6
Jan
2020

გახსოვდეს! „არას“ თქმით შენ „კის“ ამბობ იმაზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია

6 Jan 2020

განსხვავების მიზეზი მშვიდ და პროდუქტიულ ცხოვრებასა და სტრესულ და ბრაზით სავსე ცხოვრებას შორის ერთი შეხედვით, უბრალო უნარის დახმარებით მიიღწევა: ცოდნა, როგორ თქვა „არა“.

pasha-statiebi
pasha-statiebi

არას თქმა წყვეტს, როგორი გრაფიკი გექნება. არა განსაზღვრავს, ძალიან ბევრი საქმე გექნება, თუ სამუშაო დღის ადეკვატური, საგიჟეთში იმუშავებ, თუ დედლაინამდე სტრესის გარეშე.

თუმცა კი, არას თქმა არც ისეთი სასიამოვნო შეიძლება, იყოს. არას თქმის დროს, შესაძლოა, თავი არაკომფორტულად იგრძნო იმიტომ, რომ არ გინდა, ადამიანებს აწყენინო, ან კიდევ ვინმეს აფიქრებინო, რომ გადატვირთულ სამუშაოს ვერ გაუმკლავდები. ან სულაც, თავად იფიქრო, რომ ამ დროს ტოვებ აწმყო ან მომავალ შესაძლებლობას. 

მაგრამ სიმართლე არის ის, რომ როცა არასდროს ამბობ არას, რეალურად, იმ შედეგების ალბათობას ზრდი, რომლისაც გეშინია.

რამდენად შესაფერის დროს ამბობ არას? – ქოუჩი ელიზაბეთ გრეის სონდერსი ამბობს, რომ ხშირად უწევს კლიენტებისთვის იმის სწავლება, რომ საზღვრები დააწესონ და თხოვნები არ შეასრულონ მაშინ, როცა საჭიროა.

ქვემოთ რამდენიმე სტრატეგიაა ჩამოთვლილი, რომელიც არას თქმას გაგიმარტივებს: 

ვალდებულებები
ჰკითხე საკუთარ თავს: „არის კი ეს ჩემი დროის სწორი ინვესტიცია?“ – შენი გრაფიკის გათვალისწინებით, ძალიან მარტივი იქნება იმის გარკვევა, დამატებით რამის შესრულება შეგიძლია, თუ არა. 

მაგალითად, ვთქვათ, სხდომაზე მოხალისეობა გთხოვეს. ეს კარგი ინიციატივაა, მაგრამ შენს პერსონალურ მისწრაფებებთან ან შენს პროფესიული განვითარების მიზნებთან დაკავშირებული არაა. არადა, ამ ინიციატივაში ჩართვა მოითხოვს, სულ ცოტა, სამიდან ხუთ საათამდე დამატებით სამუშაოს ყოველთვე, რომელიც წელიწადში 36-60 საათს უდრის. შენ მიერ ამ წინადადების ზრდილობიანი უარყოფა იქნებოდა ასე:  

„მადლობა შემოთავაზებისთვის, რომ ამ სხდომის ნაწილი ვიყო. ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ უარის თქმა მიწევს იმიტომ, რომ მიმდინარე საქმეებიდან გამომდინარე, ვერაფრით შევძლებ დამატებით რაიმე ინიციატივაში ჩართვას. მადლობა გაგებისთვის“.

ან, წარმოიდგინე სიტუაცია, სადაც გთხოვეს, რომ დაესწრო შეხვედრას, რომელზეც თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ არ იყო. და უფრო მეტიც, შენი გუნდიდან სხვა ვინე უფრო შესაფერისი აღმოჩნდა ამ შეხვედრისთვის. შეხვედრაზე მოპატიჟებას გააუქმებ და იტყვი:

„მოწვევა ვნახე. ვაფასებ იმას, რაც ხდება. ამჯერად, ჯერი წარმოადგენს ჩვენს გუნდს. ვიცი, რომ თავს კარგად გაართმევს და გარდა ამისა, დამატებით რამის ცოდნა თუ დაგვჭირდება, მოგმართავთ“.

