in

როგორ ვებრძოლოთ გლობალურ რისკებს?

დედამიწის ბედი ადამიანზე გადის – თითქოს ცოტა არარეალურად ჟღერს ხომ? პრიმიტიულად რომ შევხედოთ, ერთი ინდივიდი 7 მილიარდ ადამიანში ზღვაში წვეთია. თუმცა, კარგად თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ თითო-თითო წვეთის მოკლებით ზღვა დაშრება. ერთი ადამიანიც კი სამყაროსთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს – ერთ ადამიანს შეუძლია, პლანეტა გადაარჩინოს ან გააცამტვეროს. ყველაფერ ამას იმიტომ გიყვებით, რომ კიდევ ერთხელ გაიაზროთ – თქვენც ხართ დედამიწის მშობელი, ისევე როგორც დედამიწა – თქვენი და ისევე გევალებათ მასზე ზრუნვა, როგორც იგი თავად ზრუნავს თქვენზე.

ემოციური შესავლის მერე კი გეტყვით, რომ საერთაშორისო საზოგადოება კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით, კონკრეტულ გამოსავლებზე თანხმდება. ზოგი შეიძლება, ძალიან პრიმიტიულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ზუსტად ის გადაწყვეტაა, რაც სამყაროს დღესდღეობით ძალიან სჭირდება.

გლობალური დათბობა

გლობალური დათბობა ის გლობალური რისკია, რომელიც, ფაქტობრივად, უამრავი სხვა რისკის გამომწვევი მიზეზია. გლობალურ დათბობამდე მისვლა დედამიწელებმა სათბური ეფექტების დიდი დოზით გამომუშავების შედეგად მოვახერხეთ. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს სახელდება. 2013 წლის ბოლოსთვის, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ზედაპირი ყოველ 40 წელიწადში 1 გრადუსით თბება. საშუალო ტემპერატურის ზრდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა აქტუალური. არსებობს უამრავი მარტივი თუ მასშტაბური გზა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ გლობალურ დათბობას. ყველა ეს გზა კი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფას ეწინააღმდეგება. რატომ? ნახშირორჟანგი იგივე “სათბური გაზია”, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან კოსმოსურ სივრცეში სითბოს გასხივებას აბრკოლებს, რის შედეგადაც იზრდება ადგილობრივი ტემპერატურა.

ნახშირორჟანგი ნავთობის, ქვანახშირისა და სხვა წიაღისეულის წვის შედეგად გამოთავისუფლდება. მათ ჩვენ იმ ენერგიისთვის ვიყენებთ, რომელიც გვჭირდება სახლისთვის, მანქანისთვის, სმარტფონისთვისაც კი..

ყველაზე მარტივი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის: შევიძინოთ და მოვიხმაროთ ნაკლებვატიანი ნათურები, გამოვრთოთ კომპიუტერები, ტელევიზორები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა მაშინ, როდესაც არ ვიყენებთ მათ. გავრეცხოთ სარეცხი ცივ ან თბილ წყალში და არა – ცხელში. ყველაფერ ამით იზოგება ენერგია. ენერგიის დაზოგვის შედეგად კი ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყოფა ატმოსფეროში.

კარგი იქნება, თუკი შეამცირებთ წყლის გამოყენებასაც. გარდა იმისა, რომ ეს ბუნებრივი რესურსის გადარჩენა და მასზე ზრუნვაა, მას ასევე აქვს გლობალურ დათბობაზე პირდაპირი გავლენაც. მის გათბობას, გაციებასა თუ ტემპერატურის დარეგულირებას საკმაოდ დიდი ენერგია სჭირდება, რაც ისევ და ისევ ჰაერში ცუდი ნივთირებების გამოყოფით სრულდება.

კარგი იქნება, თუკი სახლში ბუნებრივი/განახლებადი ენერგიით ისარგებლებთ. მერე რა, თუ თქვენ ქარის წისქვილები ან მზის პანელები არ გაქვთ, ეცადეთ, იკონტაქტოთ იმ კომპანიასთან, რომლის ენერგიის მინიმუმ ნახევარი ბუნებრივად მოპოვებული და აღდგენადია. ენერგომოხმარების ყველაზე დიდი წილი მართლაც სახლის ტემპერატურის დარეგულირებაზე მოდის. სწორედ ამიტომ, საზოგადოება უნდა გადავიდეს სახლის ბუნებრივ გაგრილება-გათბობაზე, რაც მის დალუქვა-იზოლაციას გულისხმობს სხვადასხვა ხერხით.

