როდესაც ზეგანაკვეთურ შრომას ასრულებთ, შეიძლება, გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ თქვენ მხოლოდ მუშაობთ, იკვებებით, გძინავთ და შემდეგ ისევ მუშაობთ. სწორედ ამ დაუსრულებელ წრეს მოჰყვება ხოლმე დაღლილობა, უკმაყოფილება და გადაწვა.
სწორედ ამიტომ, ზეგანაკვეთურ შრომაში ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავისთვის დრო გამონახოთ. ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ინსტინქტური გადახვევები სამუშაო პროცესიდან მაშინ, როდესაც სოციალურ მედიას ვსქროლავთ ან იუთუბის ვიდეოებს ვუყურებთ, თუმცა, ეს არ შეიძლება, ჩაითვალოს საკუთარი თავისთვის გამოყოფილ დროდ. საჭიროა, მკვეთრად გამოყოთ ეს დრო და გააცნობიეროთ, რომ ამ მომენტში თქვენ თავისუფალი ხართ და დასვენება შეგიძლიათ.
როგორ გამოვყოთ “საჩვენო დრო”?
განსაზღვრეთ არასამუშაო საათები
როდესაც მუდმივად მუშაობთ, აუცილებელია გამოყოთ გარკვეული არასამუშაო საათები საღამოებსა და უქმეებზე. თუმცა, თუკი კონკრეტულად არ განსაზღვრავთ, რომელია ეს საათები, კვლავაც დაგრჩებათ განცდა, რომ მუდმივად უნდა მუშაობდეთ. თუნდაც ეს შეიძლება იყოს საღამოს 6-დან 8-მდე შესვენება ვახშმისთვის და ვარჯიშისთვის, ხოლო სამუშაოს დასრულების საათად 10 საათი განსაზღვროთ. კონკრეტული საათების დაწესება დაგეხმარებათ, უფრო მეტად კონცენტრირდეთ თქვენს სამუშაოზე, რადგანაც იცით, რომ განსაზღვრული დასვენება გელით წინ.
განსაზღვრეთ თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი აქტივობები
ის, რომ საავადმყოფოში არ წევხართ და თავს უუნაროდ არ გრძნობთ, არ ნიშნავს, რომ ჯანსაღი აქტივობები და საკუთარ თავზე ზრუნვა არ გჭირდებათ. ხშირად, მრავალნაირი წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ვიმუშაოთ ეფექტურად, თუმცა კი, ორგანიზმი განტვირთვასა და სიჯანსაღეს გვთხოვს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, საკუთარ თავს ძილის ოპტიმალური საათები განუსაზღვროთ. ასევე მნიშვნელოვანია, 5-10 წუთით შეისვენოთ ხოლმე მუშობის დროს და ორგანიზმს საჭირო რაოდენობის წყალი მიაწოდოთ. მსგავსი აქტივობები ხელს შეუშლის თქვენს გადაღლასა და გადაწვას და უფრო ნაყოფიერს გაგხდით. როდესაც სხეულს ვუფრთხილდებით, ჩვენი გონებაც ხომ უკეთ მუშაობს.
მიეცით საკუთარ თავს ის, რაც მართლა გსურთ
ყველამ კარგად ვიცით, ყველაზე უფრო რა გვიხარია და რა გვანიჭებს ბედნიერებას. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს მეგობრის ნახვა, წიგნის კითხვა, ლანჩზე მყუდრო კაფეში გასვლა, შვილებთან თამაში თუ უბრალოდ სერიალის ყურება. ეცადეთ, ყოველდღიურად საკუთარ თავს მისცეთ უფლება, ერთი თქვენთვის სასიამოვნო რამ გააკეთოთ, რაც დროებით მაინც მოგწყვეტთ რუტინას და რეალურ ცხოვრებაში დაგაბრუნებთ. ყველაფერი ეს მოტივაციასა და ენთუზიაზმს გვმატებს, ენერგიით გვავსებს, რაც გვეხმარება შემდგომი საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში.
ზეგანაკვეთური მუშაობა არ გულისხმობს მუდმივ მუშაობას. ასეთ დროსაც კი აუცილებელია, საკუთარი თავისთვის დრო გამოყოთ. ეს კი იმიტომ უნდა გააკეთოთ, რომ მეტად ჯანმრთელი, ბედნიერი და ნაყოფიერი იყოთ.
წყარო: Fast Company