11
Nov
2019

როგორ ვისაუბროთ საქმიან შეხვედრებზე

11 Nov 2019

ელისონ შაპირა, რომელიც Harvard Kennedy-ს სკოლაში კომუნიკაციის ხელოვნებას ასწავლის და ასევე, Global Public Speaking-ის დამფუძნებელია, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ბოლო დროს, ერთ-ერთი ფინანსური სერვისების კომპანიაში, ჯგუფის ხელმძღვანელებთან ერთი თვე გავატარე იმისთვის, რომ გამეგო, რა საჭიროების წინაშე დგებიან ისინი მას შემდეგ, რაც ლიდერულ პოზიციას იკავებენ და ისევ და ისევ, სულ ერთსა და იმავეს ვისმენ: „თუ შეხვედრაზე ხარ, ბუნებრივია, რომ შენგან რაიმეს თქმას ელიან. ნურავის დაელოდები, რომ რამე გკითხოს“.

ბევრ ორგანიზაციაში თანამშრომლის მზაობა ლიდერობისთვის იზომება სურვილით, უნდა, თუ არა შეხვედრებზე სიტყვით გამოსვლა. იმას, თუ რას ვიტყვით და როგორ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს კარიერულ ტრაექტორიაზე. ამის შესაძლებლობა კი, ყოველდღე თუ არა, კვირაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც გვეძლევა.

ქვემოთ მოცემულია სამ-სამი სტრატეგია, როგორ ვისაუბროთ ეფექტურად და ასევე, როდის შევიკავოთ თავი სიტყვით გამოსვლისგან:

სტრატეგიები ეფექტური საუბრისთვის

  • წინასწარ მოემზადე: ერთ სენიორ აღმასრულებელთან ვმუშაობდი, რომლისთვისაც სიტყვით გამოსვლა ძალიან დიდ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. იმისთვის, რომ შიში გადაელახა, საკუთარ თავს გამოწვევა მოუწყო – ყველა შეხვედრაზე მომზადებული მიდიოდა ან კომენტარებით ან შეკითხვებით. დღეს, ეს ადამიანი ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი თანამშრომელია და ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე თავდაჯერებულ და საინტერესო სპიკერად მიიჩნევა. ნუ დაელოდები რომელიმე კონკრეტულ დღეს, რომ ვინმემ ან რამემ შთაგაგონოს ხმის ამოღება; საწყის ეტაპზე დაიწყე წინასწარ მომზადებით;
  • იკითხე, „რატომ შენ?“ – ამ კითხვის დასმას რეკომენდაციას ვუწევ მაშინ, როცა უბრალოდ, პრეზენტაციას ამზადებ, შეხვედრაზე შედიხარ, თუ ღონისძიებისთვის ემზადები. კიდევ ერთხელ გაიაზრე, რა როლი გაქვს ორგანიზაციაში და რა შეიძლება შეხვედრაზე შენმა ჩართულობამ შეცვალოს. ამით კი, გადაამოწმებ, რომ შენი საუბარი რეალურ მიზანს ემსახურება და არა უბრალოდ, იმის დემონსტრირებას, რომ შეხვედრას შენც ესწრები. ესაა ზუსტად შემხსენებელი კითხვა, რომ თანამშრომლებისა და კოლეგების ნდობა არ გამომდინარეობს სტატუსისა და წლების გამოცდილებიდან, ეს უნდა დაიმსახურო ვალდებულების შეგრძნებიდან და იმ ვნებიდან, რომელიც საქმეს გაკეთებინებს.
  • შეისვენე, ამოისუნთქე, იყავი თავდაჯერებული. შეხვედრაზე საუბარს გამბედაობა სჭირდება. და მით უფრო, თუ იმას გაიაზრებ, რომ შენ მიერ წამოჭრილმა თემამ, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს განსახილველი თემის ტრაექტორია, კიდევ უფრო უკეთ მიხვდები, რამხელა ძალა გაქვს. პატარა პაუზა თავდაჯერებულობის მოკრებაში დაგეხმარება. და ამ დროს, შეგიძლია, იფიქრო, რომ ოთახში, ზუსტად იგივე კითხვა, შენ გარდა, სხვასაც აქვს და ვალდებული ხარ, მის ნაცვლადაც იკითხო.

ნათქვამია, რომ ხანდახან ადამიანს, რომელიც შეხვედრაზე ყველაზე ცოტას საუბრობს, მის სიტყვას ყველაზე მეტი წონა აქვს. თუმცა ეფექტური საუბრისთვის სტრატეგია ზუსტად იმას ნიშნავს, რომ მიხვდე, როდის ისაუბრო, რა თქვა და როდის ამჯობინო ჩუმად ყოფნა.

თავშეკავება აზრის დაფიქსირებისგან

  • თუ მხოლოდ იმას ცდილობ, რომ გამოჩნდე. ყველას გვქონია ისეთ შეხვედრაზე ან კონფერენციაზე ყოფნის გამოცდილება, სადაც ადამიანების უსაგნო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ თავის გამოჩენას ემსახურება.  სწორედ მაშინ, სანამ რაიმეს იტყვი, დაფიქრდი, რატომ გინდა სიტყვით გამოსვლა. იქნებ, ჯობდეს, გაჩუმდე და ასპარეზი სხვას დაუთმო…
  • თუ გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნავ. სკოლას რომ ვამთავრებდი, მითხრეს, რომ კლასში ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი. რატომ იყო ეს პრობლემა? – კლასელმა მითხრა: „შენ სხვებისთვის საყრდენივით იქეცი. კლასელებს აღარ უწევთ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვაზე ფიქრი იმიტომ, რომ შენ მაშინვე შეგიძლია პასუხის წამოძახება. ხანდახან ლიდერობა სხვებისთვის საშუალების მიცემაა, რომ ამოცანის გადაჭრის გზა თავადვე მოიფიქრონ“. ეს აზრი ძალიან ღრმად ჩამებეჭდა გონებაში და 10 წლის შემდეგ, ჩემს კარიერაზე პოზიტიურად აისახა. შეხვედრაზე გუნდის წევრებს საშუალებას ვაძლევ, რომ კლიენტებთან თავადვე მოიპოვონ ნდობა. ისაუბრონ, იურთიერთონ და ლიდერული უნარები განივითარონ.
  • თუ სიტუაცია ასე მოითხოვს. ხელმძღვანელები ჩემთან მოდიან ანგარიშებით: „თანამშრომლებს სჭირდებათ, რომ შეხვედრებზე ერთი ერთზე დარჩენის შესაძლებლობა მისცენ“. ძალიან დიდი ნდობა სჭირდება თანამშრომლისთვის ამ თავისუფლების მიცემას, თუმცა, შესაძლოა, ხელმძღვანელის მხრიდან, საუკეთესო კომენტარი ორი ადამიანის პირისპირ დატოვებას გულისხმობდეს, ან ელექტრონულ შეტყობინებაში „ყველას პასუხის“ ნაცვლად, მხოლოდ ერთ ადამიანთან დიალოგს არჩევდეს.

შეხვედრაზე აზრის გამოთქმა  ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომ შენი ხილვადობა გაიზარდოს და კლიენტებსა და თანამშრომლებთან ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას დაუდო საფუძველი. შეგიძლია, ეს სტრატეგიული ვარჯიშები გააკეთო და თავადვე მოიპოვო გავლენა საკუთარ კარიერასა და ბიზნესზე.

წყარო: HBR



განხილვა