სააგენტოს თანადამფუძნებელმა ეკა ყიფიანმა გვიამბო. 

M: რა გაძლევთ მოტივაციას, რომ მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ახალი ენერგიით აგრძელებთ ამ სფეროში მუშაობას?

მოტივაციას გვაძლევს ის უამრავი საინტერესო კითხვა, რომელიც დაგროვდა წლების განმავლობაში და რომელზეც ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხებს. მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ცნობისმოყვარეობა – ახალი გამოწვევები, ახალი მიდგომები, ახალი ტექნოლოგიები და დიდი სურვილი, ვუპასუხოთ კითხვებს: როგორ შეგვიძლია ახალი კომუნიკაციის ფორმების შექმნა? როგორ შეგვიძლია ახალ მედია არხებში წარმატების მიღწევა? რა სტერეოტიპებიდან უნდა გამოვიდეთ და თანამედროვე სამყაროსთან უფრო მეტად დავახლოვდეთ? 

გვინდა უფრო ღრმად ჩავიდეთ ყველა საკითხში და უფრო მეტი ინსაითი ამოვიღოთ თითოეული პროექტიდან. გვინდა ვნახოთ, რეალურად რა შედეგებს მოიტანს ჩვენი ახალი მიდგომები.

დიდი გამოცდილების მიუხედავად, გვჯერა, რომ ახლა ვიწყებთ რაღაც ახალს, მნიშვნელოვანს. ეს გრძნობა არის ის, რაც გვაძლევს ენერგიას გავაგრძელოთ და გავზარდოთ ეს ახალი საქმე.

M: ახალი სააგენტოს შემადგენლობა საკომუნიკაციო სფეროში ხანგრძლივ გამოცდილებას აერთიანებს. გვიამბეთ, რა ფორმა მიიღო მან ამჯერად – როგორია ახალი სააგენტოს კონცეფცია?

ჩვენი კონცეფცია მარტივია – კლიენტისთვის ვართ კრეატიული სააგენტო, ხოლო პროფესიონალებისთვის – საწევრო კლუბი. აქ არავის აქვს ხელფასი, მაგრამ ყველა იღებს პროექტიდან მიღებული შემოსავლის უდიდეს ნაწილს, ჰონორარების სახით.

გავაფართოვეთ სერვისების სპექტრი. გარდა კამპანიებისა, ვმუშაობთ გამოცდილების დიზაინზე, ლოიალობის სისტემებსა და ბრენდის სრულ ეკოსისტემაზე. გვინდა, რომ გუნდებმა იმუშაონ გრძელვადიანი ურთიერთობების ჭრილში – არა ერთჯერადი პროექტები, არამედ წლიური თანამშრომლობა, სადაც სიღრმისეულად ვიქნებით ჩართული დამკვეთის ბიზნესში.

ხანგრძლივი გამოცდილებით მივხვდით, რომ კარგი პროექტების შესაქმნელად კარგი ხალხი და შესაბამისი პირობებია საჭირო. Supermarket Agency-ის მიზანია, გავხდეთ ის სივრცე, სადაც საუკეთესო ტალანტებს შეუძლიათ მუშაობა საუკეთესო პირობებში და საუკეთესო შედეგების მიღწევა კლიენტებისთვის.

M: როგორ იცვლება გარემოება – რა საჭიროებებს ხედავთ დღევანდელ ცვალებად ბაზარზე და როგორ აპირებთ მათ მიხედვით ადაპტირებას?

დღეს, ბაზარი გაცილებით სწრაფად და რადიკალურად იცვლება, ვიდრე ოდესმე. კრიზისული პერიოდები, სეზონურობა, შემცირებული ბიუჯეტები, გაძვირებული ფასები – ეს ყველაფერი ახალი რეალობაა. ამას ემატება ხალხის ყურადღების დეფიციტი, მედია არხების მუდმივი ცვალებადობა და ლოიალობის კლება.

პრობლემები სულ იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება ამ პრობლემების სწრაფი და შედეგიანი გადაჭრის საჭიროება. კლიენტებს უნდათ გადაწყვეტილებები, რომლებიც, ერთი მხრივ, იქნება იაფი და ეფექტიანი, მეორე მხრივ კი – კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული.

განსაკუთრებით ახლა, კრიზისულ პერიოდში, ბიზნესებისთვის ზრდის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მოდელი სწორედ ამ გამოწვევაზე პასუხია – ბიზნესის ზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შეთავაზება რთულ გარემოში.

ასევე ვხედავთ, რომ იცვლება საკომუნიკაციო არხები. აქტიურად ვაკვირდებით ახალ პლატფორმებს და ვმუშაობთ, როგორ შეგვიძლია ინოვაციური გზებით მივაწოდოთ კონტენტი მომხმარებლებს.

„საწევრო კლუბის“ მოდელი საშუალებას გვაძლევს, გუნდში გვყავდეს პროფესიონალები, ასევე, ვფიქრობთ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე – არა იმისთვის, რომ ჩავანაცვლოთ კრეატიული აზროვნება, არამედ რომ გავაძლიეროთ ის და უფრო ეფექტური გავხადოთ.

ჩვენი მიზანია ვიყოთ არა მხოლოდ სერვისის მომწოდებელი, არამედ ნამდვილი პარტნიორი, რომელიც კლიენტებს ეხმარება ინოვაციების დანერგვაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში და ბიზნესის ზრდაში, მიუხედავად იმისა, რა გამოწვევები არსებობს ბაზარზე.

M: რა სერვისებს გააერთიანებს Supermarket Agency და როგორია თქვენი მიდგომა კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების კუთხით?

