in

როგორ უნდა გაუმკლავდეთ გადაღლილობას და გადაწვას?

რამდენად აგვარებს სამსახურიდან წასვლა პრობლემას?

მართალია, როცა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, მიზეზად გამოფიტვა თუ გადაღლა ასე პირდაპირ არ უხსენებია, მაგრამ ნამდვილად აღწერა იგი: მე ვიცი, რა სჭირდება ამ სამსახურს. ისიც ვიცი, რომ მეტი აღარ შემიძლია. თუმცა, რამდენად არის ეს გამოსავალი?!

pasha-statiebi
pasha-statiebi

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, გამოფიტვა პროფესიული ფენომენია, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ისეთ საკითხებსაც უკავშირდება, როგორებიცაა დეპრესია და სიბრაზე. 

ეს ნაცნობი ფენომენია ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, სამედიცინოს სტუდენტებისა და მომვლელებისთვის, მაგრამ ამათ გარდა, სხვა პროფესიებშიც გვხვდება, ამაზე მუსიკოსები და სპორტსმენებიც საუბრობენ. ახლა კი იმას გაგაცნობთ, რაც მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტებს თქვენთვის აქვთ სათქმელი გამოფიტულობისა და მასთან გამკლავების მეთოდების შესახებ. 

რა არის გამოფიტვა?

სხვადასხვა ადამიანისთვის ეს სხვადასხვა რამეს ნიშნავს. იგი ნებისმიერ პირს შეიძლება დაემართოს. ეს არის ის შემთხვევა, როცა ვიღაცას ფუნქციურად კონკრეტული დავალების შესრულება უკვე აღარ შეუძლია… Maslach Burnout Inventory-ის თანახმად, რომელიც ფართოდ გავრცელებული დიაგნოსტიკური ხელსაწყოა, გადაღლილობა თავს იჩენს მაშინ, როცა შემდეგი სამი საკითხი ერთდროულად ხდება: ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია და პერსონალური მიღწევისადმი გამქრალი გრძნობა. 

გამოფიტვას ხშირად აღწერენ, როგორც სამსახურისგან მიღებულ ემოციურ გადაღლილობას, სადაც უკვე ნაკლებად ზრუნავთ, ცინიზმს გრძნობთ, გულგრილი ხდებით ან სულაც, სიტუაციებისგან დისტანცირებას ცდილობთ. 

რა ფორმებით ვგრძნობთ გამოფიტვას?

მომწონს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება — მეტი აღარ შემიძლია, გამოფიტვაც ზუსტად ასე გაგრძნობინებთ თავს. იტანჯებით, რადგან ფიზიკური ენერგია დაკარგეთ, ამასთან, მოტივაციაც, რომელიც ენერგიის მიღებაში წლების განმავლობაში გეხმარებოდათ. ამგვარად, გამოფიტვა თავს დემორალიზებულად გაგრძნობინებთ, — აცხადებს ელისა ეპელი, პროფესორი.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოფიტვა არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური ან ხანგრძლივი სამუშაო საათებისგან გადაღლით: ემოციური გამოფიტვა გულისხმობს, რომ საკუთარ თავს ვეღარ გრძნობთ, აღარ ხართ დაკავშირებული საკუთარ ემოციებთან. ფაქტობრივად, ემოციები შეიზღუდა და ენერგიისგან გამოცლილი ხართ. ამ დროს ჩვენ აღარ შეგვიძლია კონკრეტული ემოციების შეგრძნება და ჩვენი სხეული ამ შეტყობინებას სტრესის სისტემის გააქტიურებით პასუხობს, მაშინაც კი, როცა გვძინავს

როგორ გავიგო გამოვიფიტე თუ უბრალოდ ბევრი მუშაობა მიწევს?

ამისთვის კარგი იქნება, თუ თქვენს სამსახურზე დაფიქრდებით და თქვენივე რეაქციებს დააკვირდებით… აბა, რა მოხდა? შესაძლოა, ნაკლები ენთუზიაზმით გამოირჩეოდეთ თქვენი სამსახურის მიმართ და ეს სულაც არ არის გამოფიტვა, მაგრამ თუ რეაქციაა ღმერთო, მეშინია ამის გაკეთების და ცდილობთ, თავიდან აიცილოთ რაღაც საქმე, ეს ზუსტად გამოფიტვის ნიშნებად შეგიძლიათ ჩათვალოთ. 

