6
Feb
2019

როგორ ვთქვათ “არა” დანაშაულის გრძნობის გარეშე

6 Feb 2019

ადამიანები ხშირად ითხოვენ დახმარებას – როგორ და რა ფორმით ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა, ხშირად ხდება ისეც, რომ სხვებს ჩვენი რესურსის გამოყენება სწორედ მაშინ უნდებათ, როდესაც ჩვენც ძალიან გვჭირდება იგი. სწორედ ამ მომენტში ვიწყებთ მერყეობას, ვთქვათ თუ არა ის, რაც ასე ძალიან გვინდა, ანუ – უარი. ამ შემთხვევაში გვებადება იმის შიში, რომ ხალხს აღარ მოვეწონებით და თუკი მათ  დახმარებაზე უარს ვიტყვით, სხვების თვალში ცუდ შთაბეჭდილებას დავტოვებთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

სანამ ამ ფიქრებში ხართ, უნდა იცოდეთ ისიც, რომ “არას” თქმისთვის მნიშვნელოვანი უნარია საჭირო, თანაც – საკმაოდ ეფექტური. სხვების დახმარება საერთოდაც არაა ცუდი, პირიქით – აუცილებელიც კია, თუმცა, თუკი ეს სიტუაცია თქვენი შრომის ნაყოფიერებასა და ზოგადად თქვენს საქმიანობაზე მოქმედებს, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ უარის თქმის ტექნიკას უნდა დაეუფლოთ.

გიზიარებთ გზებს, იმისათვის, რომ “არას” თქმა თავაზიანად შეძლოთ:

მოიხადეთ ბოდიში, თქვით სიმართლე და გააკეთეთ ყოველივე ეს თავის დროზე

უარი იმ მომენტშივე უნდა თქვათ, რა მომენტშიც უკვე იცით, რომ სხვის დახმარებას ვერ შეძლებთ. პირველ რიგში, რაც გჭირდებათ, არის ბოდიშის მოხდა. ბოდიშს კი მოაყოლეთ ის, თუ რატომ ვერ შეძლებთ მის წინადადებაზე დათანხმებას. (მაგ: “დიდი ბოდიში, დღეს თავს სუსტად ვგრძნობ და არ მგონია, ამ საქმის გაკეთება შევძლო.”) ასეთ შემთხვევაში, დახმარების მთხოვნელი გულნატკენი არ დარჩება და არც თუ ისე ცუდად გაახსენდება თქვენი უარი.

ახსენით, რა შეგიძლიათ მაშინ, როდესაც ვერ ახერხებთ დახმარებას

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ ური თავის წიგნში : “The Power of a Positive No: How to Say No and Still Get to Yes” განიხილავს უარის თქმის ბრწყინვალე ვარიანტს “კი-არა-კი” პრინციპს, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერ შემთხვევაში, სოციალური სიტუაციიდან დაწყებული მნიშვნელოვანი შეთანხმებებით დამთავრებული. ეს პრინციპი მოიცავს 3 ნაწილს:

  1. უთხრათ “კი” თქვენს თავსა და თქვენს პრიორიტეტებს
  2. თქვათ “არა” იმგვარად, რომ ნათლად იყოს თქვენი უარი გამოხატული
  3. უთხრათ “კი” დახმარების მთხოვნელს მომავალ ურთიერთობასა და პრობლემის გადაჭრის სხვა გზის ძიებაზე

მაგალითად, განვიხილოთ ამგვარი შემთხვევა: თქვენს ნაცნობს იმ კომპანიაში სურს მუშაობის დაწყება, სადაც თქვენ მუშაობთ და გთხოვთ, რომ HR-თან კარგად ისაუბროთ მასზე მანამ, სანამ თქვენს მეგობარს გასაუბრებაზე დაიბარებენ. თქვენ ამ დროს თავს უხერხულად გრძნობთ და, მიუხედავად იმისა, რომ საქმე მეგობარს ეხება, ნამდვილად არ ხართ ამის გაკეთების ხასიათზე. ასეთ დროს სწორი იქნება, თუ ეტყვით შემდეგ სიტყვებს: “ძალიან მიხარია, თუ ჩვენს კომპანიაში მუშაობას დაიწყებ, თუმცა, მე არ ვკონტაქტობ HR-თან და უმჯობესი იქნება, იმ ადამიანთან დაგაკავშირო, ვისაც ამ საქმის გაკეთება შეუძლია.”

გადაამისამართეთ სხვა რესურსებთან

როდესაც ვინმე თქვენთან დახმარების სათხოვნელად მოვა, პირველ რიგში კარგად გაარკვიეთ, რა სურთ მათ. იქნებ ასეთ შემთხვევაში დახმარებაზე თახმობად ჩაითვალოს სხვა რესურსებთან გადამისამართება? ამის კარგი მაგალითია წიგნი ან ბლოგ-პოსტი, თუკი მათში ზუსტად ის წერია, რაც მათ აინტერესებთ.

პოზიტიური “არა-ს” თქმა ხელოვნებაა. მისი თქმისთვის აუცილებელია საჭირო უნარების განვითარება. თუკი ამ ტექნიკას დაეუფლებით, უარის თქმის დროს დანაშაულის გრძნობა და შიში აღარ შეგაწუხებთ.

წყარო: Inc



განხილვა