რას აკეთებენ აღმასრულებელი დირექტორიები? რატომ აკეთებენ ამას? და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, მკვლევრებმა 67 წარმატებულ აღმასრულებელთან ჩაატარეს სიღრმისეული ინტერვიუ. ცხადია, მათ აღმოაჩინეს, რომ წარმატების მარტივი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ სწორედ სიმარტივეშია მთავარი საიდუმლო.
ამასთან, როგორც დადგინდა, გარკვეული გაგებით, ყველა ლიდერს აქვს ერთმანეთის მსგავსი პასუხისმგებლობა, როგორიცაა დირექტორთა საბჭოსთან მუშაობა, დაინტერესებული მხარეების ჩართვა, მიმართულების დადგენა და პოზიტიური კულტურის შექმნა. საუკეთესო ლიდერს კი ყველა სხვა დანარჩენისგან განასხვავებს ის, თუ როგორ უმკლავდება ის ამ გამოწვევებს. გამოკითხულთაგან ყველას ინდივიდუალური მეთოდი ჰქონდა შემუშავებული, რათა სწორად შეესრულებინა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები. მეტი სიმარტივისთვის კი მკვლევრებმა აზროვნების 6 ძირითადი ტიპი გამოავლინეს, რომელიც დიდ ლიდერებს ახასიათებთ.
იყავით თამამი. შესაძლოა, გაურკვევლობის დროს მაცდური იყოს უარყოფითი მხარეების მინიმუმამდე შემცირება. რა თქმა უნდა, წარმატებულ ლიდერებს ყოველთვის სურთ შეცდომის თავიდან აცილება, მაგრამ ისინი მაინც გაბედულად მოქმედებენ და აქტიურად ეძებენ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. ასეთი ლიდერები კომპანიის მისწრაფებებს გამუდმებით ზრდიან და თავიანთ ბიზნესსა და ბაზარს შორის გადაკვეთის წერტილებს ეძებენ. სინამდვილეში, ისინი შესანიშნავი ფუტუროლოგები არიან და სწორედ ამით შეუძლიათ სწორი ხედვის განსაზღვრა.
მარტივ საკითხებთან ისეთივე მიდგომა გამოიჩინეთ, როგორც რთულთან. ყოველი სამი სტრატეგიიდან მხოლოდ ერთია წარმატებით დანერგილი — დიდწილად იმიტომ, რომ ცვლილება წარმოშობს წინააღმდეგობას. კვლევები ადასტურებს, რომ კომპანიებში, რომლებშიც მარტივი პრობლემების გადაჭრას ორჯერ მეტ ძალისხმევას ახარჯავენ, წარმატებით ნერგავენ ახალ სტრატეგიებს. იმისათვის, რომ ლიდერებმა კომპანიასთან მჭიდრო კავშირი შეინარჩუნონ, ცვლილებების განხორციელების შემდეგ თვალყური უნდა ადევნონ თანმდევ შედეგებს. მაგალითად, რას იზამთ, თუ შეამჩნევთ, რომ ახალაშენებულ კედელში რამდენიმე აგური არასწორადაა განლაგებული? თუ სწორ არჩევანს გააკეთებთ, აუცილებლად დაანგრევთ მას და ხელახლა ააშენებთ. გარშემო მყოფები კი ამ საქციელით ისწავლიან, რომ ხარისხი მნიშვნელოვანია.
გუნდის ფსიქოლოგიის ამოხსნა. მაღალი წარმადობის გუნდების შესაქმნელად, საუკეთესო ლიდერები იწყებენ როლებით და არა ადამიანებით; სვამენ კითხვებს; სახავენ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებს და შემდეგ პოულობენ მათ, ვისაც შესაბამისი სამუშაოს შესრულება შეუძლია. თითოეული მათგანი საერთო მიზანს ემსახურება, თითქოს, ერთი მექანიზმის ცალკეული ნაწილები არიან.
დაეხმარეთ დირექტორებს ბიზნესის სწორად მართვაში. როგორც ნებისმიერ ურთიერთობაში, საფუძველი ნდობაა. ეს ნიშნავს იყოთ ღია, გულწრფელი და სწრაფად შეგეძლოთ გეგმების დასახვა თუ პრობლემების გადაჭრა. ცუდი ამბავი ცუდი მოსასმენია, მაგრამ დირექტორთა საბჭოსთვის ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია მნიშვნელოვანია. ამასთან, აღმასრულებელმა დირექტორებმა ძლიერი კავშირები უნდა დაამყარონ წამყვან დირექტორებთან.
დაიწყეთ „რატომ“-ით. შეიძლება, მიზნის დადგენა რთული იყოს. სულ მცირე, ის საკმარისად ძლიერი უნდა იყოს ხალხის შთაგონებისთვის; საკმარისად მარტივი, რათა ადვილად გაიგოს ყველამ და ბიზნესის მხრივ რეალური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. საუკეთესო ლიდერები გამუდმებით ეკითხებიან საკუთარ თავს, რას ემსახურება თავიანთი კომპანია. შემდეგ კი მიზანს ბიზნეს მოდელის განუყოფელ ნაწილად აქცევენ. ამასთან, მიზანმიმართულ ლიდერობას შეუძლია, გააუმჯობესოს თანამშრომელთა კეთილდღეობა და გააძლიეროს მათი ლოიალობა
გააკეთეთ ის, რაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. იყო აღმასრულებელი დირექტორი, ნიშნავს, იმუშაო 24/7 რეჟიმით. ამ პოზიციის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია თვითდისციპლინა, განსაკუთრებით დროის გამოყენებასთან დაკავშირებით. ძველი სკოლის მეთოდები, როგორიცაა სიები, ვარსკვლავები და ფერების კოდირება, ხშირად გამოიყენება დროის მართვის ტექნიკად. ამავდროულად, აღმასრულებელ დირექტორებს სურთ, მოქნილი გრაფიკი შექმნან, რათა გაუთვალისწინებელ გარემოებებს სწრაფად უპასუხონ, ან უბრალოდ იფიქრონ.