მანქანების გამონაბოლქვი ისაა, რაც ყველაზე მეტად ვნებს კლიმატს. შესაბამისად, თუკი ამ მხრივ ცვლილებაა საჭირო, ეს, პირველ რიგში, მანქანებს ეხებათ. გარემოს დამცველები საზოგადოებას ურჩევენ, ნაკლებად გადაადგილდნენ ავტომობილებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცხოვრების წესად გაიხადონ. თუ აქვთ საშუალება, გადავიდნენ ელექტრო მანქანებზე. თუკი პირადი ტრანსპორტით გადაადგილება სურთ, ამისთვის მოტოციკლიც არ არის ცუდი. და თუ ყველაფერი ეს გეძნელებათ, სულ მინიმუმ, შეამცირეთ სიჩქარე, რადგანაც მეტი სიჩქარე მეტ საწვავს მოითხოვს.

გადაუმუშავებელი ნარჩენები 

ნაგავსაყრელების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ გადაუმუშავებელი ნარჩენები დედამიწას არ აწუხებს. ამ პრობლემას ყოველდღიურად ძალიან ბევრგან მოკრავთ თვალს და თითქოს უკვე პლანეტას ჩვეულებად ექცა მისი არშემჩნევა. მაგრამ თუკი ასე გაგრძელდა, ფაქტობრივად, სუფთა და ცარიელ ადგილს ვეღარ მოვნახავთ. იმდენად შეგვაწუხებს ჩვენ მიერ დაგროვებული ნარჩენები, რომ მათ ვეღარსად გავექცევით. სწორედ ამიტომ, სანამ გვიანი არაა, საზოგადოებამ უნდა გადადგას ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები, რაც გულისხმობს შემდეგს:

პირველი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და რასაც კვლევა არ სჭირდება, არის ის, რომ მაღაზიაში შემოთავაზებული ცელოფანი არ აიღოთ. ხშირად ხდება ისე, რომ ერთ პატარა ნივთზეც გაძლევენ მას, რაც სრულიად არ საჭიროებს შეფუთვას, სწორედ ამიტომ, სანამ ცელოფანს გამოართმევდეთ მოლარეს, კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა რეალურად ის. თუკი მაინც და მაინც გამოართმევთ, ერთჯერადად ხმარების შემდეგ ნუ მოისვრით მას ნაგავში – ბევრნაირი ცელოფანი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევჯერ გამოვიყენოთ.

როდესაც იმ ფაქტის წინაშე ვდგებით, რომ ესა თუ ის სამოსი აღარ მოგვწონს, აღარ გვერგება ან უბრალოდ აღარ ვარგა, კარგად დაფიქრდით, ღირს რომ იგი სანაგვეზე მოისროლოთ? გარდა იმისა, რომ სხვებზე გაცემით კეთილ საქმეს გააკეთებთ და დაეხმარებით, ასევე შეამცირებთ ნარჩენებსაც.

ხშირად ხდება ისეც, რომ უაზროდ ბევრ საკვებს ვყიდულობთ – ხან ვერ ვარჩევთ რა გვინდა და იმიტომ, ხანაც, გვგონია, რომ აუცილებლად ყველაფერს შევჭამთ. ბოლოს ისე ხდება, რომ საკვების ნახევარზე მეტს ვყრით. გამოუყენებელი საკვები ნარჩენების ძალიან დიდ რაოდენობას შეადგენს. აქაც იმგვარად უნდა მოვიქცეთ, როგორც ტანსაცმლის შემთხვევაში: წავიღოთ ეს საჭმელი იქ, სადაც სჭირდებათ.

თუკი ძალიან ბევრი ბოთლი ან ალუმინის ქილა დაგიგროვდათ, ნუ დაგეზარებათ მათი ნარჩენების გადასამუშავაბელ ქარხანაში წაღება – აქაც გირჩევთ, პირდაპირ ნაგავში არ გადაუშვათ ეს საგნები. ასევე, ნუ მიეძალებით იმ სასმელებს, რომლებიც პლასტიკურ ბოთლებში არის ჩასხმული. ეცადეთ, ნაკლებად შეიძინოთ ისინი – სასმელთა მრავალფეროვნებას მაინც არავინ უჩივის.

წყლის ჭარბი მოხმარება

წყლის ჭარბი მოხმარება დღესდღეობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება. რატომღაც წყალი ის რესურსია, რაც საზოგადოებას ხშირად ჰგონია, რომ მუდმივად ექნება. თუმცა, რეალურად, წყალიც ისეთივე რესურსია, როგორიც სხვები და მასაც მნიშვნელოვნად სჭირდება მოფრთხილება. თუმცა, ალბათ ამას ისინი უფრო მძაფრად განიცდიან, ვისთვისაც წყალი ფუფუნებაა და არა ყოველდღიურობა. თუმცა, მისი ზედმეტი გამოყენებით ჩვენც შეიძლება ამ რეალობის წინაშე დავდგეთ.

