21
May
2019

„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ – ალექს ოსტერვალდერის წიგნი ქართულ ენაზე 

21 May 2019

საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ინიციატივით და პალიტრა L-თან თანამშრომლობით, პროექტის „ლურჯი ოკეანე“ ფარგლებში, ქართულ ენაზე, ალექს ოსტერვალდერის წიგნი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ გამოიცემა. წიგნი წინასწარ უკვე გაყიდვაშია, მაღაზიებში კი 27 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

„ეს არის რევოლუციური, მსოფლიო „ბესთსელერი “ წიგნი ბიზნესის სფეროში, რომლის მილიონობით ეგზემპლარიც გაყიდულია 37 ენაზე. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ USA Today-ს მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო 12 ბიზნეს გამოცემას შორის არის შესული. ეს წიგნი არის მათთვის,  ვინც ცვლის თამაშის წესებს, ისახავს რთულ ამოცანებს, ცდილობს არ დაკმაყოფილდეს მოძველებული ბიზნესმოდელებით და ქმნის მომავლის კომპანიებს. ავტორი გთავაზობთ ძლიერ, მარტივ, ნაცად ხერხებს იმისათვის, რომ გაიაზროთ, შექმნათ, განაახლოთ და განახორციელოთ ბიზნესმოდელები“.

წიგნის თანაავტორი, ალექს ოსტერვალდერი შვეიცარიელი ბიზნესთეორეტიკოსი, კონსულტანტი, მეწარმე და სპიკერია. 2010 წელს მან დააარსა კომპანია “Strategyzer”, რომელიც ორგანიზაციებს განვითარების, უკეთესი ფასეული შეთავაზების შექმნისა და ძლიერი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. ოსტერვალდერის მიერ შემუშავებული ბიზნესმოდელის ტილო იქცა უნივერსალურ ენად ბიზნესის სფეროში და იგი უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად.

წიგნი მაღაზიებში 27 მაისიდან გამოჩნდება, მანამდე კი ქართველ მკითხველს შეუძლია მისი წინასწარი შეკვეთა „ბიბლუსის“ ვებგვერდზე,  შემდეგ კი სასურველ მისამართზე უფასოდ მიიღებს.

„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ ასევე წარმოდგენილი იქნება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, „ექსპო ჯორჯიაში“ 30 მაისიდან 2 ივნისამდე.

ფესტივალის ფარგლებში 2 ივნისს ჩატარდება ოსტერვალდერის წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი გაუძღვება. იგი ისაუბრებს წიგნში განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ბიზნესმოდელის შექმნის მეთოდებზე კონკრეტული კომპანიების მაგალითებით, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისა თუ უკვე დაფუძნებული ორგანიზაციებისთვის შეარჩიონ სწორი და ინოვაციური ბიზნესმოდელი, რაც საშუალებას მისცემთ მყარად დაიკავონ ბაზარზე კუთვნილი ადგილი.

აღსანიშნავია, რომ „ჯეპრას“ ერთ-ერთი CSR მიმართულებაა განათლების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც არაერთ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, კომპანიის ინიციატივაა ბიზნეს განათლების ხელშეწყობა თანამედროვე ბიზნეს ლიტერატურის ქართულად გამოცემის გზით. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ იქნება პირველი წიგნი, რომლის ქართულად წაკითხვის შესაძლებლობაც ექნება საზოგადოებას, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია კიდევ 3 წიგნის გამოცემა კომპანია პალიტრა L-თან თანამშრომლობით.

 

პარტნიორის კონტენტი

 

განხილვა