18
Nov
2019

როგორ წამოვიდეთ საყვარელი სამსახურიდან?

18 Nov 2019

შესაძლოა, სამსახურში თავიდანვე გადაეშვით თავით ან თანდათან შეგიყვარდათ. ასეა თუ ისე, თქვენ გაქვთ ის, რაც ბევრისთვის უცხოა – საყვარელი სამსახური. თუმცა, წამოსვლას აპირებთ. როგორ ახსნით ამას? არა, სწორად გაგვიგეთ, სამსახური მართლაც ჩინებულია, ორგანიზაციაც… ანუ მიზეზი მათში კი არა, არამედ თქვენშია. არც წამოსვლის აზრი გაჩენილა მყისიერად. პირიქით, ამაზე კარგა ხანია ფიქრობთ. იმის მიუხედავად, რამდენად ინანებთ მომავალში, წამოსვლის დრო სწორედ ახლაა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წამოსვლის საკითხის განხილვისას, საკუთარ თავს უმეორებთ, რომ სჯობს ეს იქამდე გააკეთოთ, სანამ არჩევანი თქვენ ხელთაა, სანამ კვლავაც გაქვთ სხვა ვარიანტები. ჯერ კიდევ საკმარისად ახალგაზრდა ხართ საიმისოდ, რომ თავი კომფორტის ზონაში იგრძნოთ და მეტისმეტად კარგიც, რომ ვინმემ არასათანადოდ შეაფასოს თქვენი შესაძლებლობები. თანაც, არ უნდა იყოს თქვენთვის უცხო, რა მოსდით სხვებს – ერთ დღესაც, უცერემონიოდ რომ გაწევენ გვერდით, როგორც კი ახალ ტალანტს იპოვნიან. ან მათი სიყვარული თანდათან უმოქმედო თვითკმაყოფილებაში გადავა. არა, თქვენ ამის საშუალებას არ მისცემთ და ამ სიყვარულს ბოლოს მოუღებთ.

ეს ასეა, აღიარეთ. ზიგმუნდ ფროიდი ხშირად ამბობდა, რომ ბედნიერი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია გქონდეთ სიყვარულისა და მუშაობის საშუალება. დღესდღეობით, მიღებულია მოსაზრება, რომ მუშაობისთვის უნდა შეგეძლოთ სიყვარული. სამსახურისგან ჩვენ აღარ გვაკმაყოფილებს მხოლოდ პატივისცემა, უსაფრთხოება ან ფინანსები. გვჭირდება ლტოლვა, კმაყოფილება და სიახლეები. ერთი სიტყვით, ვეძებთ რომანტიკას.

ორგანიზაციები სერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს და ცდილობენ უკეთესი პირობები შექმნან, თანამშრომელთა გულის მოსაგებად. მათ კარგად ესმით, რომ ნიჭიერი თანამშრომლის მოსაზიდად მხოლოდ მატერიალური ფაქტორი საკმარისი აღარაა. თუკი თანამშრომელი თავს ერთიანი კომუნის ნაწილად იგრძნობს, მთებს შეძრავს.

მკვლევარები ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ, როგორ შეუძლია ორგანიზაციას თანამშრომლის გულის მოგება. ამას იდენტიფიკაციას უწოდებენ. ჩვენ გვიყვარდება ორგანიზაცია, რომელიც აფასებს ჩვენს ძალისხმევას და გარდა კარგი სამუშაო პირობებისა, გვეხმარება განვითარებაში.

როდესაც ჩვენ “იდენტიფიცირებას” ვახერხებთ, ჩვენ ვერწყმებით ჩვენს სამუშაოს. ვიწყებთ ფიქრს ორგანიზაციული ღირებულებების შესაბამისად. თუკი კომპანია ღიაა, მტკიცე და ინტელექტუალური, თანამშრომელიც ამ სიხშირეზე გადადის. როდესაც ორგანიზაცია ბრწყინავს, ეს მის თანამშრომელზეც აისახება. ასევე აისახება ნეგატივი.

ამ ყველაფრის ფონზე, არაა გასაკვირი, რომ სამსახურზე ფიქრს ვერ ვწყვეტთ და ზოგჯერ ეს გვაგიჟებს კიდეც. ასეთია ჩვენი ლოიალობა სამსახურის მიმართ. ეს მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერია, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, თანამშრომლებს ხშირად ესაჭიროებათ ხოლმე ფსიქოთერაპია. ესაა იჭვნეულობა, დანაშაულის გრძნობა და შიში: იქნებ, მოუთმენლად მოვიქეცი? გავუმკლავდები ახლანდელ სიტუაციას? ვიპოვი რაიმე ისეთს, სადაც ასე კარგად ვიგრძნობ თავს? ვინ ვიქნები ამის შემდეგ?

