in

დაემშვიდობეთ პინგ-პონგს! ოფისში თანამშრომლებზე ზრუნვისთვის მოწყობილი გასართობების დრო წავიდა

ახალგაზრდა მუშაკები სამუშაო ადგილის კეთილმოწყობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. რა არის მათთვის უფრო ღირებული სტატიიდან შეიტყობთ.

წლების განმავლობაში, კომპანიები ახალგაზრდა ტალანტების მოსაზიდად, მათ გართობაზე ზრუნვის მეშვეობით, დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავდნენ. Google თანამშრომლებს უფასო სადილსა და მასაჟს სთავაზობს; Nike–ს გუნდის წევრებს წვდომა აქვთ სპორტულ დარბაზებსა და იოგას სტუდიებზე; Facebook-ს კამპუსში სათამაშო ავტომატები აქვს, სალონი და ქიმწმენდაც კი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს დამატებითი სარგებელი არცთუ ოპტიმალური გამოსავალია ახალგაზრდების ნამდვილ ღირებულებებთან თანხვედრისთვის, ვინაიდან 35 წელზე უმცროსი ასაკის მუშაკები, დამსაქმებლის მხრიდან, პატივისცემას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. კვლევა ვარაუდობს, რომ კომპანიებმა უფრო მეტი ინვესტიცია მენეჯერების სწავლებაში უნდა ჩადონ, რათა პატივისცემით იმოქმედონ და თანამშრომლების კეთილდღეობა გაზარდონ, ვიდრე ოფისები მოდური აქსესუარებით მოაწყონ.

COVID-19– ის შემდგომ ეპოქაში, როდესაც ბევრი დამსაქმებელი სახლიდან გაუსვლელად, მოქნილ სამუშაო გრაფიკს გვთავაზობს, გუნდის წევრების მყარი ურთიერთობა კიდევ უფრო ცხადი გახდა.

Kansas State University-ისა და University of Missouri’s Novak Leadership Institute-ის ინსტიტუტის მკვლევარებმა 1000-ზე მეტი სრულ განაკვეთზე მომუშავე 21-დან 34 წლამდე ასაკის თანამშრომლები გამოკითხეს. მათ სთხოვეს, თავიანთი მიმდინარე სამუშაო ადგილი შეეფასებინათ პატივისცემისა თუ იმის მიხედვით, რა რესურსს იღებდნენ ზემდგომები მათ შესანარჩუნებლად.

გაურკვეველია, იყო, თუ არა სამუშაო ადგილის დამატებითი სარგებელი თანამშრომლების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამის შესახებ ძალიან ცოტა მონაცემი არსებობს. მაგრამ რაც ცხადია, დღევანდელი ახალგაზრდა მუშაკები, პირველ რიგში, იმას აქცევენ ყურადღებას, თუ როგორ ექცევიან მათ მენეჯერები.

დანიელ ლაგრე, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციის ასისტენტ-პროფესორი, კვლევის ხელმძღვანელი ძველ კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ თანამშრომლების მიმართ ორი სახის პატივისცემა არსებობს: „ჩართული პატივისცემა“, რაც გულისხმობს, თანამშრომელი იყოს გუნდის კარგი წევრი და პასუხისმგებლობით შეასრულოს დაკისრებული საქმე და „ავტონომიური პატივისცემა“, რაც დაკავშირებულია იმის დაფასებასთან, ვინ არის თანამშრომელი მიმდინარე პოზიციის მიღმა. გამოკითხვაში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თანამშრომლებისთვის ორივე სახის პატივისცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უკანასკნელი კიდევ უფრო.

„მენეჯერების უმეტესობა ლიდერული პასუხისმგებლობისთვის მზად არ აღმოჩნდება ხოლმე“, – ამბობს ლაგრე. „ლიდერებმა დრო უნდა დაუთმონ თავიანთი გუნდის წევრების გაცნობას – არა მხოლოდ იმ კონტექსტში, თუ როგორ ასრულებენ ისინი თავიანთ სამუშაოს – არამედ უფრო მეტი გაიგონ მათი ინტერესებისა და ვნებების შესახებ, სამსახურს მიღმა. ლიდერებს შეუძლიათ, გუნდის წევრებს ინტერესების განვითარებაში დაეხმარონ. თუ თანამშრომელი გატაცებულია წერით, მაგრამ ამ უნარის განვითარებას დროს ვერ ახმარს, მენეჯერმა შეიძლება, ამ ადამიანს წერის კურსები დაუფინანსოს, ტრადიციულ კონფერენციაზე დასწრების ნაცვლად. მას შეუძლია, ინვესტიცია თანამშრომლების პიროვნულ განვითარებაში ჩადოს, რათა უკეთეს მოქალაქეებად ჩამოყალიბებაშიც შეუწყოს ხელი“, – ამბობს ლაგრე. მისი თქმით, ამგვარი ურთიერთპატივისცემა სამუშაო ადგილას პოზიტიური კომრპორატიული კულტურის ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტია და თავის მხრივ, ეს თანამშრომელთა ერთგულებას ამყარებს: „შესაძლოა, სამუშაოზე გასართობები, როგორიცაა: პინგ-პონგის მაგიდები და ჩამოსასხმელი ლუდი ეფექტური იყოს ახალი ტალანტის მოსაზიდად, როდესაც ისინი ოფისში დადიან, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, თან მაშინ, როცა სამსახურის უმეტესობა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, პატივისცემის გამოხატვა უფრო ადეკვატური, ბუნებრივი და სასარგებლოა“.

უკვე ერთი წლის განმავლობაში ასეთი ფორმატით მუშაობის შემდეგ, ზოგიერთი მუშახელი აცხადებს, რომ მათი მხრიდან, მოქნილი სამუშაო სისტემა და ავტონომიურობა უფრო დასაფასებელია, ვიდრე კეთილმოწყობილი ოფისი თუ უფასო საკვები.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, მომავალში რა ფორმატით ვიმუშავებთ, ლაგრე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თანამშრომლების პატივისცემაზე სწორება საუკეთესო გამოსავალია.

წყარო: fast company



ქართველმა ენთუზიასტმა ონლაინ თამაშებისთვის თბილისის 3D რუკა შექმნა

სვანური კოშკი, ქვევრი, ყურძნის მტევანი, ოქროს საწმისი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის ლოგოს ელემენტებად – ABK-ს ნამუშევარი