Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ბევრმა ადამიანმა დაკარგა და დღემდე კარგავს სამსახურს. ეს ამბავი მათ არამხოლოდ ფინანსურად, არამედ ემოციურადაც აზარალებს. კვლევებმა აჩვენა, რომ რეცესიებმა, მასობრივმა სამსახურიდან გათავისუფლებამ და უმუშევრობის ხანგრძლივმა პერიოდებმა შეიძლება მკვეთრად იმოქმედოს თვითშეფასებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სამსახურის დაკარგვით საკუთარ თავზე ხშირად ვკარგავთ წარმოდგენას, რადგანაც გვგონია, რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორი. სამსახურიდან წამოსვლისას ფსიქოლოგიური დარტყმა უფრო ხშირია მაშინ, როცა ოჯახში შემოსავლის შემტანები ჩვენ ვართ.
იმას, თუ როგორ გრძნობთ შინაგანად საკუთარ თავს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენთ საკუთარ თავს საზოგადოებრივ ასპარეზზე. თვითდამკვიდრების პრაქტიკა დაგეხმარებათ უფრო თავდაჯერებული იყოთ, უფრო ეფექტურად ითანამშრომლოთ, ისწავლოთ უფრო სწრაფად და უფრო კრეატიული იდეები გქონდეთ. სწორედ ამიტომ, უმუშევრობის წინაშე მყოფი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად იმუშაონ თვითდამკვიდრების პრაქტიკაზე. როგორ უნდა გააკეთოთ ეს?
ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს საკუთარ თავსა და საკუთარ შესაძლებლობებზე არასწორი წარმოდგენები უყალიბდებათ. ამის მიზეზი კი ის გარემო პირობებია, რომლებშიც ისინი თავიანთ ყოველდღიურობას ატარებენ. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ:
- მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ჩვენი სიყვარული, როცა რაიმეს მივაღწევთ;
- მხოლოდ მაშინ შეიძლება ვიყოთ საოცარი/უნიკალური, როცა კარგი პოზიცია გვიკავია;
- კომპეტენტური იმის მიხედვით შეიძლება ვიყოთ, თუ რა ქონებას ვფლობთ;
ამიტომაც, საჭიროა, ჩვენს გონებაში არსებული წარმოდგენები გარდავქმნათ. ჩვენი გონებისთვის რთულია, უბრალოდ დაივიწყოს რაიმე, ამიტომაც, ერთი მოცემულობა მეორეთი უნდა ჩავანაცვლოთ. თუმცა, ჩანაცვლებამდე, საჭიროა უბრალოდ კარგად გააცნობიეროთ ის, რაც მოხდა. იფიქრეთ არა ისე, როგორც მაღლაა ნაჩვენები, არამედ შემდეგნაირად:
- თუნდაც იმიტომ ვარ სიყვარულის ღირსი, რომ ვარსებობ;
- მნიშვნელოვანი თუნდაც იმ ადამიანებისთვის ვარ, რომელთა ოჯახის წევრიც ვარ;
- ცხოვრებისეულ გამოწვევებში მე ნამდვილად ვარ კომპეტენტური; წყნარი ზღვა გამოცდილ მეზღვაურად ვერ ჩამოგაყალიბებს;
ფოკუსირდით იმ გამოცდილებაზე, რომელსაც ახლა გადიხართ
თქვენი ცხოვრება არ არის დაპაუზებული მხოლოდ იმიტომ, რომ უმუშევარი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ძველი დრო გენატრებათ, ყურადღება ამჟამინდელ მდგომარეობას მიაქციეთ. ეს ერთგვარი მოგზაურობაა, სადაც დანიშნულების ადგილი არ არსებობს. ამიტომაც ძველ დროზე დარდს, აჯობებს აწმყოზე კონცენტრირდეთ, გააცნობიეროთ, რომ ესეც ერთგვარი გამოცდილებაა, რომელიც გარკვეულ ცოდნას დაგიტოვებთ. სამსახურის დაკარგვით ყველაფერი არ სრულდება, უბრალოდ ახალ ერაში გადადიხართ. და მნიშვნელოვანია, საკუთარი თავები ამ მდგომარეობაში ყოფნისასაც სასურველად აღიქვათ.
თვითშეფასების ასამაღლებლად სხვადასხვა სავარჯიშო აკეთეთ
ერთ-ერთი ასეთია, გაიხსენოთ თქვენ მიერ შესრულებული წარმატებული პროექტები, რომელთა გამოც თავის დროზე შექება მიიღეთ. სამსახურის დაკარგვა სხვადასხვა გარემოების ბრალია და არა მხოლოდ თქვენი თავის. ხშირად შექმნილი ვითარებები ჩვენზე სწორედ ამგვარად აისახება. ამიტომაც, ამ ფაქტით თქვენი კომპეტენცია და წარმატებები არ იკარგება.
ასევე, ხმამაღლა გამოთქვით ის თვისებები, ქმედებები, რომლებიც უხერხულ მდგომარეობაში გაყენებთ ხოლმე. საკუთარი თავის მისაღებად ყველა თქვენი თვისების მიღებაა საჭირო. უკეთ გაიცანით თქვენი თავი და დაეთანხმეთ მას ხშირად.
კარგი იქნება, თუ ჩაინიშნავთ, ამ პროცესში როგორ ვითარდებით ყოველდღიურად. ეცადეთ, მოინიშნოთ, ყოველი პატარა წინსვლა თვითშეფასებაზე მუშაობის დროს.
მნიშვნელოვანია, ყველაფერი აკეთოთ ხალისით
საკუთარი თავის მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისიც, თუ როგორ მივუდგებით ამ საკითხს. არ იქნება ცუდი, თუ თქვენს თავს ხანდახან ეხუმრებით. ასევე, ხშირად მოუსმინეთ მუსიკას, უყურეთ თქვენთვის შთაგონებისა და მოტივაციის მომცემ ფილმებს, აკეთეთ ყველაფერი ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ეს თვითშეფასებაზე მუშაობის პროცესს ბევრად სახალისოს ხდის.
იფიქრეთ თქვენს “მომავალ მე-ზე”
თვითგაუმჯობესების პროცესში უფრო მარტივდება სამომავლო გეგმების დასახვა. ამ პროცესში აუცილებელია, დაფიქრდეთ:
- ვინ გინდათ, იყოთ მომავალში?
- რას გააკეთებს თქვენი მომავალი მე?
- რა თვისებებს გამოავლენს ის?
მიეცით თავს საშუალება, გახდეთ ის ადამიანი, რომელიც თქვენს ოცნებებსა და მიზნებს აასრულებს.
სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მნიშვნელოვანი დარტყმა იყოს თქვენი თვითშეფასებისთვის, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ უფრო მეტი ხართ ვიდრე თქვენი სამუშაო. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს შესათავაზებელი სამყაროსთვის – მაშინაც კი, თუ ახლა ასე არ გრძნობთ თავს.
წყარო: Fast Company