ცოდვა გამხელილი ჯობს და ხშირად, ალბათ, არც გვახსენდება, კბილების გამოხეხვისას, წვერის გაპარსვისას ან ჭურჭლის რეცხვისას, სანამ წყალი არ გვჭირდება, ონკანი დავკეტოთ. ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული ეს საქმე თითქოს არაფრად ითვლება, თუმცა, საზოგადოებამ რომ ეს ქმედება წესად გაიხადოს, დედამიწა უამრავ წყალს დაზოგავს.

ასევე, თუკი ამ წყლის დაზოგვის სურვილით ნამდვილად ხართ მოცული და დიდ ხანს გიყვართ შხაპის მიღება, აუცილებლად უნდა შეამციროთ ეს დროც – დაფიქრდით სად გადის ზღვარი თქვენს ჩვეულებასა და სამყაროს საჭიროებებს შორის.

ასევე, შეინახეთ მაცივარში მინიმუმ ერთი ბოთლი წყალი. ხშირად, როდესაც ჭიქას წყლით ბოლომდე ვავსებთ, ნახევარს უკანვე ვაქცევთ ხოლმე. ბოთლიდან დალევის შემთხვევაში კი, გექნებათ იმის გარანტია, დალიოთ იმდენი, რამდენიც გსურთ და უაზროდ არ გადააქციოთ წყალი.

არც მთლად გაზონებს სჭირდებათ იმდენი წყალი, რამდენიც მოშვებულია ხოლმე ხშირ შემთხვევაში. განსაზღვრეთ დრო, რამდენიც საჭიროა მათ მოსარწყავად, შემდეგ კი, აუცილებლად გადაკეტეთ ონკანი.

წყლის ჭარბ მოხმარებასთან საბრძოლველად უამრავი წესი არსებობს, თუმცა, ეს ის ელემენტარულია, რისი გაკეთებაც ყოველდღიურად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ.

პოპულაციის სიჭარბე

ჭარბი მოსახლეობა ისაა, რაც დედამიწას დღესდღეობით ნამდვილად აწუხებს, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არაფერია, ვიდრე ის, რაც მომავალ ათწლეულებშია მოსალოდნელი. თუკი, რასაკვირველია, კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდგით.

როგორ ვებრძოლოთ ჟარბ პოპულაციას? ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე საუკუნის წინ, ან სულ ახლო წარსულში ცალსახა იქნებოდა. ამ პრობლემის გადაჭრა ადრე ომით და ეპიდემიით იყო შესაძლებელი. არსებობდა იდეოლოგია, რომ როდესაც დედამიწაზე მოსახლეობა უსაშველოდ გაიზრდებოდა, ომით ამ პრობლემის გადაჭრა მარტივი იყო.

დღევანდელ სამყაროში, როდესაც ლიბერალური ხედვები ფეხს იკიდებს და ომი პრობლემების გადაჭრის საშუალებად აღარ მოიაზრება (განსაკუთრებით ამ პრობლემის), საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს ის უფრო მეტად ჰუმანური ხერხები, რაც შედარებით უმტკივნეულო და მარტივი იქნება.

მოგეხსენებათ, მოსახლეობის ჭარბი ზრდის მაჩვენებელი სად შეგვიძლია ვეძებოთ – განვითარებად ქვეყნებში, ან იქ, “განვითარებადიც” რომ აღარ ჰქვია. ყველაფერი ეს კი გამოწვეულია ერთი დიდი ფაქტორით – განათლების არარსებობით. განათლების არქონა კი პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანების სურვილზე, ჰქონდეთ კარგი კარიერა – შედეგად მეტად ორიენტირდებიან ოჯახზე და მათ ერთადერთ საფიქრალად ეს რჩება.

ცალკე საკითხია სექსუალური განათლებაც, რომლის არქონაც ხელს უშლის საზოგადოებას, იცოდეს, როგორ უნდა დაიცვას თავი და არ შეეჩეხოს იმას, რასაც დაუგეგმავი შვილი ჰქვია. ასევე, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მდედრობითი სქესის განათლებას შვილის ყოლის კუთხით, რადგანაც დღესდღეობით სწორედ ამ ფაქტორის გამო დედები დიდ პრობლემებს აწყდებიან და ნანობენ, რომ შვილი გააჩინეს.

პოპულაციის სიჭარბის გადაჭრა, გარკვეულწილად, შესაძლებელია სახელმწიფოს ჩარევითაც. ამის ყველაზე კარგ მაგალითად ჩინეთი სახელდება, სადაც გავრცელებულია “ერთი ბავშვის პოლიტიკა”, რომელიც ოჯახებისთვის ზღუდავს ერთზე მეტი შვილის ყოლას (თუკი განსაკუთრებულ შემთხვევებს არ ჩავთვლით). სწორედ ამ ჩარევით მეოცე საუკუნის შუა წლებში თუკი ქალი საშუალოდ 6 ბავშვს აჩენდა, დღეს ეს რიცხვი 1-2-მდე შემცირდა.

