დღევანდელ კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე LinkedIn გადამწყვეტ როლს თამაშობს პროფესიულ წინსვლაში, თუმცა, როგორც ექსპერტები მიუთითებენ, პლატფორმის ეფექტური გამოყენება სცდება პირდაპირი წერილების გაგზავნას – პრაქტიკას, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ეფექტური ხდება. პირდაპირი მესიჯები, რომლებიც ციფრული „ცივი ზარის“ ეკვივალენტია, ხშირად აღიქმება არაეფექტურად.
პროფილის ოპტიმიზაცია რეკრუტერების მოსაზიდად
გლობალური ტალანტების რეკრუტერები აღნიშნავენ, რომ LinkedIn-ზე შესამჩნევად ყოფნა არ საჭიროებს მუდმივად პირდაპირი წერილების გაგზავნას. ნაცვლად ამისა, პროფილის ოპტიმიზაციას შეუძლია უფრო ნატიფად მოიტანოს შესანიშნავი შედეგები.
HR ეფექტური სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა პირდაპირი კომუნიკაციის გარეშე, არის “Open to Work” ფუნქციის გააქტიურება მხოლოდ რეკრუტერებისთვის ხილვადი რეჟიმით. ეს დისკრეტული სიგნალი აცნობებს რეკრუტერებს, რომ კანდიდატი ღიაა ახალი შესაძლებლობებისთვის, მაგრამ არ აცხადებს ამას მთელი ქსელისა და ამჟამინდელი დამსაქმებლისთვის. LinkedIn-ის კვლევის მონაცემები ადასტურებს ამ მიდგომის ეფექტურობას – ამ დაფარული პარამეტრის მომხმარებლები რეკრუტერებისგან 40%-ით მეტ შეტყობინებას იღებენ.
კომპანიებთან ურთიერთობის სტრატეგიული განვითარება
ტრადიციული მიდგომის ნაცვლად, როცა კანდიდატები ელოდებიან სამსახურის განცხადების გამოქვეყნებას და შემდეგ თავიანთ განაცხადს ავსებენ ასობით სხვა აპლიკანტთან ერთად, უფრო ეფექტურია ე.წ. სამიზნე კომპანიების სტრატეგიაზე გადასვლა. ამ მიდგომის ფარგლებში, პროფესიონალები უნდა ფოკუსირდნენ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ნამდვილად შეესაბამება მათ ღირებულებებს, მისიას, ხედვას და ზრდის პოტენციალს.
ამ სტრატეგიის რეალიზება მოიცავს კომპანიის გვერდის გამოწერას და მათ პოსტებში, სტატიებსა და ვიდეოებში აქტიურად ჩართვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გააზრებული კომენტარების დატოვება, რომლებიც რეალურ ღირებულებას ჰმატებს დისკუსიას. პროფესიონალებს ასევე სასურველია დაუკავშირდნენ შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებს, გამოიწერონ მათი კონტენტი და გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა პლატფორმაზე.
ამ მიდგომით, პროფესიონალები დროთა განმავლობაში შესამჩნევი ხდებიან არა როგორც „უბრალოდ კიდევ ერთი აპლიკანტი“, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც უკვე ინვესტირებულია ბრენდში. ეს გზა საშუალებას იძლევა დაფარულ სამსახურის ბაზარზე წვდომისთვის, სადაც შესაძლებლობები ხშირად ჩნდება სამსახურის გამოცხადებამდე.
დროული რეაგირება განცხადებებზე
კარიერის მენტორი ამანდა ფიშერი ამბობს – თუ კანდიდატები LinkedIn-ის სამსახურის განცხადებებზე 24 საათის განმავლობაში არ რეაგირებენ, ხშირად „უხილავნი“ რჩებიან რეკრუტერებისთვის, მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა. სასურველი პოზიციების გამოჩენისას რეკრუტერები ხშირად იღებენ 200-ზე მეტ განაცხადს პირველი 24 საათის განმავლობაში და წყვეტენ განაცხადების განხილვას, როგორც კი კვალიფიციური კანდიდატების საკმარის რაოდენობას მოიპოვებენ.
დარგობრივ ჯგუფებში აქტიურობა
მნიშვნელოვანია სფეროს აქტიურ ჯგუფებში გაწევრიანება და დისკუსიებში მონაწილეობა. ეს ჯგუფები წარმოადგენს სეგმენტირებულ აუდიტორიას, სადაც უკვე იკრიბებიან პროფესიონალები და საუკეთესო ადგილებია შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, უცნობებისთვის პირდაპირი წერილების გაგზავნის გარეშე.
პროფესიონალებმა უნდა აირჩიონ ორი-სამი აქტიური ჯგუფი და აქტიურობას დაუთმონ 10-15 წუთი კვირაში. ერთი თვის განმავლობაში, ამ პრაქტიკის დაცვით, პროფესიონალები, მიიღებენ პროფილის პოსტების/კომენტარების მეტ ნახვას, ახალ კავშირებსა და სამსახურის ახალ შესაძლებლობებს – ყველაფერს პირდაპირი წერილების დაგზავნის გარეშე.
