in

როგორ მოვიპოვოთ სპონსორები Rally Adventure Georgia-ში მონაწილეობისთვის?

Rally Adventure Georgia – ქალთა პირველი რალი რეიდი საქართველოში

ქალთა პირველი რალი რეიდი საქართველოში მორიგი სეზონისთვის ემზადება. უკვე მესამე წელია, რაც Rally Adventure Georgia-ს ეკიპაჟები უგზოო შეჯიბრში მონაწილეობენ და მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობენ და ექვსი დღის განმავლობაში, დაახლოებით 1500 კმ-ს გადიან და მაღალმთიან სოფლებში ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ, ღამით კი სასტუმროში ან კარვებში რჩებიან. იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე ნაკლებ მანძილს გადის დანიშნულების პუნქტამდე. ეკიპაჟებში დაშვებულია როგორც მხოლოდ ქალების, ისე შერეული შემადგენლობა. უგზოო რალის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეკიპაჟებს ორხიდიანი ავტომობილები ესაჭიროებათ. 2021 წლის Rally Adventure Georgia ოქტომბერში გაიმართება.

სათავგადასავლო რალიში მონაწილეობა ქართველი ეკიპაჟებისთვის 10-ჯერ უფრო
იაფია, ვიდრე უცხოელი ეკიპაჟებისთვის. ამის მიუხედავად, რალის ორგანიზატორები გირჩევენ, ქართველმა ეკიპაჟებმაც მოიძიოთ სპონსორები ისეთი ხარჯების დასაფარად, როგორიცაა მონაწილეობის საფასური, საწვავი, მანქანა და მისი აღჭურვილობა, უსაფრთხოების ჩაფხუტები, კარავი და საძილე ტომრები, ა.შ. რალიმდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, რაც მონაწილეობის მსურველებს მოსამზადებლად შეუძლიათ გამოიყენონ. ორგანიზატორების თქმით, საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავავლებთ თვალს, რალის მონაწილეები, ძირითადად, სპონსორების მხარდაჭერით გამოდიან საასპარეზოდ. ერთი მხრივ, ეს ოფროუდერებს მონაწილეობის საშუალებას აძლევს, მეორე მხრივ – საინტერესოა თავად სპონსორებისთვისაც, რომლებიც საკმაოდ მცირე ბიუჯეტის სანაცვლოდ, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად შუქდებიან. მაინც, როგორ მოვიპოვოთ სპონსორები, რალიში მონაწილეობის მსურველებმა? Rally Adventure Georgia-ს თანადამფუძნებელი ვერა მურღულია, რომელმაც „გაზელის“ რალიში მონაწილეობის მხარდასაჭერად, 34 სპონსორის დამოუკიდებლად მოძიება შეძლო, საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა:

რითაა საინტერესო სპონსორისთვის რალის მონაწილის მხარდაჭერა?

რალის ეკიპაჟის სარბოლო მანქანაზე რეკლამა არის კომპანიის ცნობადობის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური გზა და ეს კომპანიის დინამიურობაზე მეტყველებს, მით უმეტეს, როცა რალის მიზანი არის ქალების ავტოსპორტში ჩართვა და პარალელურად ჰუმანიტარული დატვირთვაც აქვს. თუკი მონაწილე ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი თავად არის კომპანიის მმართველი, მას შეუძლია საკუთარ კომპანიას დააფინანსებინოს რალიში მონაწილეობის ხარჯები, სარბოლო მანქანაზე დაიტანოს კომპანიის რეკლამა და ეს გაიყვანოს მარკეტინგის ხარჯებში. ხოლო იმ მონაწილეებს, ვინც თავად არ არიან კომპანიის მმართველები, რალის სპონსორი კომპანიების მოძიება წაადგებოდათ. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც საჭიროებს დროს და მოტივაციას. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ძიებას და რაც მეტ პოტენციურ სპონსორს მიაწვდენთ ხმას, მით მეტია რეალური სპონსორის მოპოვების შანსი.