ზოგჯერ, ეს შეკითხვები იმის ნიშანია, რომ ჩვენს სამსახურებთან გამქრქალი რომანტიკა გვაკავშირებს. ზოგჯერ ეს რომანტიკა სამსახურის მიმართ მოწიფულ სიყვარულში გადადის. ასეა თუ ისე, აუცილებელია გააცნობიეროთ, რატომ ტოვებთ სამსახურს.

როგორ ამოიცნოთ დისფუნქციური რომანტიზმი? გასცემთ ბევრს, ვერ იღებთ იმას, რაც გჭირდებათ და მეტიც, გაქვთ შეგრძნება, რომ ეს თქვენი ბრალია. განშორება რთულ ემოციებს აღძრავს, იმის მიუხედავად, რომ გულში წყენა გაქვთ დაგროვილი. გინდათ წახვიდეთ, მაგრამ გრძნობთ, რომ ამის ფუფუნება არ გაქვთ და გულწრფელად რომ ვთქვათ, ამის წარმოდგენაც არ გინდათ.

თქვენი მიჯაჭვულობა სამსახურის მიმართ, სასიყვარულო ურთიერთობას ხომ არ ჰგავს? მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ ტოქსიკური ურთიერთობაა, მაგრამ როგორ უნდა გამოხვიდეთ ამ ურთიერთობიდან? უნდა შეწყვიტოთ ახლავე. რაც მალე, მით უკეთესი. ჩაანაცვლეთ სხვა რამით – სხვა სამსახურით, სამეგობროთი… ეს ჭრილობა ბევრად მალე შეგიხორცდებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. როგორც კი გაიაზრებთ, რომ ასე უკეთესია, გულზე მოგეშვებათ და თავისუფლებას იგრძნობთ.

თუკი უკვე გაქვთ ალტერნატივა – მიმზიდველი შეთავაზება და გარემოცვის მხარდაჭერა და მაინც უკან იხევთ, სხვა გზაც განიხილეთ. შესაძლოა, შესაძლოა, საკუთარი საქმის სიყვარულსა და სამსახურს ერთმანეთში ურევდეთ. რასაკვირველია, კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ წამოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებთ. იფიქრეთ, რისი გაშვება გჭირდებათ და რას ვერ მოიტოვებთ უკან. შემდეგ, ჩამოიხსენით, გამოიტირეთ ყოფილი სამსახური და განაგრძეთ გზა.

სამსახურიდან წამოსვლა არის ის, რაც გაყალიბებთ, ნებისმიერ შემთხვევაში. მისგან თავის დაღწევა არც ისე მარტივია ემოციურად. თუმცა, მოიკრიბეთ ძალა, გამონახეთ დრო და დაემშვიდობეთ იმ ადამიანებს და სამუშაო სივრცეს, სადაც გაატარეთ თქვენი კარიერის გარკვეული პერიოდი. დამშვიდობება სევდიანი იქნება და შეიძლება იფიქროთ, რომ შეცდომას უშვებთ. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ იქნებ, სწორად იქცევით?

უჩვეულო რჩევაა, მაგრამ დატკბით ამ დანაკარგით. ის კვლავაც დაგჭირდებათ. სამსახურში წინსვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოვალეობის შესრულება. ერთი მეორის გარეშე, არ არსებობს. და ამას სამსახურის სიყვარული ვერ უშველის. უნდა ვისწავლოთ მისი დატოვება. დამშვიდობებისას, გახსოვდეთ, რომ სამსახურიდან წამოსვლისას წამოიღეთ ყველა საჭირო რამ. უკან არაფერი მოიტოვოთ.

სამსახურიდან წამოსულს, თქვენ მოგაქვთ ის ღირებულებები და უნარები, რაც იქ ისწავლეთ. სწორედ ესაა თქვენი მონაპოვარი. ბევრი ადამიანი აფასებს ორგანიზაციაში გატარებულ დროს და იმ ღირებულებებს, რაც იქ შეისისხლხორცა. ისინი ორგანიზაციის მიმართ ლოიალურები რჩებიან იმის მიუხედავად, რომ სხვა ორგანიზაციაში მუშაობენ.

ზოგჯერ, სამსახურიდან იმიტომ მიდიან, რომ თავიანთი საყვარელი საქმის უკეთ კეთება შეძლონ. იმისათვის, რომ ნამდვილად მიხვდე, რა გიყვარს და რა გამოგდის, არ გჭირდება სამსახური ან ორგანიზაცია – გჭირდება საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. როგორც კი ამას შევძლებთ, საქმეს სიყვარულითა და ხალისით მოვეკიდებით. და ბოლოს, ღირს კი ამდენ ღელვად? ეს ხომ თქვენი კარიერული გზაა. ეს უბრალოდ ცხოვების მომდევნო ეტაპია, რომელიც გელით და ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. ამიტომ ღირს გარისკოთ, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და ახალი კომფორტის ზონა შექმნათ, კარიერის უფრო მაღალ ეტაპზე.

 

წყარო: HBR



განხილვა