in

როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია აქციებში? – თქვენი პირველი ნაბიჯები საფონდო ბირჟაზე

ინვესტიციებსა და საფონდო ბირჟაზე უკვე გესაუბრეთ. ახლა იმაზე გიამბობთ, როგორ უნდა დაიწყოთ აქციებით ვაჭრობა. თუ თქვენ ამ ფასიან ქაღალდებში ფულის ჩადება და კაპიტალის დაგროვება გადაწყვიტეთ, ვეცდებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ.

galt & taggart
galt & taggart

როცა თითოეული დეტალი სწორად არის გათვლილი, აქციებში ინვესტირება კაპიტალის დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

თუმცა, სანამ ამ საქმეს ხელს მოჰკიდებთ, ბევრი ნიუანსი უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ. დღეს სწორედ ამ თემებზე გიამბობთ. მოდით, დავიწყოთ სულ თავიდან.

განსაზღვრეთ ზუსტი საინვესტიციო მიდგომა

პირველ რიგში, კარგად უნდა გაიაზროთ, როგორ დაიწყოთ აქციებში ინვესტიციის ჩადება. ზოგი ინვესტორი ინდივიდუალური აქციების შეძენას ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი უფრო დივერსიფიცირებული ფონდების აქციებში ფულის დაბანდებას ამჯობინებს. თქვენ თავად უნდა აირჩიოთ მიმართულება და პირველ რიგში იმას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როგორი ტიპაჟი ხართ:

  • ანალიტიკოსი, რომელსაც უყვარს ციფრები და კვლევები ფინანსების მიმართულებით
  • არ უყვარს მათემატიკა და „საშინაო დავალებების“ შესრულება – თქვენთვის წარმოუდგენელია, საათობით, იჯდეთ და ბაზარს იკვლევდეთ, შემდეგ კი, საფონდო ბირჟაზე არსებულ ვითარებას აანალიზებდეთ
  • კვირის განმავლობაში, გაქვთ საკმარისი დრო საფონდო ბირჟაზე ინვესტიციების შესწავლის, ანალიზისა და შემდეგ, უშუალოდ ინვესტირების პროცესისთვის
  • მოგწონთ სხვადასხვა კომპანიაზე ინფორმაციის მოძიება, სადაც ინვესტიციას ჩადებთ, მაგრამ თავად არ შეგიძლიათ ისეთი რამის კეთება, რაც მათემატიკასთანაა კავშირში. ანუ კვლევა სათქვენოა, ოღონდ არა ფინანსური ნაწილი
  • ძალიან დაკავებული ხართ და იმის დრო არ გაქვთ, რომ აქციების ფასები და მასთან დაკავშირებული სხვა დეტალები გააანალიზოთ

აქედან, შეიძლება, ნებისმიერ, ერთ კატეგორიას აკმაყოფილებდეთ და ეს საკმარისია, რომ დარწმუნდეთ, საფონდო ბირჟაზე, ინვესტორის რანგში, მშვენიერი კანდიდატი ხართ.

როცა განსაზღვრავთ, რომელია სათქვენო ვარიანტი, უნდა გადაწყვიტოთ, რა გზით წახვიდეთ. მოდით, ახლა ამ მიმართულებაში გავერკვეთ.

საფონდო ბირჟაზე ინვესტირების გზები

ინდივიდუალური აქციები – შეგიძლიათ, ინვესტიცია ინდივიდუალურ აქციებში ჩადოთ, თუ გაქვთ დრო და სურვილი მუდმივად დააკვირდეთ, გააანალიზოთ, შეაფასოთ სიტუაცია. მაგრამ თუ მათემატიკური გამოთვლები, მოგებისა და ხარჯების ანგარიში არ შეგიძლიათ, ეს აქციები სათქვენო არ არის.

საინდექსო ფონდები (ფონდი, რომლის ფასიც მიმაგრებულია ფასიანი ქაღალდების გარკვეული ინდექსზე) – თუ საქმე ინვესტიციების პასიურ მართვაზე მიდგება, ამ უკანასკნელს გირჩევთ. ასეთ ფონდებს, როგორც წესი, ნაკლები ხარჯები აქვს, მაგალითად SPDR S&P 500 ETF  ფონდის აქციების ფასი მიბმულია S&P 500-ის ინდექსზე, რომელიც ზომავს ამერიკულ ბირჟაზე 500 დიდი კომპანიების აქციების საშუალო ფასს. 2010 წლიდან 2020 წლამდე, S&P 500-ის ინდექსი, საშუალოდ, 13.6 %-ით იზრდებოდა, წლიურად.

