ოდესღაც ყველა ანტრეპრენერი ერთ გამოწვევას აწყდება: როგორ შეუძლიათ მათ, აჩვენონ თავიანთი უნიკალურობა მომხმარებლებს ისე, რომ სხვაგან წასვლა აღარ მოუნდეთ? საინტერესოა ისიც, რომ ყველა თანამშრომელიც ოდესღაც ამ გამოწვევას აწყდება: როგორ შეუძლიათ მათ, გახადონ თავიანთი თავები შეუცვლელ თანამშრომლებად ისე, რომ დამსაქმებლებს სხვისი დაქირავება აღარ მოუნდეთ?
არ აქვს აზრი, კომპანიის მფლობელი ხართ თუ უბრალოდ ამბიციური კარიერისტი, გამოსავალი ორივე გამოწვევას ერთნაირი აქვს:
იქონიეთ ნათელი კომუნიკაცია
კომუნიკაცია ყველაფერს ნათელს ხდის და ყველაფერი დღის შუქზე გამოაქვს. უფროსებს ყოველთვის სიამოვნებთ იმ თანამშრომლებთან ურთიერთობა, რომელთაც ეს უნარი კარგად აქვთ განვითარებული. სწორედ ამიტომაა, რომ ეს ერთ-ერთი კომპონენტია იმ სიიდან, რომელიც თქვენ განსაკუთრებულ, შეუცვლელ თანამშრომლად გაქცევთ.
მუდმივად ეცადეთ, იზრუნოთ გაუმჯობესებაზე
როდესაც პირველად მივდივართ სამსახურში ან პირველად ვიწყებთ ბიზნესს, სულ ცოტაოდენი ცოდნა გვაქვს იმის შესახებ, რისი გაკეთებაც მომავალში მოგვიწევს. სწორედ ამიტომაა, რომ საწყის ეტაპზე დახმარებას ხშირად ვითხოვთ. შემდეგ კი ჩვენ თვითონ ვხვდებით, რა გზას დავადგეთ – დავდივართ კონფერენციებზე, ვუსმენთ სხვების გამოცდილებას, ვქირაობთ მენტორებს და ა.შ ჩვენ ახალ ინფორმაციას ვითვისებთ ძალიან სწრაფად, რადგან ვიცით, რომ ასათვისებელი ჯერ კიდევ ბევრია. დროთა განმავლობაში, როცა ჩვენი შესაძლებლობები და თავდაჯერებულობა იზრდება, ჩნდება იმის საშიშროება, რომ ერთხელაც განვითარებისკენ სწრაფვას შევწვყვეტთ. ვიჯერებთ ხოლმე, რომ უკვე საკმარისად ბევრი ვისწავლეთ და დასვენების დრო დგება. რეალურად კი, ყველაზე რთულად დასაკარგი თანამშრომლები ისინი არიან, რომლებიც გაუმჯობესებისკენ სვლას არ წყვეტენ და მუდმივად თავიანთი თავის განვითარებაზე არიან ორიენტირებულები.
შემოქმედებითობის განვითარება
შემოქმედებითობა ყოველთვის თანდაყოლილ თვისებას არ წარმოადგენს. ხშირად, იმის უნარი, რომ მოახდინოთ ახალი იდეების გენერირება და იყოთ ინიციატორები, პრაქტიკასთან ერთად მოდის. ეს კი, ძირითადად, სხვების იდეებზე დაკვირვებისა და გააანალიზების შედეგად ხდება. სხვების აზრები ჩვენი გეგმების შთაგონება ხდება ხოლმე.. სწორედ ამგვარი მიდგომა და შემდეგ დაბადებული დიდი იდეები გამოარჩევს კომპანიას სხვებისგან.
რეალურად, კრეატიულობა გვეხმარება გადავჭრათ პრობლემა საუკეთესო გზის მეშვეობით, თანაც ისე, რომ დიდი დრო დავზოგოთ. კრეატიული თანაშემწეები კი ყველა დამსაქმებლისთვის საოცნებო გუნდის წევრებს წარმოადგენენ.
ისიამოვნეთ იმით, რასაც აკეთებთ
როგორც დამსაქმებლები, ასევე მომხმარებლები ეძებენ ერთ რამეს: ეს არ არის ახალი პროდუქტი ან მეტი შემოსავალი ანდაც ცხოვრების მაღალი სტანდარტები. ყველა ერთ რამეს ეძებს – ბედნიერებას!
როდესაც მომხმარებლები ყიდულობენ პროდუქტს, ისინი მოელიან, რომ ეს პროდუქტი მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს. როდესაც მეწარმეები დილით ოფისში მიდიან, მათ სურთ, რომ თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილება იგრძნონ. ყველას გვსურს სიამოვნება მივიღოთ – და არავის სურს აიყვანოს ან იმუშაოს იმ ადამიანთან, ვინც სიამოვნებას არ მიანიჭებს მას.
ხშირად სამსახურს ჩვენ არ ვირჩევთ, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ვისიამოვნებთ იმ ცხოვრებით, რომელსაც სამსახური გვაძლევს. თუკი თქვენ კმაყოფილი იქნებით, სხვებსაც გადასდებთ პოზიტიურ დამოკიდებულებას და მათთვის მეტად მისაღები იქნებით. ასეთი თანამშრომელი კი ყველას სჭირდება. ამიტომაც, ეცადეთ, მაქსიმალურად ისიამოვნოთ თქვენი სამსახურით და სხვებსაც დაანახოთ ეს.