ანდაც, დაგპატიჟეს ლანჩზე იმ ადამიანებმა, ვისაც ხშირად ხვდები ხოლმე. არადა, პროექტზე გაქვს სამუშაო, ან სავარჯიშოდ გინდა წასვლა, ან უბრალოდ, ყველასგან დასვენება გინდა. ასეთ შემთხვევაში შეგიძლია, თქვა: 

„დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ სხვა ვალდებულებები მაქვს შესასრულებელი“. 

არას თქმამ იმ ვალდებულებებზე, რომელიც შენს პრიორიტეტებს არ შეესაბამება, შეიძლება, პატარა დისკომფორტი გაგრძნობინოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, შენს დროს დაზოგავ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც მოუფრთხილდები.

სხვაზე ორიენტირებული ქცევა
ბევრ ადამიანს დაკისრებულ მოვალეობებში იმაზე მეტი დავალება უწერია, ვიდრე მისი შესრულებაა მოცემულ დროში შესაძლებელი. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც ცდილობენ, რომ ყველას დაეხმარონ იქამდე, სანამ თავიანთ საკუთარ სამუშაოს მიხედავენ. ამ წრის გასარღვევად, დროა, თქვა არა!

მაგალითად, როცა ვინმე გთხოვს, რომ გააკეთო რაღაც, რაც შენი საქმე არაა, ძალიან ბუნებრივია, რომ თხოვნაზე შენი უკუკავშირი იყოს – არა. მაგრამ თუ ამ დრომდე ყოველთვის კის ამბობდი, მოგიწევს, ადამიანები ყველაფრის შენთვის თხოვნას გადააჩვიო. ერთ დღესაც, ისინი ამას ისწავლიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენი პასუხი ასე გაიჟღერებს:

„ამ სფეროში ექსპერტი არ ვარ. სიამოვნებით მოგცემ შერილის საკონტაქტო ნომერს და დარწმუნებული ვარ, ის ბედნიერი იქნება, შენ თუ დაგეხმარება“. „მე ვფიქრობ, ტიმს, ჩვენს სტაჟიორს შეუძლია, რომ ხვალინდელი შევხედრისთვის ლანჩი შეუკვეთოს. თხოვნას მასთან გადავამისამართებ“.

„როგორც წესი, შეხვედრის ორგანიზატორი წერს ანგარიშს პრეზენტაციისთვის“.

როცა გთხოვენ, რომ აიღო პროექტი, რომელიც არჩევითია და შენ ისედაც ბევრი საქმე გაქვს, ასევე ზრდილობიანი უარი იქნება:

„ეს ჟღერს ძალიან საინტერესო ინიციატივად. სამწუხაროდ, მე იმდენი საქმე მაქვს, რომ ამის შესრულებას მხოლოდ რამდენიმე კვირის/თვის შემდეგ შევძლებ. და რადგან შენთვის ეს ასე მნიშვნელოვანია, ალბათ, საუკეთესო იქნებოდა, რომ პროექტი იმისთვის მიგეცა, ვინც მეტ დროსა და ყურადღებას დაუთმობდა“. 

როცა შეხვედრაზე ხარ და თანამშრომლები სხვადასხვა დავალების შესრულებაზე საუბრობენ, მაგრამ შენ მათი დახმარების დრო არ გაქვს, როდესაც იკითხავენ, ვინ გააკეთებს, ნურაფერს იტყვი. ნუ იქნები მოხალისე. ხომ გქონია კითხვა „რამდენჯერ უნდა ვიყო მოხალისე?“ – ხოდა, ნუ შესთავაზებ დახმარებას, თუ ამის რესურსი არ გაქვს. და შენი დუმილი იქნება არას თქმის საუკეთესო გზა.