რამდენიმე გამოსადეგი რჩევა:

ჩამოწერეთ პოტენციური სპონსორი კომპანიების სია, რომელიც დაინტერესებული იქნება რომ თქვენი ეკიპაჟის სპონსორობით გაზარდოს საკუთარი ფირმის ხილვადობა და ამავდროულად მხარი დაუჭიროს საქველმოქმედო ღონისძიებას. ეს შეიძლება იყოს ავტოსერვისი, ავტო-ნაწილების მაღაზია, საბურავების
მაღაზია ან ბრენდი, ბენზოგასამართი სადგურების ქსელი, საკვების ან არა-ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი, სუპერმარკეტი, აფთიაქი, სადაზღვევო კომპანია, ბანკი, სამკაულების ფირმა, ა.შ. და ნებისმიერი სხვა კომპანია, რომელიც არ არის რალის ღონისძიების ოფიციალური სპონსორი. რალის ოფიციალური
სპონსორები არიან : Tsikolia Watches, Sairme Hotels & Resorts, Ninellie, Geoland, Garminator.ge და Euro4x4parts.com.

შეხვედრის დასაგეგმად, მათთან დაკავშირება მოგიწევთ ელ.წერილის მიწერით, დარეკვით ან პირადად კომპანიის სათაო ოფისში მისვლით. იმისათვის, რომ კომპანია დაარწმუნოთ თქვენი მხარდაჭერის ხელსაყრელობაში და რომ ეს კომპანიის იმიჯისთვის დიდი პლუსი იქნება, შეხვედრისას უნდა განუცხადოთ შესაბამისი არგუმენტები და სასურველია დაუტოვოთ დოსიე, რომელშიც ყველა ქვემოთ მოცემული ინფორმაცია იქნება თავმოყრილი.

სპონსორთან მეილის მიწერისას ან საუბრისას, პირველ რიგში, მოკლედ და გარკვევით აუხსენით, თუ რა ღონისძიებაზეა საუბარი:

„Rally Adventure Georgia – სათავგადასავლო რალი საქართველოს მესამე გამოშვება გაიმართება 2021 წლის 11იდან 17 ოქტომბრამდე. ეს არის წლიური საერთაშორისო უგზოობის რალი რეიდი, რომელიც მოივლის დაახლოებით 1500 კილომეტრს საქართველოს ტერიტორიაზე 6 დღის განმავლობაში და საქართველოს თითქმის ყველა ტელეარხზე შუქდება (რუსთავი 2, TV იმედი, მთავარი არხი, აჭარის ტელევიზია, ფორმულა, პირველი არხი, …). რალის ეკიპაჟები შედგებიან 2 პირისგან: 1 ქალი და 1 მამაკაცი (შერეული კატეგორია), ან 2 ქალი (ქალთა კატეგორია). 2021-ში მონაწილეობას 40 ეკიპაჟი მიიღებს.
რალის მიზანია, შექმნას უგზო ავტორბოლაზე ახალი ხედვა: რბოლა მხოლოდ უგზოობაზე, მართვის სიამოვნებისთვის, სიჩქარისა და წამზომის გარეშე, რუკებისა და ნავიგაციის სისტემის გამოყენებით, მონაწილეებმა უნდა იპოვონ საკონტროლო პუნქტები, რაც შეიძლება მცირე დისტანციის გავლით. აგრეთვე, ღონისძიების მიზანია, დაამსხვრიოს სტერეოტიპი და საზოგადოებას აჩვენოს, რომ უგზოობაზე მართვა ქალბატონების გატაცებაც შეიძლება იყოს და რომ მათ არანაკლებად შეუძლიათ გაუმკლავდნენ უგზოობაზე მართვის სირთულეებს.
ღონისძიებას აქვს ჰუმანიტარული მისიაც, ეკიპაჟებს რბოლისას თან მიაქვთ ჰუმანიტარული დახმარება (თბილი ტანისამოსი, ფეხსაცმელები, სასკოლო ჩანთები, ჰიგიენურ საშუალებები,
ა.შ.) და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ შემწეობას მოკლებულ ოჯახებს ურიგებენ.“

სათავგადასავლო რალის წარდგენისას, აუცილებლად გაუსვით ხაზი ამ უპრეცედენტო საერთაშორისო ღონისძიების ჰუმანიტარულ მხარეს და მის აქტიურ მედიაგაშუქებას, ისაუბრეთ ზოგადად რალის (www.rallyadventure.com/media) და კონკრეტულად, თქვენი ეკიპაჟის ხილვადობაზე, ადგილობრივ თუ საერთაშორისო პრესაში. სათავგადასავლო რალის მედიატირება, საქართველოს გარდა, ხდება საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, ბელგიაში, კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ა.შ (სტატიები და ვიდეორეპორტაჟები შეგიძლიათ იხილოთ რალის ვებგვერდზე).