ბიომრავალფეროვნების შემცირება

ბოლო 30 წლის განმავლობაში ბიომრავალფეროვნება 27%-ით შემცირდა, რაც ნიშნავს იმას რომ, სულ მალე აღარ გვექნება ის “სუფთა ჰაერი” ქალაქგარეთ რომ ვეძებთ ხოლმე. ბიომრავალფეროვნება და ადამიანი ერთმანეთზე უხილავი, თუმცა ძალიან მტკიცე ჯაჭვითაა გადაბმული და რაც უნდა რადიკალურად ჟღერდეს, ადამიანი არ არსებობს მის გარეშე.

ამ პრობლემის ყველაზე პრიმიტულ გადაწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს ხის დარგვა – რაც ასე მარტივია და არც მაინც და მაინც დიდ რესურსს ითხოვს ჩვენგან. გარემოს დამცველები კერძო ეზოს მქონე საზოგადოებას მოუწონებენ, მაქსიმალურად იზრუნონ გარშემო არსებულ ტერიტორიაზე და იგი თავიანთ “დაცულ ტერიტორიად” აქციონ. ხოლო მათ, ვისაც არ აქვთ კერძო ეზოები, თავიანთი საცხოვრებელი ბინის გარშემო ტერიტორია გაამწვანონ. ეს ყველაფერი ელემენტარულია, თითქოს, თქმაც რომ არ სჭირდება, თუმცა, რეალურად, ადამიანებს რატომღაც დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ყველაფერ ამის გასაკეთებლად.

ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ძლიერი მტერი პესტიციდებია. ამ პრობლემის ყველაზე კარგი გამოსავალი კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაბამისი/ადვილად გახარებადი ნათესების დარგვაა. ლოგიკურია, რომ ასეთ შემთხვევაში ხელოვნური ნივთიერებები აღარ იქნება საჭირო. ასევე, ნუ შეიძენთ იმ ბაღისგან მცენარეებს, რომლებიც პესტიციდებს ხმარობენ, რადგან მისი დარგვის შემდეგ თქვენს მიწაზეც გადავა იგი. გამოიყენეთ ნიადაგის უსაფრთო დანამატები და ნუ მიეძალებით პესტიციდებს. დარწმუნებული ხართ, რომ “დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდელ ქათამს?”

ბუნებაში არსებული პროცესები ხომ ერთმანეთთან უპირობო კავშირშია. სწორედ ამიტომ, თუკი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება გსურთ, უნდა გააკეთოთ ის, რაც გლობალური დათბობის თავის ასარიდებლად გირჩიეთ – ნაკლები ენერგია უნდა გამოიყენოთ, რათა ნახშირორჟანგი არ გავრცელდეს ჰაერში. კლიმატის ცვლილება ხომ ისაა, რაც პირველ რიგში ბუნებას აზიანებს.

პრობლემა ბევრია, მაგრამ დღევანდელობა იძლევა საშუალებას, ბევრნაირი გამოსავალიც არსებობდეს. რეალურად, ყველამ კარგად იცის, სად გადის ზღვარი პრობლემასა და მის გადაჭრას შორის – ადამიანის მონდომებაზე. ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის ხერხებში არ ვახსენე მთავარი, რადგან იგი მაინც ყველას ერგება – ეს ამ კონკრეტულ რისკებში გათვითცნობიერებაა. მანამ, სანამ ჯერ კიდევ ხალხმა არ იცის, რის წინაშე დგას თვითონაც და მთელი პლანეტაც, რთულია, მოქმედება დაიწყონ. ამ კონკრეტულ საკითხში განათლების ქონა, ვფიქრობ, მასტიმულირებელი იქნება მათთვის, ახლოს მიიტანონ ეს პრობლემები გულთან და იზრუნონ გარემოზე.

მაგრამ არსებობს რიგი საკითხები, რასაც განათლება საერთოდ არ სჭირდება. მაგალითად ის, რომ ტყეში ცელოფანი არ უნდა დავაგდოთ. თუმცა, ამ პრობლემას რატომღაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. სწორედ აქ ვხვდებით, რომ ყველაფერი დაუფიქრებლობის შედეგად ხდება. ადამიანმა, პირველ რიგში, უნდა ისწავლოს ფიქრი და შემდეგ უკვე გადავიდეს ქმედებაზე..

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

როგორ გამოვიძახო ხელოსანი მარტივად? – ქართული პლატფორმა Profy505

რაზე საუბრობენ სკოლის ნანგრევებისგან შექმნილი სკულპტურები? – UNICEF-ის კამპანია