ისინი, ვინც ჯერ კიდევ მართავენ პირად შეხვედრებს, ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, ხშირად აწყდებიან მისალმებისას უხერხულობას. საქმე ისაა, რომ კორონავირუს Covid-19-ის გამო, მსოფლიო ერთმანეთს ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. თუმცა, ეს არც ისე მარტივია პრაქტიკაში. როგორ უნდა მიესალმო ადამიანს და აგრძნობინო საუბრისთვის/მოლაპარაკებისთვის მზაობა? მოდით, განვიხილოთ ასეთი ალტერნატივა:
შეეგუეთ ფაქტს, რომ ეს უცნაური იქნება
დიახ, უცნაურია – ადამიანი გხვდება და მისალმებისას არ იცით რა ქნათ – ხელის ჩამორთმევა, როცა კორონავირუსი მძვინვარებს, გაუმართლებელია, არჩამორთმევა კი – უხერხულობას ბადებს. ასეთი განცდები სავსებით ნორმალურია, ეს ხომ საყოველთაოდ მიღებულ ქცევით ნორმებს ეწინააღმდეგება. მითუფრო, რომ ამ დისკომფორტს მეორე ადამიანიც გრძნობს და უნებლიე გაუცხოების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ, მოიფიქრეთ ალტერნატივა. ამაზე საერთაშორისო მედია ბევრს საუბრობს: ჰაეროვანი მისალმება, იდაყვებით ან შეხება, თავის დაკვრა… როცა ამ ჟესტებთან თავს თავად იგრძნობთ კომფორტულად, მეორე მხარესაც გაუადვილდება ადაპტაცია.
წინასწარ გადაწყვიტეთ, მისალმების რა ფორმა გირჩევნიათ
სანამ შეხვედრაზე წახვალთ ან ვინმეს მიესალმებით, დაფიქრდით, რა ფორმით გსურთ ეს გააკეთოთ. როდესაც გეგმა გექნებათ, ბევრად თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს და უხერხულობასაც აირიდებთ. წარმოიდგინეთ მისალმების მომენტი და ეცადეთ, შექმნათ განცდა, რომ ეს სრულიად ნორმალურია, მოცემულ ვითარებაში.
დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად, იუმორს მიმართეთ
რაკი, აუცილებლობიდან გამომდინარე, დიდი ხნის დაწესებულ წესებს არღვევთ, კიდევ ერთი საშუალება დაგეხმარებათ სიტუაციის განმუხტვაში – იუმორი. ფაქტია, რომ სამედიცინო ნიღაბი და ხელის ანტისეპტიკური საშუალებები ყოველდღიურობად იქცა, ისევე, როგორც, მაგალითად, სმარტფონში რაღაცების თვალიერება. რასაკვირველია, იუმორის ფორმას გააჩნია და ამ საკითხს თქვენ მოგანდობთ, თუმცა სიტუაციის განსამუხტად, ურთიერთობის გასაადვილებლად ეს მშვენიერი ხერხია.
ნუ განსჯით
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის აუცილებელი, ბოდიში მოიხადოთ ხელის არჩამორთმევის გამო. ეს, ერთი მხრივ, უცნაურად გამოჩნდება – იმაზე ფიქრი, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, ვინმე განგსჯით. და არც თავად განსაჯოთ. სრულიად ნორმალურია საკუთარ თავზე ზრუნვა და ეს სრულებით არ არის გადამეტებული.
იმაზე ფიქრის ნაცვლად, როგორ შეაფასებენ თქვენს ქცევას, გააცნობიერეთ, რომ ყველა ვართ პოტენციური რისკის ქვეშ. შეიძლება, ზოგიერთი ადამიანი ხელის ჩამორთმევას კომფორტულად მიიჩნევს, სხვებს – მუშტების ერთმანეთზე მსუბუქად მირტყმა ურჩევნიათ. მთავარია, დააკვირდეთ, რა არის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და იცოდეთ – კულტურული ფონის მიუხედავად, ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რეკომენდაციებია.
არ განსაჯოთ და არც იღელვოთ, რას იფიქრებენ სხვები. ეს ბევრად შეამცირებს შფოთვას (და არამხოლოდ ამ გარემოებაში). გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის კომფორტულია. ბოლოს და ბოლოს, ახლა ხომ ყველა ერთი და იმავე რეალობის წინაშე ვდგავართ.
წყარო: HBR