რობო – კონსულტანტი – ეს ვარიანტი ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა. რობო მრჩეველი არის საბროკერო კომპანია, რომელიც თქვენს მაგივრად, თქვენს ფულს სხვადასხვა ფონდის პორტფელში დებს, იმის მიხედვით, რამდენი წლის ხართ, როგორ უყურებთ და ეგუებით რისკებს. ინვესტიციების განკარგვის გარდა, მას საგადასახადო მიმართულებით კონსულტაცია და მთელი რიგი, სხვა ფინანსური საკითხების მოგვარება შეუძლია.

თუ უკვე ეს თემაც გაარკვიეთ, ახლა იმაზე ვისაუბროთ, რა თანხა უნდა ჩადოთ აქციებში. უფრო სწორად საკითხი ასე დასვათ, რა თანხა არ უნდა ჩადოთ აქციებში – აქ, ინვესტიციის, სახით ისეთი ფული არ უნდა დააბანდოთ, რომელიც, შეიძლება, მომდევნო, 5 წლის მანძილზე დაგჭირდეთ. საფონდო ბირჟაზე, ინვესტიციის მოცულობა, გრძელვადიან პერსპექტივაში, იზრდება, რასაც ვერ ვიტყვით მოკლევადიან პერსპექტივაზე. მაგალითად, რომელიმე ერთ მიმდინარე წელს, 20%-იანი კლება არ არის უჩვეულო. შესაბამისად, მოკლე დროზე გაწერილი ინვესტიცია, აპრიორი, მოგებიანი ვერ იქნება. კიდევ ერთი მაგალითი – 2020 წელს, პანდემიის გამო, საფონდო ბირჟებზე, 40%-ით დაიკლო აქციების ფასმა, მაგრამ რამდენიმე თვეში, ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიანი პერსპექტივა ბევრად უფრო გამართლებულია.

აქტივების განკარგვა

ახლა იმაზე ვისაუბროთ, სად დააბანდოთ და როგორ ფული, რომელიც, როგორც უკვე გავარკვიეთ, უმჯობესია, მინიმუმ, 5 წლის განმავლობაში არ გჭირდებოდეთ. ეს კონცეფცია ცნობილია როგორც აქტივების განკარგვა და რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებს. მაგალითად, ასაკსა და საინვესტიციო მიზნებს. თუ გიკვირთ, რა კავშირშია ერთმანეთთან ინვესტიცია და ინვესტორის წლოვანება, ახლავე აგიხსნით. ასაკში ნაკლებად მიმზიდველი ხდება თქვენთვის აქციებში ფულის დაბანდება. როცა ახალგაზრდა ხართ, მთელი 10 წელი გაქვთ, ბირჟაზე აღმასვლას და დაღმასვლას უყუროთ, მეტიც, პირადად იყოთ ჩართული ამ ყველაფერში.

110-ს გამოაკელით თქვენი ასაკი. მიღებული პასუხი ის მაჩვენებელი იქნება, საითაც უნდა გადაიხაროთ. ანუ, თუ, საშუალო და ნაკლები ასაკის ხართ, მეტი ფული ჩადეთ აქციებში, საპენსიო წლოვანების შემთხვევაში კი – ფიქსირებულ, მაღალშემოსავლიან ობლიგაციებში ან სხვა ფასიან ქაღალდებში. ვთქვათ, 40 წლის ხართ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინვესტიციების 70% აქციების, დანარჩენი 30% კი ფიქსირებული შემოსავლებისკენ უნდა მიმართოთ. მაგრამ, თუ პენსიაზე გასვლის შემდეგაც აპირებთ მუშაობას და რისკიც გიყვართ, შეგიძლიათ, ეს თანაფარდობა აქციების სასარგებლოდ გაზარდოთ.