რა სხვაობაა გამოფიტვას, შფოთვასა და დეპრესიას შორის?

მართალია, ზემოთ გითხარით, რომ გამოფიტვა ამ ორ საკითხთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათ შორის მაინც არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები. ზოგიერთი ადამიანი გამოფიტვას სამსახურის დეპრესიადაც კი ახასიათებს, სადაც ფიზიკური სიმპტომები ხშირად საერთოა, იქნება ეს დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, გაღიზიანება, შფოთვა თუ მწუხარება. 

შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი უიმედობამაც შეიპყროს, რომ მათი თანამდებობისა თუ ეფექტურობის შესახებ არაფერი შეიცვლება სამსახურში. აქ კი პარალელი შეგვიძლია დეპრესიულ აზროვნებასთან გავავლოთ, სადაც უიმედოდ ვგრძნობთ თავს და ვერ ვხედავთ სინათლეს მომავალში, — განმარტავს ეპელი. 

დეპრესია უფრო მეტად ეგოცენტრული და თვითკრიტიკულია. გამოფიტვა კი სამსახურებრივი მოთხოვნების ქრონიკულ სტრესს ეხება, იქნება ეს უხელფასო მუშაობა სახლში, მაგალითად მომვლელობა თუ თქვენი ყოველდღიური საქმეების მოთხოვნები. სამწუხაროდ, გამოფიტვის მაღალ დონეებში სუიციდზე ფიქრი და დეპრესია უჩვეულო არ არის. 

ასე რომ, ქრონიკული სტრესი ცალკე რომ ავიღოთ, იგი აზიანებს ჩვენს სხეულსა და ემოციურ კეთილდღეობას, გამოფიტვა კი ქრონიკული სტრესის პასუხად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელიც ძირითადად მაინც სამსახურს უკავშირდება. აქ დეპრესია უფრო მკაცრ ემოციურ პასუხს წარმოადგენს ქრონიკულ სტრესსა და გამოფიტვაზე.

როგორ გავუმკლავდე გამოფიტვას? სამსახურიდან წამოსვლა ერთადერთი ვარიანტია?

უპირველესად, აუცილებელია, გამოფიტვის ძირეული მიზეზები დაადგინოთ და შემდეგ მათ მოგვარებაზე იზრუნოთ. გამოფიტვაში დიდ როლს თამაშობს ცხოვრებისეული სტილი, მაგალითად, ცუდი კვება, ძილის ნაკლებობა და ვარჯიშისთვის დროის არარსებობა. ფსიქოლოგიური საკითხებიდან კი შეგვიძლია გამოვყოთ შფოთვა და დეპრესია. საკითხები, რომლებსაც ადამიანები ნაკლებად აკონტროლებენ: ხანგრძლივი სამუშაო საათები, წარმოუდგენელი დედლაინები და ცოტა დრო გამოსაჯანსაღებლად. ეს ყველაფერი პირდაპირ ზემოქმედებს გამოფიტვაზე. 

მართალია, ინდივიდუალურ საკითხებზე ფოკუსირებას გარკვეული დახმარება შეუძლია, მაგრამ მთლიანი პრობლემა არ გადაიჭრება, თუ ცვლილებები სამსახურშივე არ განხორციელდა… ყველაზე დრამატული გზა გამოფიტვის დასამარცხებლად სამსახურის დატოვებაა. სამწუხაროა, რომ ადამიანები ამას ხშირად ერთადერთ ვარიანტად თვლიან, რადგან როგორც ინდივიდებს, მათ არ შეუძლიათ შეცვალონ სისტემა და სტრუქტურები, რომლებიც გამოფიტვის კულტურას ქმნის.

გამოსავალი კი მენეჯერებში უნდა ეძებოთ — სწორედ მათ შეუძლიათ ამ კულტურის შეცვლა, ყოველდღიური გრაფიკის თქვენზე მორგება, საჭირო შესვენებების შემოთავაზება და სტრესისადმი საკუთარი მოწყვლადობის მოდელირებით კეთილდღეობის კულტურის მხარდაჭერა.



ChatGPT სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი გახდა

ნახეთ: ერთ ფოტოში მოქცეული 3 მილიარდზე მეტი ვარსკვლავი