რადგანაც „სუპერმარკეტი“ გვქვია, ბუნებრივია, აქ პროდუქტების და სერვისების ვრცელი, საინტერესო და განახლებადი ასორტიმენტი გვაქვს. ჩვენთან იყიდება ყველაფერი, რაც ამ სფეროში დღეს ბიზნესის ზრდას ემსახურება.

თავიდან რომ გადავხედეთ, რა სერვისები გვქონდა და რა შეიძლება დაგვემატებინა, აღმოვაჩინეთ, რომ მართლა ბევრი საინტერესო მიმართულების განვითარება შეგვეძლო. გარდა კლასიკური ბრენდინგისა, საკომუნიკაციო კამპანიებისა და ბრენდირებული კონტენტისა, ახლა ვმუშაობთ ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა გამოცდილების დიზაინი, შეთავაზების დიზაინი, ლოიალობის დიზაინი და სხვა.

ამ ყველაფრის მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისი, რასაც ვთავაზობთ, არის პარტნიორული ურთიერთობა – ორივე მხარის ძალების და ცოდნის გაერთიანება საერთო წარმატების ისტორიების შესაქმნელად.

რაც შეეხება გრძელვადიან ურთიერთობებს, ჩვენი მიდგომა სრულიად განსხვავებულია ტრადიციული მოდელისგან. გვინდა, რომ ჩვენი გუნდები ფიქსირებული იყოს და კლიენტებთან ერთწლიანი ან მეტი ხანგრძლივობის ურთიერთობა ჰქონდეთ. ეს საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ ერთჯერად პროექტებზე ვიმუშაოთ, არამედ მთლიანი კომპანიის ხედვის და მიზნების ჭრილში დავინახოთ ყველაფერი.

M: როგორ მუშაობს თქვენი სააგენტოს მოდელი ფრილანსერებისთვის და რა უპირატესობებს სთავაზობთ მათ?

ფრილანსერებს „რეზიდენტებს“ ვუწოდებთ და ვთავაზობთ შუალედურ გადაწყვეტას ორ სამყაროს შორის. აქ ფიქსირებული ხელფასი არავის აქვს, სამაგიეროდ აქვს პროექტიდან მიღებული შემოსავლის უდიდესი ნაწილი ჰონორარების სახით. რას სთავაზობს ეს მოდელი ფრილანსერებს? პირველ რიგში, სტაბილურობას – ყოველდღიურად იცი, რომ გარკვეულ რიცხვში შემოსავალი მოვა. მეორე, თავისუფლებას – გაქვს მოქნილი სამუშაო გრაფიკი და თავისუფლება პროექტების არჩევაში და მესამე, ურთიერთობებს – ხარ გუნდის ნაწილი, გაქვს კავშირი სხვა პროფესიონალებთან, ცვლი აზრებს, იზიარებ გამოცდილებას.

M: როგორ ჩამოყალიბდა თქვენი გუნდი ამ შემადგენლობით?

გუნდი ბუნებრივად ჩამოყალიბდა. სააგენტოს ოთხი დამფუძნებელი გვყავს. ცალ-ცალკე დიდი ხანია ვმუშაობთ ამ სფეროში, დიდი პროექტების მართვის გამოცდილებაც გვაქვს. რაღაც მომენტში ერთად შევიკრიბეთ და მივედით დასკვნამდე, რომ გვინდოდა შეგვექმნა განსხვავებული მოდელი – რაღაც, რაც ჯერ არ არსებობდა ბაზარზე.

პირველ ეტაპზე, ვესაუბრეთ იმ ადამიანებს, ვისთანაც წარმოგვედგინა თანამშრომლობა, როგორც ამ სფეროდან, ისე მის მიღმა. დავტესტეთ ჩვენი მოდელის იდეა, მივიღეთ უკუკავშირი. შემდეგ, დავიწყეთ გუნდის დაკომპლექტება ჩვენთვის საინტერესო ფრილანსერებით. ახლა უკვე  დაკომპლექტებულია გუნდები, ასევე გვაქვს იმ პოტენციური გუნდის წევრების სია, რომლებიც ძალიან გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ვიხილოთ ჩვენი მოდელის ნაწილად.

M: როგორია თქვენი გრძელვადიანი მიზნები და ინდუსტრიის განვითარების ხედვა?

ჩვენი გრძელვადიანი მიზნები ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს. პირველი – გვინდა გავზარდოთ სააგენტოს წვლილი კომპანიების წარმატებაში. მეორე – გვსურს, რომ ეს სფერო გახდეს ტალანტების მაგნიტი. ამისთვის საჭიროა, რომ ეს ინდუსტრია ვაქციოთ მეტად მნიშვნელოვნად, საინტერესოდ და რაც მთავარია, ღირებულად.

გვინდა, საკომუნიკაციო სფერო გასცდეს მხოლოდ ლამაზი კამპანიების შექმნას და გახდეს რეალური ბიზნესპარტნიორი. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი მაგალითი – ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება კრეატიული ბიზნესის ორგანიზება ისე, რომ ყველა მხარემ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი.

პირველ ეტაპზე, ვგეგმავთ, მოვკრიბოთ ყველაზე საინტერესო ხალხი, ვაკეთოთ საინტერესო საქმე და მოვაწყოთ ყველაზე კარგი სამუშაო გარემო. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენი მოდელი, პროცესები და პრაქტიკები მუდმივი დახვეწის რეჟიმში იყოს. მერე ვნახავთ, რა ცვლილებებს მოუტანს ეს თავად სფეროს.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ შევქმნათ ეკომეგობრული შეფუთვა? — ტოპ 5 ტრენდი

ზღაპარი, რომელსაც არასდროს მოვუყვებით შვილებს — Women’s Aid-ის კამპანია