ახლა ინვესტირებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება: საინვესტიციო ანგარიშის გახსნა. ფინანსისტების ენაზე, მას საბროკერო ანგარიში ჰქვია. დღეს, ამ მომსახურებას ბევრი საერთაშორისო, თუ ადგილობრივი კომპანიისგან მიიღებთ. თან, ძალიან სწრაფი და უმტკივნეულო პროცესია, სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და ამის გაკეთება ელექტრონულადაც შეგიძლიათ. პროცედურები კი ასეთია:

  • განსაზღვრეთ, რა ტიპის საბროკერო ანგარიში გჭირდებათ
  • შეადარეთ ანგარიშების ხარჯები, ღირებულება და სტიმულები
  • გაითვალისწინეთ, რომელი ანგარიში უფრო მარტივ მომსახურებასა და მეტად ხელსაყრელ პირობებს გთავაზობთ
  • შეავსეთ აპლიკაცია (მათ შორის „ონლაინ“) ანგარიშის შესაქმნელად
  • განათავსეთ თანხა ანგარიშზე და თქვენ უკვე მზად ხართ ინვესტირებისთვის

მოდით, ზემოხსენებული ანგარიშის ტიპებიც განვიხილოთ.

არსებობს ორი ძირითადი სახის ანგარიში, „ონლაინ“ საინვესტიციო პლატფორმა და ტრადიციული საბროკერო ანგარიში. ტრადიციული საბროკერო ანგარიშის გამოყენების დროს, გყავთ ბროკერი და თქვენს დავალებებს ინვესტიციების განხორციელებაზე უგზავნით მას. „ონლაინ“ საინვესტიციო პლატფორმის გამოყენების დროს კი თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ, შეხვიდეთ საინვესტიციო პორტალზე და თქვენით შეიძინოთ ნებისმიერი ფასიანი ქაღალდი, რომელიც საერთაშორისო ბირჟებზე ივაჭრება. ინვესტიციების განხორციელება საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი როგორც კომპიუტერიდან ასევე მობილურითაც კი. როგორც წესი, ტრადიციული საბროკერო მომსახურება შედარებით უფრო ძვირია, რადგანაც ამ დროს პირადი ბროკერი გემსახურებათ.

სად შეიძლება ჩადოთ ინვესტიცია?

  • აუცილებელია მრავალფეროვანი პორტფელი, მხოლოდ ერთ ბიზნესზე ნუ შეჩერდებით, საუკეთესო ვარიანტია, როდესაც საინვესტიციო პორტფელში ერთმანეთისგან განსხვავებული კომპანიების აქციები შედის
  • ინვესტიციები ისეთ ბიზნეს(ებ)ში ჩადეთ, რომელიც თავადაც გესმით და იმ მიმართულებებში, რომლებითაც ეს კომპანიები მუშაობენ, თავადაც კარგად ერკვევით. ასეთ დროს, საინვესტიციო ფინანსების მართვა და განკარგვა გაცილებით მარტივია
  • არ გაეკაროთ ისეთ აქციებს, რომელთა ფასებიც სწრაფად იცვლება, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ დამწყები იქნებით და ამ საქმეს კარგად არ შეისწავლით. სწრაფად მზარდი აქციების შესყიდვა შესაძლოა, მომხიბვლელად ჟღერდეს, მაგრამ მაინც თავის შეკავებას გირჩევდით, სანამ ამ საქმეში პროფესიონალი არ იქნებით
  • არ გირჩევთ იაფფასიანი აქციების შეძენას, ეს ვერც დიდ სარგებელს მოგიტანთ და მხოლოდ რისკი და ზედმეტი გარჯა „შეგრჩებათ“

განაგრძეთ ინვესტირება

როგორც უორენ ბაფეტი ამბობს, თქვენ არ გჭირდებათ ექსტრაორდინალური რაღაცების კეთება, რომ დიდ შედეგებს მიაღწიოთ. თავად ბაფეტი მხოლოდ ყველაზე წარმატებული გრძელვადიანი ინვესტორი კი არა, საინვესტიციო სტრატეგიაში, ბევრისთვის მისაბაძი და სამაგალითოა.

შეჯამების სახით, შეიძლება, ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გზა საფონდო ბირჟაზე ფულის საშოვნელად, დიდი კომპანიების აქციების ყიდვაა, მაშინ როდესაც ეს აქციები გაიაფებულია, ოღონდ, სანამ ეს ბიზნესი განვითარების პიკში იქნება, უმჯობესია ეს ფასიანი ქაღალდები არ გაყიდოთ. პერიოდულად, მათი ფასი, შესაძლოა, ცვალებადი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, გრძელ ვადაში, სტატისტიკურად, თქვენივე ინვესტიციიდან სერიოზულ ამონაგებს მიღების დიდი ალბათობა არსებობს.

 


ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანია ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის წარმოებას გაზრდის

Georgian biotech company to increase production of sustainable veterinary antibiotic alternative with EU and FAO support