დედლაინი
არსებობს რაღაც დავალებები, რომელთა შესრულებასაც მაშინვე გთხოვენ, თუმცა ასეთ შემთხვევებში იმის გარკვევაა საჭირო, რამდენად ადეკვატური დროა მოცემული?! წამოჭერი ალტერნატიული დედლაინის საკითხი. ერთი ან თუნდაც, ორი დღის ცვლილება ოფისში გვიანობამდე დარჩენას აგარიდებს და დამატებით სტრესსაც:

„სიამოვნებით დაგეხმარებით, მაგრამ დღეს, ჩემი დრო მთლიანად დაჯავშნილია სხვადასხვა ვალდებულებით, მათ შორის, ბოსთან, კლიენტებთან და ა.შ. ამას დაგიბრუნებთ პარასკევს“. 

ასეთმა პასუხმა ადამიანები შეიძლება, გააღიზიანოს და გაანაწყენოს. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამას საკუთარი თავისთვის კარგის მეტი არაფერი მოაქვს.

დააწესე საზღვრები. ამის კარგი საშუალება სამსახურის ტელეფონის გვერდზე გადადებაა, არასამუშაო საათებში და მეილზე პასუხის არგაცემა. მაგრამ თუ პასუხი აუცილებლად უნდა გასცე, გააგზავნე ასეთი შეტყობინება: 

„გამარჯობა, ჯო! მინდოდა, გცოდნოდა, რომ ელექტრონული ფოსტა მივიღე. როცა ოფისში დავბრუნდები, პირველ რიგში, შენს თხოვნას გადავხედავ“.

თუ დიდ პროექტზე მუშაობას შემოგთავაზებენ, რომელიც შენთვისაც საინტერესოა, მაგრამ ინიცირებული დედლაინი შენს მიმდინარე პასუხისმგებლობებთან შესაბამისობაში ვერ მოდის, შეგიძლია, საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა ადამიანთან მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო. თუ სიტუაცია ბოსის ჩართვას მოითხოვს, შეგიძლია, აუხსნა შენი განსხვავებული პრიორიტეტები და სთხოვო, მიმართულება მოგცეს, რაზე ფოკუსირდე. პროექტი ვინც შემოგთავაზა, შეგიძლია, პირდაპირ მას აუხსნა შენი სიტუაცია და დედლაინის გადავადებაზე ესაუბრო. მაგრამ თუ სიტუაცია მოითხოვს იმ ადამიანთან საუბარს, ვისთანაც ავტორიტეტი არ გაქვს, რომ დედლაინი შენს საქმიანობას მოერგოს, ამ შემთხვევაშიც, შეგიძლია, ამ დიალოგში ბოსი ჩართო და დასასრულ, ფრაზა უნდა ჟღერდეს, რაღაც ასე:

„გავიგე, რომ პროექტის დასრულება თვის ბოლოსთვის გინდათ. თუმცა, სხვა, მიმდინარე პროექტებთან ერთად, შეუძლებელი იქნება ეს. მინდა, შემოგთავაზოთ, რომ დედლაინი მომდევნო თვის შუა რიცხვებამდე გადავწიოთ. თქვენთვის მისაღებია?“

არას თქმა მარტივი არაა. მაგრამ ღირს. და ერთ-ერთი მთავარი წესი არას თქმის დროს არის სისწრაფე – რამდენად სხარტია შენი უარი შემოთავაზე. ნუ გადადებ. თქვი მაშინვე. ასე უფრო უმტკივნეულოა.

და კიდევ, იყავი თავდაჯერებული. ბოდიშის ტონს ნუ მისცემ ამ ყველაფერს. თქვი, რაც გჭირდება, რომ თქვა და შემდეგ გააგრძელე. გახსოვდეს, არას თქმით შენ ამბობ კის იმაზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია მოცემულ დროში.

წყარო: HBR



განხილვა