in

როგორ შევქმნათ ემპათიური კულტურა Zoom-ში?

არიან კომპანიები, რომელთა სამუშაო განრიგიც პანდემიის პირობებში სრულიად არ შეცვლილა. თუმცა, ბევრ შემთხვევაში რადიკალურად შეიცვალა თანამშრომელთა განწყობა – დღევანდელობაში დასაქმებულთა ნაწილი მძაფრად აღიქვამს იზოლაციას და გამუდმებული შფოთვისგან იტანჯება. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ამგვარ შემთხვევაში საკუთარი გუნდის წევრებს?

ორგანიზაციული ფსიქოლოგი ადამ გრანტი ამბობს, რომ არსებობს ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია კოლეგებთან უფრო მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად – დიახ, თუნდაც ლეპტოპის ეკრანებისა და ვირტუალური შეხვედრების საშუალებით.

თუკი დიდი გუნდი იკრიბება, მოიკითხეთ ისინი ჩატში

პატარა გუნდის შემთხვევაში თანამშრომლების მოკითხვა მარტივია, თუმცა, დიდი გუნდის შემთხვევაში ამას ვერ ვიტყვით. ამიტომაც არსებობს ზუმის ჩატი. გუნდის ლიდერს შეუძლია, საუბრისას დასვას კითხვა, თუ როგორ გრძნობენ თანამშრომლები თავს და უთხრას მათ, რომ ჩატში სათითაოდ ორი სიტყვით მოიწერონ. შემდეგ კი ყველას მისცეს ერთი წუთი, რათა ერთმანეთის პასუხები წაიკითხონ. ეს ერთმანეთის მოკითხვის მარტივი კულტურაა. ნუ გეგონებათ, რომ ამას აზრი არ აქვს – როცა გვეკითხებიან, თუ როგორ ვგრძნობთ თავს, ზრუნვის და ყურადღების გამოხატულებად აღვიქვამთ ამას. ყველაფერი ეს კი ჩვენს განწყობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამიტომაც, თუკი ამ სირთულის წინაშე დგახართ, გამოიყენეთ ზუმის ჩატი.

“როგორ ხარ?” შეცვალეთ უფრო ღრმა/შინაარსიანი კითხვით

“როგორ ხარ/რას აკეთებ” ნელ-ნელა მოძველდა. ამ კითხვებს ადამიანები ბანალურად პასუხობენ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, უფრო სიღრმისეული კითხვები დავსვათ, რის შემდეგაც უფრო მეტს შევიტყობთ მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ. მაგალითად:

  • როგორი იყო თქვენი კვირა? რა გააკეთეთ ისეთი, რითიც სიამოვნება მიიღეთ?
  • თქვენი დღის საკვანძო მომენტებზე მომიყევით..
  • რა გააკეთეთ დღეს ისეთი, რაც სასიკეთოდ მიგაჩნიათ? რაში იყავით დღეს წარმატებული?

ყველა ამ კითხვის დასმა არ ნიშნავს, რომ უარყოფით ფაქტორებს აიგნორებთ. უბრალოდ ამ ხერხით თქვენს თანამშრომლებს უბიძგებთ, რომ პოზიტიურ დეტალებზე კონცენტრირდნენ და უფრო კარგ განწყობაზე იყვნენ.

უთხარით, რომ თქვენ გსურთ ემპათიური კულტურის შექმნა

თუკი გეგმავთ, რომ გუნდის კავშირის გასაძლიერებლად შეხვედრებზე ზემოთ მოყვანილი კითხვები დასვათ – უთხარით მათ ამის შესახებ. არის შანსი, რომ მათ ვერ გაგიგონ, თუ რატომ სვამთ ამ კითხვებს და რატომ ინტერესდებით მაშინ, როცა ადრე ეს ასე არ ხდებოდა. აუხსენით, რომ გსურთ გუნდის კავშირის გაძლიერება და ემპათიური კულტურის შექმნა.

თქვენი გუნდის შეხვედრების პირველი რამდენიმე წუთის რეგულირება დაგეხმარებათ, თანამშრომლებს თავი ნაკლებად იზოლირებულად აგრძნობინოთ. პანდემიის დროს მკვეთრად იცვლება ნორმები. ასეთ მომენტში ადამიანური კავშირი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე.

წყარო: Inc



კომპანიები, რომლებიც დღეს, საკურიერო და მიტანის სერვისით უზრუნველგყოფს

ერთ წუთში ასახული 2020 – როგორია ბუნება ადამიანის გარეშე?