სამსახურის ძიების პროცესში კარგი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი პროფესიონალის პირველი და ხშირად ერთადერთი შანსია, რომ დამსაქმებლის თვალში ღირებულება წარმოაჩინოს. თუმცა, HR სფეროს ექსპერტები თანხმდებიან ერთ მნიშვნელოვან საკითხში – სასოწარკვეთილება, რომელიც კარიერულ დოკუმენტებში იგრძნობა, ხშირად ნეგატიურად მოქმედებს დასაქმების შესაძლებლობებზე.
HR სპეციალისტების თქმით, საკუთარი თავის გადაჭარბებული ქება და კვალიფიკაციის არაობიექტური წარმოჩენა შეიძლება არა მხოლოდ უარყოფითად აღიქვას დამსაქმებელმა, არამედ ეჭვიც კი შეიტანოს კანდიდატის კეთილსინდისიერებაში.
FlexJobs-ის 2025 წლის სამსახურის ძიების ტენდენციების ანგარიშის თანახმად, პროფესიონალების თითქმის მესამედი აღიარებს, რომ რეზიუმეში ან სამოტივაციო წერილში არაზუსტი ინფორმაცია უმეტესად იმიტომ მიუთითებია, რომ „იდეალურ კანდიდატად“ წარმოეჩინა თავი ან მოსალოდნელი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. სამწუხაროდ, გამოცდილი HR მენეჯერები ადვილად ამჩნევენ ამგვარ ხელოვნურ გაზვიადებას, თუნდაც ის კარგი განზრახვით იყოს გაკეთებული.
ზედმეტად გაპრიალებული და იდეალური რეზიუმე რეკრუტერებში ეჭვს იწვევს და მათ უბიძგებს, კანდიდატის პოტენციალის ნაცვლად, ინფორმაციის სანდოობაზე დაფიქრდნენ. მისი აზრით, საუკეთესო რეზიუმეები აბალანსებენ მიღწევების წარმოჩენასა და პატიოსნებას.
შრომის ასეთ კონკურენტულ ბაზარზე, სადაც ბევრი ადამიანი თვეების განმავლობაში რჩება უმუშევარი, ფინანსური ვალდებულებების ფონზე, ინფორმაციის გაზვიადების ან ფაქტების შელამაზების ცდუნება განსაკუთრებით ძლიერია. თუმცა, ექსპერტები გვირჩევენ, შევქმნათ აპლიკაცია, რომელიც პატიოსნებასა და ავთენტურობას ინარჩუნებს მაშინაც კი, როდესაც დასაქმების სურვილი განსაკუთრებით ძლიერია.
პროფესიონალური კომუნიკაცია
კარიერული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიღწევების წარმოჩენა ბუნებრივი პროცესია, თუმცა გამოყენებულმა ენამ და ფორმულირებებმა შეიძლება გააძლიეროს ან დაასუსტოს ძირითადი გზავნილი. რეზიუმეში გამოყენებული ენა უნდა ასახავდეს თვითშეგნებას, სიცხადესა და მიზანმიმართულობას, ზედმეტი თვითრეკლამის გარეშე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა გუნდური მიღწევების აღწერისას. HR ექსპერტები გვირჩევენ, ფრაზა „დამოუკიდებლად ვუხელმძღვანელე“ შევცვალოთ უფრო ზომიერი ფორმულირებით, როგორიცაა „მნიშვნელოვანი როლი ვითამაშე“. ასევე, მნიშვნელოვანია არ ჩავრთოთ არარელევანტური გამოცდილება რეზიუმეში – პასუხისმგებლობების გრძელი ჩამონათვალი ხშირად უფრო გრძელსიტყვაობად აღიქმება, ვიდრე შთამბეჭდავ კვალიფიკაციად.
შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა
ზრდასა და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული ენა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ზოგადი ტიტულები. მაგალითად, განცხადება `ვუხელმძღვანელე მარკეტინგულ კამპანიას, რომელმაც გაყიდვა გაზარდა 20%-ით“ გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე უბრალოდ თავის „მარკეტინგის ექსპერტად“ წარმოჩენა.
სიმარტივე და ფოკუსი
სასოწარკვეთილება ხშირად ჩანს რეზიუმეში ჭარბი და ქაოტური ინფორმაციის სახით. როდესაც კანდიდატი ასახელებს ყველა სამსახურს, მიუხედავად რელევანტურობისა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის „ყველაფერს ესვრის კედელს“ იმედით, რომ რაიმე მოხვდება მიზანს.
ექსპერტები გვირჩევენ, რეზიუმე მოვარგოთ კონკრეტულ პოზიციას, გამოვკვეთოთ მხოლოდ ყველაზე რელევანტური გამოცდილება, რაც დოკუმენტის ავთენტურობასა და ფოკუსირებულობას უზრუნველყოფს.
გავლენის წარმოჩენა ძალისხმევის ნაცვლად
სამსახურის ძიებისას უმჯობესია კანდიდატმა აქცენტი გააკეთოს იმაზე, თუ რა მიაღწია და არა იმაზე, რამდენად ძლიერად სურს პოზიცია. როდესაც რეზიუმეში ჩანს კონკრეტული შედეგები, დამსაქმებლები უკეთ აღიქვამენ კანდიდატის რეალურ ღირებულებას.
დაბალანსებული ენთუზიაზმი
დამქირავებელი მენეჯერები ეძებენ კანდიდატებს, რომლებიც ერთდროულად ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. ენთუზიაზმისა და სასოწარკვეთილების ზღვარი ხშირად ფაქიზია და ეს უკანასკნელი შეიძლება მიანიშნებდეს არასაკმარის თავდაჯერებულობაზე, თვითშემეცნების ნაკლებობაზე ან კარიერული ფოკუსის არარსებობაზე.
HR მენეჯერები ხშირად ამჩნევენ სასოწარკვეთილების ნიშნებს ისეთ ფრაზებში, როგორიცაა „ღია ვარ ყველა შესაძლებლობისთვის“ ან „მომეცით შანსი დავამტკიცო“. განსაკუთრებით პრობლემურია დრამატული განცხადებები, როგორიცაა „მე ვარ ის დაკარგული პაზლის ნაწილი, რომელიც თქვენს კომპანიას სჭირდება“ – ექსპერტების თქმით, ასეთი ფორმულირებები უფრო მეტად ჰგავს თხოვნას, ვიდრე დამაჯერებელ განაცხადს.
მიუხედავად იმისა, რამდენად რთულია სამსახურის ძიების პროცესი და რამდენად დიდია დასაქმების სურვილი, უმჯობესია კანდიდატებმა არ გამოავლინონ სასოწარკვეთილება პროფესიულ დოკუმენტებში – დაბალანსებული, ფოკუსირებული და შედეგებზე ორიენტირებული რეზიუმე ბევრად უფრო ეფექტურია დასაქმების ბაზარზე.
წყარო: Fastcompany