კომპანიის ძიება
ერთ-ერთი ეფექტური გზაა კომპანიის ძიების გამოყენება სამსახურის საპოვნელად, ჩვეულებრივი ფილტრებით ძიების ნაცვლად. LinkedIn-ის მდიდარი პლატფორმა საშუალებას აძლევს კანდიდატებს დაინახონ ბიზნესები მათ ინდუსტრიაში, სადაც შეიძლება ჰყავდეთ პირველი დონის კავშირები. პირველი დონის კავშირების არსებობა კომპანიაში შეიძლება ინტერვიუს წინ რჩევებისთვის გამოგადგეთ და დაქირავების პროცესში შიდა ადვოკატირების საშუალება გახდეს.
უმუშევრობის დროს დაწერილი პოსტები
არსებობს LinkedIn-ზე ვირუსული პოსტების ტრენდი, რაც სამსახურის დაკარგვის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ასეთი პოსტები ხშირად აგროვებს ათასობით მოწონებას, კომენტარსა და გაზიარებას. ამ სტრატეგიის განსახორციელებლად, პროფესიონალებმა უნდა დაწერონ გულწრფელი პოსტი იმის შესახებ, თუ როგორ დაკარგეს სამსახური, რა ფინანსური პასუხისმგებლობები აქვთ, აღწერონ თავიანთი კვალიფიკაცია და გულწრფელად სთხოვონ ქსელს პოსტის გაზიარება.
სტრატეგია არ უნდა შემოიფარგლოს ერთი პოსტით – პროფესიონალებს შეუძლიათ შექმნან „დღიური“, სადაც გააზიარებენ პროგრესს, წარმატებებსა და გამოწვევებს. ეს ბუნებრივად ქმნის ცნობადობას სამსახურის მაძიებელთა ყველაზე რელევანტურ პლატფორმაზე და ეხმარება ღირებული პროფესიული ქსელის შექმნაში.
საკვანძო სიტყვების სტრატეგიული განთავსება
LinkedIn-ზე ადვილად რომ გიპოვონ, პროფილი საკვანძო სიტყვებით უნდა იყოს ოპტიმიზებული. პროფესიონალებმა უნდა წარმოიდგინონ თავი რეკრუტერის ან ჰედჰანტერის პოზიციაში – რა საკვანძო სიტყვებს აკრეფდნენ ისინი საძიებო ველში იდეალური კანდიდატის საპოვნელად?
ამ ანალიზის შემდეგ, მნიშვნელოვანია ამ ტერმინების სტრატეგიული ინტეგრირება მთელს პროფილში – სათაურში, „ჩემ შესახებ“ სექციასა და გამოცდილების ნაწილში. მიზანია, პოტენციურმა დამსაქმებლებმა ადვილად იპოვონ პროფილი და საკმარისად დაინტერესდნენ, რომ დაამყარონ კონტაქტი.
პროფესიული კონტენტის შემუშავება და გაზიარება
შეიმუშავეთ კურირებული კონტენტი გადაწყვეტილების მიმღებების ყურადღების მისაქცევად. ეს მიდგომა გულისხმობს რეგულარულად რელევანტური გარე კონტენტის (ბლოგები, სტატიები, სოციალური მედიის პოსტები) გაზიარებას საკუთარი შეხედულებებისა და ინსაითების დამატებით. ამ სტრატეგიის რეალიზება უნდა დაიწყოთ გადაწყვეტილების მიმღებთან ან გავლენიან პირთან LinkedIn-ზე დაკავშირებამდე. ეს ზრდის კანდიდატის პოსტებზე ჩართულობის დონეს, რაც მათ უფრო ხილვადს ხდის გადაწყვეტილების მიმღებების ლენტაში.
პროფესიული ბრენდინგი
LinkedIn პროფილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული აქტივია პროფესიული ბრენდისთვის. ყველაზე ძლიერი სტრატეგიაა პროფილის აქტიური მართვა ოპტიმალური პოვნადობისთვის. პროფესიონალებმა უნდა განსაზღვრონ სამიზნე როლი და დაგეგმონ მთელი პროფილი ამ მიმართულებით. სათაური უნდა იქცეს ბრენდის მთავარ პრეზენტაციად, „ჩემ შესახებ“ ნაწილმა უნდა მოგვითხროს პერსონალური ბრენდის ისტორია, ხოლო „გამოცდილებამ“ უზრუნველყოს გაზომვადი მიღწევები, რომლებიც ადასტურებს ბრენდის დაპირებას.
ყველა ეს სტრატეგია ერთობლივად ქმნის ეფექტურ მიდგომას, რომლითაც პროფესიონალები შეძლებენ LinkedIn-ის მაქსიმალურად გამოყენებას კარიერული მიზნებისთვის, პირდაპირი წერილების გაგზავნის გარეშე, რაც ხშირად უფრო მდგრად და გრძელვადიან შედეგებს იძლევა.
წყარო: Fastcompany