პოტენციურ სპონსორს შეთავაზეთ მისი კომპანიის ლოგოს თუ რეკლამის ხილვადობა თქვენს სარბოლო მანქანაზე, პილოტისა და შტურმანის უსაფრთხოების ჩაფხუტებზე და ტანსაცმელზე. წინასწარგანსაზღვრული სიის სახით წარუდგინეთ, თუ რა სახის ხილვადობისთვის, რა თანხას ან ბარტერს ითხოვთ. (მაგალითად: სპონსორის სტიკერი ჩაფხუტებზე = 150 ლარი, სპონსორის ლოგო ეკიპაჟის მაისურებზე = 400 ლარი, სპონსორის 2 ცალი 20 სანტიმეტრიანი სტიკერი მანქანაზე = 300 ლარი, სპონსორის 1 ცალი 60 სმ-იანი სტიკერი მანქანაზე = 400 ლარი, სპონსორის 2 ცალი 60 სანტიმეტრიანი სტიკერი მანქანაზე = 700 ლარი, ყველაფერი ერთად ანუ ეკიპაჟის გენერალური სპონსორობა 1600 ლარი).

კომპანიას, რომელსაც ფინანსურად დასპონსორება არ შეუძლია, შეგიძლიათ შესთავაზოთ ბარტერი, ანუ უვალუტო, მაგრამ ექვივალენტური საფასურის საქონლით დასპონსორება (ასეთი სახის საქონელი შეიძლება იყოს ის, რაც რალისთვის გამოგადგებათ: რალის მანქანის აღჭურვილობა, MT საბურავები, საწვავი, ზეთები, უსაფრთხოების ჩაფხუტები, სპორტული ფეხსაცმელი, ტანისამოსი, სასმელი, გრძელვადიანი საკვები, ჰიგიენური საშუალებები, ა.შ).

ქართველ ეკიპაჟებს, უცხოური ეკიპაჟებისგან განსხვავებით, შეუძლიათ სპონსორების სტიკერებიანი მანქანით იმოძრაონ საქართველოში, როგორც რალის დაწყებამდე, ასევე რალის დამთავრების შემდეგ. სტიკერების მანქანაზე დატოვების ხანგრძლივობა უნდა აღინიშნოს სპონსორობის კონტრაქტში.

როდესაც კომპანია გადაწყვეტს გახდეს თქვენი ეკიპაჟის სპონსორი, დაგჭირდებათ შეადგინოთ სპონსორობის ხელშეკრულება, რომელშიც ყველა პირობა იქნება თავმოყრილი. სპონსორობის კონტრაქტზე ხელის მოწერა არის ერთ-ერთი მთავარი სიამაყის მომგვრელი გამოცდილება, რასაც რალიში მონაწილეობა მოგიტანთ, ჯერ კიდევ, რალის დაწყებამდე.

არ დაგავიწყდეთ FB / Instagram გვერდის შექმნა თქვენი ეკიპაჟის სახელით, რომლის საშუალებითაც შეძლებთ საჯაროდ გადაუხადოთ მადლობა თქვენი ეკიპაჟის ფინანსურ თუ ბარტერულ სპონსორებს და ასევე რეგულარულად გააზიაროთ ინფორმაციები თქვენი ეკიპაჟის და ზოგადად რალის შესახებ, რამაც შეიძლება დააინტერესოს უკვე არსებული ან მომავალი სპონსორები.

არ დაიზაროთ, დაეკონტაქტოთ ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებს და ინტერვიუს სახით გააშუქებინოთ თქვენი ეკიპაჟის რალიში მონაწილეობა. თუ ჯერ არ გყავთ სპონსორები, ინტერვიუში აღნიშნეთ რომ ეძებთ სპონსორ კომპანიებს, და თუ უკვე გყავთ სპონსორები, აღნიშნეთ, თუ რომელი კომპანიები გიჭერთ მხარს. სტატიის სურათში კი არ დაგავიწყდეთ გამოაჩინოთ თქვენი ეკიპაჟის სპონსორის ან სპონსორების ლოგო.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ბორჯომში ტყის აღდგენა გრძელდება!

Philipp Plein – ბრენდი, რომელიც წესებს არღვევს!