ცხოვრებაში რთული პერიოდი უმრავლესობას გამოგვიცდია და ეს დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულების შეუძლებლობას უკავშირდება. მაგალითად, შეიძლება, ეს იყოს კარიერის ცვლილებასთან, ახალი ბიზნესის წამოწყებასთან, დავალებების შესრულებასთან, გადასახადების გადახდასა თუ სხვა ვალდებულებებთან დაკავშირებული.
დასვენება, რასაკვირველია, ერთ-ერთი გამოსავალია, თუმცა ამასთან, რთულ პერიოდთან გასამკლავებელ სხვა საფუძვლიან ტაქტიკებსაც გაგიზიარებთ:
სათითაოდ იზრუნეთ თქვენი კარგი ჩვევების აღდგენაზე
უმრავლესობას ერთდროულად ბევრი რამის გაკეთება გვინდა. მაგრამ როცა ერთ რამეზე ვკონცენტრირდებით, მაშინ უფრო პროდუქტიულები ხომ არ ვართ?
აირჩიეთ ერთი ტექნიკა, რომელსაც გამოიყენებთ. ეს შეიძლება, იყოს მედიტირება, ბლოკნოტის ყოველდღიურად წარმოება, პომოდოროს მეთოდის ცდა და ა.შ.
ეს ტექნიკები თანმიმდევრულად გამოიყენეთ მანამ, სანამ ის თქვენი რუტინის ბუნებრივი ნაწილი არ გახდება (გირჩევთ, ეს, მინიმუმ, ერთი კვირის განმავლობაში აკეთოთ).
აქციეთ თქვენი დამხმარე ტექნიკები კომფორტულ ჩვევად და შემდეგ სხვა მეთოდის დამატებაზეც იზრუნეთ.
როცა საკმარისი ენერგია არ გვაქვს და საკუთარ თავს იძულებულს ვხდით, ბევრი რამ ვაკეთოთ, ჩვენს თავზე ზეწოლას ვახდენთ და საბოლოოდ, ეს ჩვენს გადაწვას იწვევს. ასე რომ, მარტივად, თუ გადატვირთვა გჭირდებათ, ნუ დაატანთ თავს ძალას.
უბრალოდ, თავიდან დაწყებას შეეცადეთ.
უარი თქვით თქვენს მიზნებზე
„თავისუფლება სასურველით სრულად ტკბობით კი არ მიიღწევა, არამედ სურვილების კონტროლით“.
ბუნებრივია ბევრი რამის სურვილი. ვის არ უნდა მეტი ფულის შოვნა, ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა, 50 ქვეყანაში მოგზაურობა, ახალი მანქანის შეძენა, ოჯახთან მეტი დროის გატარება, თუ უბრალოდ, გართობა?
შეხედეთ, ეს მიზნები ცუდი სულაც არ არის. და ხშირად, ჩვენ მათი მიღება შეგვიძლია კიდევაც. მაგრამ როდესაც ჩვენი სურვილები ჩვენ მიერ კონტროლდება, მერე უკვე შესაძლებლობა გვაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ, სტრესის გარეშე მივყვეთ მათ აღსრულებას.
ყველაფერი პრიორიტეტებთანაა დაკავშირებული: რა არის თქვენთვის ამ ეტაპზე ნამდვილად მნიშვნელოვანი? – გააცნობიერეთ ეს და შემდეგ ზუსტად ამ კონკრეტულზე კონცენტრირდით.
დარჩით აწმყოში.
სიხარული იმაში იპოვეთ, რაც უკვე გაქვთ
ჩვენ ყოველთვის გვინდა მეტი ფული, მეტი მეგობარი, მეტი პოპულარობა და ა.შ. და სოციალური მედია ამ კონტრასტის დანახვასა და საკუთარი თავის სხვებთან შედარებაში ძალიან ეფექტურია და სწორედ ამიტომ, ცუდ საქმეს ემსახურება.
ამიტომ, სოციალური მედიის გადაჭარბებულ მოხმარებას არ გირჩევთ. ამის ნაცვლად, ისიამოვნეთ უკვე განვლილი გამოცდილებებით. გაიხსენეთ ყველა კარგი რამ, რაც გაქვთ: ჯანმრთელი ხართ, რომ გააკეთოთ ის, რაც გსურთ, გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებიც გიყვართ და მხარს გიჭერენ, შეგიძლიათ ჭამა, გადარჩენა და ა.შ.
გაიხსენეთ ყველა საშინელი რამ, რაც არ დაგმართნიათ: თქვენ არ ხართ კომატოზურ მდგომარეობაში, საომარ ზონაში სიცოცხლისთვის არ იბრძვით და სხვ.
დაელაპარაკეთ მეგობრებს, რომლებთანაც თავს კარგად გრძნობთ
როდესაც მანქანა გაგიფუჭდებათ, შეგიძლიათ, ის ექსპერტთან მიიყვანოთ, მაგრამ ჩვენი გონება და ემოციები ასე არ მუშაობს. თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი გადატვირთული გრძნობების მაღაზიაში შეკეთებას.
ასეთ შემთხვევაში სჯობს, მეგობარს მიმართოთ. რა თქმა უნდა, თქვენმა მეგობარმა შეიძლება, პრაქტიკული რჩევა ვერ მოგცეთ, მაგრამ გაზიარება ხომ არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა?
ასე რომ, ესაუბრეთ პოზიტიურად განწყობილ მეგობარს. ეს დაგეხმარებათ თქვენი აზრებისა და ემოციების უკეთ გაცნობიერებაში.
არ იჩქაროთ, ცოტა დაისვენეთ და საკუთარ თავზე კონცენტრირდით
შეაფასეთ საკუთარი თავი და თქვენი ჯანმრთელობა. კარგად იკვებებით? საკმარისად გძინავთ, ან ვარჯიშობთ?
როდესაც ჩვენი კარიერა და ცხოვრება ძალიან გვიპყრობს, ამის დავიწყება ადვილი იქნება და ეს ძალიან ცუდია, ვინაიდან ყველა ზემოჩამოთვლილის დარეგულირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.
ძალიან ხშირად ძალიან ბევრ დროს ვუთმობთ სხვების პრობლემებზე ფიქრს. იქნება ეს კლიენტი, მეგობარი, შვილი და ა.შ. ისინი ყველა ჩვენს დროსა და ენერგიას იკავებენ.
ბოლოს როდის გააკეთეთ რაიმე საკუთარი თავისთვის?
როდესაც საკუთარ თავზე კონცენტრირებას ვკარგავთ, ყურადღებას ვეღარ ვაქცევთ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ მნიშვნელოვან დეტალებს. ასე რომ, არ იჩქაროთ, დამშვიდდით, ცოტა დაისვენეთ, საკუთარ თავზე კონცენტრირდით და ასე განაგრძეთ.
წყარო: medium











